03 იანვარი, 2018
იმ მამაკაცის წერილი, რომელიც ცოლის მშობიარობას დაესწრო - ამას ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავთ
"ავდივართ სამშობიაროს მეხუთე სართულზე... სამშობიარო განყოფილება... წმიდათაწმიდა ადგილი... ადგილი, სადაც უბრალო მოკვდავი მამაკაცი იშვიათად ადგამს ფეხს!

ცალკე პალატა გამოგვიყვეს... მოვეწყვეთ... მეზობელი პალატებიდან მშობიარეთა კვნესა, ყვირილი, ტირილი ისმის... და უცებ ვხვდები სადაც მოვხვდი და ახლა რა იქნება!

ჩემს ცოლს წვეთოვანი დაუდგეს... ნემსს რაღაც მოუვიდა... დერეფანში გამოვრბივარ და ჩემი მამაკაცური ხმით მთელი ძალით ვყვირი - „ექთანოოოო“... ყველა მშობიარე წუთით მიყუჩდა... მერე კი ორს ერთდროულად სასწრაფოდ მშობიარობა დაეწყო (მე კი მადლობა გამომიცხადეს).

დილის 5 საათიდან დღის პირველ საათამდე
არც სიგარეტი, არც ტუალეტი, ცოლს წუთითაც ვერ ვტოვებ... გავის ძვალს ვუზელ... ექიმებს ეუბნება, რომ სასწრაფოდ ამშობიარონ, რადგან საღამოს 6 საათზე შინ მაცივარი უნდა მოგვიტანონ...

დღის პირველი საათისთვის უკვე ისეთი ქანცგაწყვეტილი ვარ, თითქოს ერთი ეშელონი დასვრილი პამპერსები გადმომეტვირთოს. როცა ჩემი ცოლი პალატიდან სამშობიარო მაგიდაზე (თუ სკამზე) გადაჰყავდათ, მინდოდა გავმქრალიყავი... მიწას ჩავეტანე... გონება დამკარგოდა... მაგრამ გონებას წუთითაც არ უნდოდა ჩემი დატოვება!

გაიჭინთე!.. ო, ღმერთო, ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?... ვიჭინთები ცოლთან ერთად... ლოყებზე კაპილარები მისკდება... თვალები მიწითლდება... (კიდევ ცოტაც და ცოლთან ერთად მეც „ვიმშობიარებდი“, ოღონდ ჩემი მშობიარობის ნაყოფი სრულიად სხვანაირი იქნებოდა... ბოლო გაჭინთვა და არაადამიანური ყვირილი... სიჩუმე (რამდენიმე წამი გავიდა, მაგრამ მეჩვენება, რომ საათები გადის... ვგრძნობ, როგორ მითეთრდება თმა)... და ჩვენმა პატარა საოცრებამ თავისი მშვენიერი და ყველაზე გულწრფელი ტირილით ამცნო მთელ კაცობრიობას, რომ ამ ქვეყანას მოევლინა... ის მზადაა სიცოცხლისთვის და არავინ აინტერესებს ირგვლივ დედიკოსა და მამიკოს გარდა.

მეუბნებიან, რომ გოგონა შეგვეძინა... ვდგავარ და ვტირი, ცრემლებს არ ვმალავ... ირგვლივ ყველა პატივისცემით მიყურებს... მილოცავენ... ვდგავარ... ცრემლები ცხვირიდან გამონადენს ერევა, სახე მოსვრილი მაქვს... ძვირფასო ქალბატონებო... გმადლობთ!.."

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS