29 დეკემბერი, 2017
ვინ იყვნენ პირველი ტერორისტი ქალები
ტერორისტული აქტების დაგეგმვისას, ტერორისტები, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურ ეფექტზე აკეთებენ ფსონს და ის გაცილებით მაღალია, როცა თვითმკვლელი ქალია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ბოლო დროს ქალები სულ უფრო ხშირად გამოდიან კამიკაძეების როლში. ამასთან, ქალებისთვის გაცილებით ადვილია ხალხმრავალ ადგილებში შეღწევა.
ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ქალი კამიკაძეები რაიმე სახით ხელს უწყობენ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. მათ საბრძოლო პირობებში „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ და ხშირად გმირებად აცხადებენ. მშვიდობიან დროს კი ამ ქალების სტატუსი მათ საზოგადოებაში არ იცვლება.

ცნობილმა ამერიკელმა
მწერალმა და პუბლიცისტმა, ფემინიზმის მგზნებარე მომხრემ ელიზაბეტ დონელიმ ქალი-კამიკაძეების შესახებ განაცხადა: „ეს არის ნაბიჯი უკან ფემინიზმის გზაზე და ნაბიჯი წინ არაადამიანობისკენ“.
სად იღებს სათავეს ქალთა ტერორიზმი და ვინ იყვნენ ისინი, პირველი ტერორისტი ქალები.

სოფია პეროვსკაია (1853-1881)

ტერორისტული აქტების პირველი ორგანიზატორი ქალი, სოფია პეროვსკაია, მდიდარი თავადური ოჯახიდან იყო. კარგი განათლება მიიღო, მასწავლებლად და ფელდშარად მუშაობდა. რამდენჯერმე დააპატიმრეს, გადაასახლეს კიდეც, მაგრამ გადასახლებიდან გაქცევა მოახერხა. იყო პარტია „მიწა და თავისუფლების“ ორგანიზატორი და აქტიური პროპაგანდისტი. პირადად მონაწილეობდა მეფე ალექსანდრე მეორის წინააღმდეგ ორგანიზებულ სამ თავდასხმაში, რომელთა შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. მეფეზე უკანასკნელი თავდასხმა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, სწორედ ამ წარმატებული თავდასხმის შემდეგ სოფია დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს.

ვერა ზასულიჩი (1849-1919)
მიიღო პედაგოგიური განათლება. რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. თავს დაესხა ქალაქისთავს, რომლის ბრძანებითაც გაროზგეს დაპატიმრებული რევოლუციონერი. სასამართლომ ვერა ზასულიჩი გაამართლა, ეს გადაწყვეტილება ერთხმად მოიწონა ლიბერალურმა საზოგადოებამ. მოგვიანებით, ვერა ზასულიჩი ტერორისტულ საქმიანობას ჩამოშორდა.

ფაინი კაპლანი (1887-1919)
პირველი ქალი-ბოევიკი, რომელმაც წარმატებით განახორციელა სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმა. დაიბადა მდიდარ ოჯახში. ახალგაზრდობაში ანარქისტებს მიემხრო. მრავალი წელი გაატარა პატიმრობაში, სადაც თითქმის დაკარგა მხედველობა. ოქტომბრის გადატრიალების გამარჯვების შემდეგ, მემარცხენე ესერებს მიემხრო. თავს დაესხა ვლადიმირ ლენინს და დაჭრა რევოლუციის ბელადი. კაპლანი დახვრიტეს.


ლაილა ჰაიფე
პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავი გაიტაცა. დაიბადა ჰაიფეში (ისრაელი), ღარიბ ოჯახში (დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია), ბავშვობა და მოზარდობა ლიბანის პოლიტიკურ ბანაკებში გაატარა. 15 წლისა პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტს მიემხრო. 1968 წელს მონაწილეობდა კომპანია TWA-ს სამგზავრო ლაინერის გატაცებაში. თვითმფრინავი რომიდან თელ-ავივში მიფრინავდა. გამტაცებლებმა მფრინავებს ლაინერის სირიის დედაქალაქ დამასკოში დაშვება უბრძანეს.
ლაინერის 213 მგზავრი გაათავისუფლეს, მხოლოდ ისრაელის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც შემდეგ, სავარაუდოდ, ორ სირიელ სამხედრო მფრინავში გადაცვალეს, რომლებიც ებრაელებს ჰყავდათ ტყვედ. მძევლების გათავისუფლების შემდეგ თვითმფრინავი ააფეთქეს. 1970 წელს ჰალედმა მეორედ სცადა თვითმფრინავის გატაცება. სამიზნე იყო ებრაული კომპანიის EI-AL-ის თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივიდან ამსტერდამის გავლით ნიუ-იორკში მიფრინავდა. ამსტერდამში ჰალედმა თანამზრახველთან ერთად თვითმფრინავში შეაღწია და გატაცება სცადა, მაგრამ კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჰალედის თანამზრახველი სასიკვდილოდ დაჭრეს, ჰალედი კი დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ ჰალედი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის დიდხანს იყო მიჩნეული პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთ სიმბოლოდ. ჰალედი გათხოვდა, ორი შვილი გააჩინა, შემდეგ პალესტინის ნაციონალური საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. თავის პოლიტიკურ იდეალად კუბელი რევოლუციონერი ჩე გევარა მიაჩნდა.

ულრიკე მაინჰოფი (1934-1976)
მაინჰოფი გერმანიაში, უნივერსიტეტის პროფესორის ოჯახში დაიბადა. ბრწყინვალე ფილოლოგიური განათლება მიიღო. დიდხანს ასწავლიდა უმაღლეს სასწავლებლებში, წერდა წიგნებს, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. კერძოდ, იყო ჟურნალ KONKRET-ის მთავარი რედაქტორი. როგორც ვარაუდობენ, ჟურნალს დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა სპეცსამსახურები აფინანსებდნენ. მაინჰოფს ორი შვილი შეეძინა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ გერმანულ „წითელ არმიას“. ეს ორგანიზაცია ძარცვავდა ბანკებს, აჰყავდა მძევლები, თავს ესხმოდა და ხოცავდა ხალხს გერმანიაში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე. აქტიურად თანამშრომლობდა ახლო აღმოსავლეთის ტერორისტულ დაჯგუფებებსა და სპეცსამსახურებთან. 1974 წელს მაინჰოფი დააკავეს და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, 1976 წელს ციხეში საეჭვო გარემოებაში თავი მოიკლა.

ფუსაკო შიგენობუ
ფუსაკო შიგენობუ 1974 წელს ტოკიოში, საშუალო კლასის წარმომადგენელთა ოჯახში დაიბადა. უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან იმხანად სტუდენტებს შორის ძალზე პოპულარულმა მემარცხენე რადიკალურმა იდეებმა გაიტაცა. 1969 წელს ჯგუფ „იაპონიის წითელი არმიის“ წევრი გახდა. ეს ჯგუფი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდა. იაპონიის წითელი არმია მონაწილეობდა თვითმფრინავების გატაცებაში, აჰყავდა მძევლები, ძარცვავდა ბანკებს. იაპონელი ტერორისტები თანამშრომლობდნენ ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურებთან და მათი მეშვეობით პალესტინელ ტერორისტებთან. 1971 წელს შიგენობუ იაპონიიდან ლიბანში გაემგზავრა, სადაც ჯერ პალესტინელ დევნილთა ერთ-ერთ ბანაკში მედდად დაიწყო მუშაობა, მოკლე დროის შემდეგ კი „იაპონიის წითელ არმიას“ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც რამდენიმე სისხლიანი ტერაქტი განახორციელა, ძირითადად ისრაელის წინააღმდეგ.
შიგენობუ ლეილა ჰალედის ახლო მეგობარი იყო.
შიგენობუს ნაცნობები აღნიშნავდნენ მის ფანატიზმს, სისასტიკესა და ადამიანური ცხოვრების მიმართ სრულ სიძულვილს. 2002 წელს ის იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩაფრინდა, სადაც იცნეს და დააპატიმრეს.

პატი ჰერსტი
დაიბადა აშშ-ს ქალაქ სან-ფრანცისკოში 1954 წელს. ის კონცერნ Hearst-ის მეთაურის რენდოლფ ჰერსტის ხუთი შვილიდან ერთ-ერთი იყო. კარგი განათლება მიიღო და გათხოვებასაც აპირებდა. 1968 წელს პატი ჰერსტი მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების Symbionese Liberation Army-ის წევრებმა გაიტაცეს. ეს ორგანიზაცია აერთიანებდა 20 ახალგაზრდას და თითოეული მათგანი მდიდარი ოჯახიდან იყო გამოსული. ჰერსტის დაპატიმრებამდე ორგანიზაციამ რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა განახორციელა. თავდაპირველად გამტაცებლები ჰერსტის თავიანთ დაპატიმრებულ თანამებრძოლებზე გაცვლას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ ტვინი საფუძვლიანად გამოურეცხეს და ის დაჯგუფების სრულუფლებიანი წევრი გახდა.
პატი ჰერსტის მონაწილეობით ჯგუფმა რამდენიმე ტერაქტი განახორციელა. 1974 წელ ფედერალური გამოძიების ბიურომ ტერორისტული დაჯგუფების შტაბბინას მიაკვლია და შტურმით აიღო. ორმხრივი ცეცხლის შედეგად, ექვსი ბოევიკი დაიღუპა. ჰერსტი დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ ჰერსტი ყოფილ პოლიციელს გაჰყვა ცოლად, ორი შვილი გააჩინა და რამდენიმე წიგნი დაწერა.

Rating

შიმაზ ამური (1980-2002)
პალესტინელი სტუდენტი გოგონა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ქალი იყო, რომელმაც საკუთარ სხეულზე ბომბი მიიმაგრა. 2002 წლის 29 იანვარს მან თავი აიფეთქა იერუსალიმში, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა, 150-მდე ადამიანი კი დაიჭრა. ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის ბრძანებით, შიმაზ ამურის ბაღდადში ძეგლი დაუდგეს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS