11 დეკემბერი, 2017
"მარხვა მარტო ჭამა არ არის" - როგორ უნდა იცხოვროს მორწმუნე ადამიანმა მარხვაში
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობის მარხვა 7 იანვრამდე გაგრძელდება. როგორ უნდა ვიცხოვროთ მარხვაში და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი სულისთვის, ამის შესახებ, „რეიტინგი“ არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს ესაუბრა.


- რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სულისთვის მარხვ
?

- პირველად, უფალმა მარხვა ადამს და ევას დაუწესა და მათ უთხრა, რომ არ უნდა ეგემათ ხის ნაყოფი, მაგრამ იგემეს და დაისაჯნენ. ხოლო რაც შეეხება მარხვის დარღვევას, მას სასჯელიც მოსდევს. იმის გაკეთება, რაც ღვთის წესის მიხედვით არ შეიძლება და მაინც
აკეთებ, ეს უკვე სასჯელია და ღვთის წესრიგს არღვევ, ეს იმაში გამოიხატება, რომ შენ უკვე მოშორებული ხარ ღვთის მადლს. მარხვა მარტო ჭამა არ არის. შეიძლება, ადამიანი უძლურებაში იყოს და სახსნილო საკვებს მიირთმევდეს მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ მარხულობს.

- ლოცვის არსი და მისი მნიშვნელობა ქრისტიანისთვის?

- ლოცვა შინაარსით არის უფალთან საუბარი, ხოლო როცა სახარებას ვკითხულობთ, ღმერთი გვესაუბრება ჩვენ. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ არ ვკითხულობთ სახარებას, წიგნს, რომელსაც ჰქვია სიცოცხლის წიგნი, იმას მხოლოდ ტაძარში დაბრძანებულს თუ ვემთხვევით ხოლმე.


- რატომ არის მარხვის დროს გაორმაგებული ცოდვებთან ბრძოლა?

- ამ დროს ადამიანი მეტად ღრმავდება საკუთარ თავში, საკუთარ სულში. მეტად ღრმად ეძებს საკუთარ ნაკლოვანებას, განმკითხველობას, ვნებებთან დაკავშირებულ პრობლემებს და მეტად ცდილობს, გამოსწორდეს.

- როგორ უნდა ვებრძოლოთ ვნებას და მავნე ჩვევებს?

- ღვთის ხსოვნით. ჩვენ გვავიწყდება, რომ ღმერთი სულ ჩვენთანაა, მაგალითად რასაც არ გავაკეთებთ მეგობრის წინ ან დედის წინ, იმას ღმერთის წინაშე ვაკეთებთ. ესეიგი ესეც ურწმუნოების ბრალია. ჩვენ არ გვწამს, რომ ღმერთი სულ ჩვენთანაა და აქედან გამომდინარე, ადამიანი რომ მივა იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი სულ მასთანაა, დაინახავს ამ ყველაფერს, თავისთადავ უკვე ბრძოლაც შედეგიანი ექნება.

- რამდენად დასაშვებია კლუბური და ბოჰემური ცხოვრება მარხვაში?

- ჩემი აზრით, როგორც ცეცხლი და წყალია შეუთავსებელი ასევეა ესეც. კლუბური ცხოვრება მოიცავს უამრავ ნასვამ, ვნებით აფორიაქებულ ადამიანს და ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა რომ სიმშვიდეს განიჭებდეს შეუთავსებელია. წმინდა მამები ამბობენ, მთვრალ ადამიანში მეტად შედის დემონი. ძირითადი პრობლემები სიმთვრალეში ხდება. სმა იმდენად არ არის პრობლემა რამდენადაც მისი შემდგომი ჩადენილი დანაშაულები. კლუბში მყოფი ადამიანი ბეწვის ხიდზე დგას, არ იცი რა ცოდვაში ჩავარდები.

- რამდენად აუცილებელია ტაძარში ქვედაბოლოთი მისვლა და არა შარვლით?

- მოკრძალება პირველ რიგში ღვთის წინაშე, რომ ეს არის ღვთის ტაძარი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები განსაკუთრებულ ღონისძიებებზე მიდიან, თუნდაც ოსკარის დაჯილდოვება ავიღოთ, უმეტესობას კაბა აცვია. იმიტომ, რომ ქალი კაბაში თავს მეტად ქალურად გრძნობს. ზოგადად პრობლემა უფროა გამომწვევად ჩაცმა. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია მოკრძალებულად, ქრისტიანულად ჩაცმა.

ანუკი მგელაძე




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS