07 იანვარი, 2014
სანტა კლაუსის ისტორია
იგი ნებისმიერ გაჭირვებულსა და განსაცდელში მყოფს ეხმარებოდა, გამუდმებით სიკეთეს სჩადიოდა და ამის გამო სხვა ადამიანებიც უფრო ზნეკეთილები ხდებოდნენ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საშობაო დღესასწაულის განუყრელი პერსონაჟი სანტა კლაუსი მითური სახე კი არა, რეალურად არსებული პიროვნებაა, თუმცა მას ცოტა სხვაგვარად ერქვა და ამასთან, ცივ ლაპლანდიაში კი არ ცხოვრობდა, არამედ თბილ მცირე აზიაში.
მას წმინდა ნიკოლოზი ერქვა. დაიბადა ბიზანტიაში, ლუკიის პროვინციის ქალაქ პათარში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში.

იგი პატარაობიდანვე ცოტათი განსხვავდებოდა იმ ბავშვებისგან,
რომლებიც მთელი დღეები ჟივილ-ხივილით თამაშობდნენ ქუჩებში. წმინდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა.

ახალშობილი ყრმა ნათლობის დროს ემბაზში დაუხმარებლად იდგა ფეხზე. წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაშივე დაიწყო და ოთხშაბათობით და პარასკევობით საერთოდ უარს ამბობდა დედის რძის მიღებაზე.

იგი ნებისმიერ გაჭირვებულსა და განსაცდელში მყოფს ეხმარებოდა, გამუდმებით სიკეთეს სჩადიოდა და ამის გამო სხვა ადამიანებიც უფრო ზნეკეთილები ხდებოდნენ, ისინიც ცდილობდნენ დახმარებოდნენ ნაცნობებსა და უცნობებს.

წმინდა ნიკოლოზზე უამრავი გადმოცემა არსებობს. მან გაღატაკებული მოხუცის სამი გოგონა სახელის გატეხისგან დაიხსნა. მის ფანჯარაში ღამით სამჯერ შეაგდო ოქროს მონეტებით სავსე ქისები და ამით გოგონები საროსკიპოში მოხვედრას გადაარჩინა, რადგან ოჯახს სხვა არავითარი არჩევანი აღარ დარჩენოდა არსებობის გასაგრძელებლად.

ამის შემდეგ მოხუცმა მამამ შეძლო თავისი სამივე ქალიშვილი ღირსეულ ადამიანებზე გაეთხოვებინა და ამასთან, მზითვიც გაეტანებინა მათთვის. გემით მგზავრობის დროს წმინდა ნიკოლოზმა ქარიშხლით დაღუპვისგან იხსნა განწირული ხომალდი, როდესაც უფალს ლოცვით მიმართა და ამით ზღვა დააწყნარა.

ქალაქ მირონში (ახლა მას დემრე ჰქვია), ლუკიის პროვინციის ცენტრში, იგი ეპისკოპოსად აირჩიეს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც მრავალი ეკლესიის მართვას შეუდგა. ქალაქში ახლაც დგას ტაძარი იმ ეკლესიის საძირკველზე, სადაც წმინდა ნიკოლოზი ატარებდა ღვთისმსახურებას.

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს. მის მიერ გადარჩენილთა შორის იყვნენ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი უბრალო ადამიანები, ცრუ ცილისწამებით მსჯავრდადებული და დატუსაღებული ბიზანტიელი მხედართმთავრები და მრავალი სხვა. თავისი მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 342-351 წლებში, ძველი სტილით 6 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზი იმ ტაძარში დაიკრძალა, სადაც მსახურობდა.

წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემა ძალზე სწრაფად გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. მის სახელზე მრავალ ტაძარს აგებდნენ, მიმართავდნენ ლოცვებით, შესთხოვდნენ თანადგომასა და განკურნებას.

გავრცელებული ლეგენდებიდან ვიგებთ, რომ წმინდა ნიკოლოზი ღარიბ-ღატაკებს ღამღამობით ოქროს მონეტებს უგდებდა კარებთან დატოვებულ ფეხსაცმელებში, ხოლო ფანჯრებიდან საჭმელ-სასმელს უტოვებდა. თანდათანობით გავრცელდა წმინდა ნიკოლოზის, როგორც ბავშვთა მფარველის თაყვანისცემის ტრადიცია, იგი თავის ზეციურ მფარველად აღიარეს მეზღვაურებმა, ვაჭრებმა, ხაბაზებმა, ტუსაღებმა.

როდესაც მე-11 საუკუნის ბოლოს ბიზანტიაზე თურქ-სელჩუკებმა დაიწყეს თავდასხმები, ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა (ეს ქალაქი თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს) წმინდა ნიკოლოზის ნეშტი თავიანთ ქალაქში გადაასვენეს და ამ მიზნით სპეციალურად აგებულ დიდებულ ბაზილიკაში დაკრძალეს.

ამით ყოველი ქრისტიანისთვის თაყვანსაცემი სიწმინდე შეურაცხყოფისგან დაიხსნეს. ამის შემდეგ დამპყრობლებიც კი, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ, ეთაყვანებოდნენ და ყოველმხრივ მფარველობას უწევდნენ წმინდა ნიკოლოზის ტაძარს. როდესაც 1156 წელს მრისხანე ვიკინგებმა ბარი აიღეს და ქალაქი მიწასთან გაასწორეს, წმინდა მღვდელმთავრის ბაზილიკა ხელუხლებელი დარჩა მხრჩოლავ ნანგრევებს შორის.

მორწმუნეთა დამოკიდებულებას ამ წმინდანის მიმართ საუკეთესოდ გადმოგვცემს ერთი ძველი ლეგენდა: ''დედამიწაზე მოგაზურობის დროს ნიკოლოზმა და კასიანემ (წმინდა კასიანე რომაელი) გლეხი დაინახეს, რომელიც ტალახში ღრმად ჩაფლულ თავის ფორანთან ჯახირობდა. კასიანე მოერიდა დაესვარა თავისი ქათქათა შესამოსელი და უფლის წინაშე ასეთი შეუფერებელი სახით წარმდგარიყო, ამიტომ საბრალოს დახმარებაზე უარი თქვა, ნიკოლოზი კი უყოყმანოდ შეუდგა საქმეს.

როდესაც ფორანი ლაფიდან ამოათრიეს, ნიკოლოზი მთლიანად ტალახით იყო ამოსვრილი და გარდა ამისა, საზეიმო ანაფორაც დახეოდა. მალე ორივე წმინდანი მამაზეციერის წინაშე წარდგა. როდესაც შეიტყო, რატომ იყო ნიკოლოზი ასე ჭუჭყიანი, ხოლო კასიანე - სუფთა, უფალმა პირველს წელიწადში ერთის ნაცვლად ორი დღესასწაული უბოძა (3 მაისს და 6 დეკემბერს), ხოლო კასიანეს ოთხ წელიწადში ერთამდე შეუმცირა (29 თებერვალს).
მაინც როგორ იქცა წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად? ამის გასარკვევად ისევ ქრისტიანულ დასავლეთში უნდა გადავინაცვლოთ.

მე-10 საუკუნეში ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარში სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ 6 დეკემბერს - წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს - ხილისა და ნამცხვრების დარიგება დაიწყეს (წმინდანი ხომ ბავშვთა მფარველად იყო აღიარებული). მალე ეს ტრადიცია ფართოდ გასცდა ამ გერმანული ქალაქის ფარგლებს. სახლებში სპეციალურად დამზადებული წაღებისა და წინდების დაკიდება დაიწყეს, რათა წმინდა ნიკოლოზს იქ თავისი ნაირგვარი საჩუქრები ჩაეწყო და არა მარტო ხილი და ფუნთუშები, თუმცა მათ გარეშე დღესაც წარმოუდგენელია ეს დღესასწაული.

გადმოცემის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსს, რომელიც ღამღამობით სტუმრობს სახლებს, დამჯერი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, ხოლო ონავრებისთვის - წკეპლები, რითაც კიდევ ერთხელ ახსენებს მათ კარგი საქციელის საჭიროების შესახებ, ამიტომ ბავშვები დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ცდილობენ, აღარ იცელქონ. ზოგიერთ ქვეყანაში წმინდანი სტუმრად ღამღამობით კი არა, დღისით დაბრძანდება, თანაც ანგელოზსა და ეშმაკთან ერთად.

ამ უჩვეულო კომპანიის მეთაური ნორჩი მასპინძლების საქციელით ინტერესდება, ამასთან, პატარა ანგელოზი და ეშმაკუნა, შესაბამისად, ადვოკატისა და პროკურორის როლში გამოდიან, ხოლო შემდეგ, თავისებური ძიების შედეგების მიხედვით - საჩუქრებს ჩუქნიან (ან არ ჩუქნიან).

რეფორმაციამ, რომელიც მე-16 საუკუნეში წარმოიქმნა მარტინ ლუთერის მოღვაწეობის შედეგად, ახალ ეკლესიათა ლიტურგიიდან გამორიცხა წმინდანთა თაყვანისცემა. ამასთან ერთად წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულიც გაქრა. მაგრამ თუ რაიმეს ქაღალდიდან აღმოფხვრა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, ხალხურ ტრადიციებთან ბრძოლა გაცილებით რთულია, ამიტომ კათოლიკურ ქვეყნებში დღემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რასაც სიხარულით აღნიშნავენ 6 დეკემბერს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში სასწაულთმოქმედმა ეპისკოპოსმა რამდენადმე სხვა პერსონაჟის სახე მიიღო, რომელიც კვლავინდებურად ანიჭებს სიხარულს ბავშვებს. მას გამოსახავდნენ კეთილი მოხუცის სახით, შეიძინა სხვადასხვა თანამგზავრი და ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქიდან არქტიკულ ლაპლანდიაშიაც კი გადასახლდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საშობაო სასწაულთმოქმედის ისტორიაში, წმინდა ნიკოლოზი ჰოლანდიიდან ''ჩაბრძანდა''. 1626 წელს რამდენიმე ჰოლანდიური გემის მეთაურობით, რომლის ცხვირზე წმინდა ნიკოლოზის ფიგურა იყო აღმართული, ახალ სამყაროში ჩავიდა. კოლონისტებმა ინდიელებისგან ძალზე იაფად შეიძინეს მიწა და პატარა დასახლებას ახალი ამსტერდამი უწოდეს (ახლა ამ ''დაბას'' ნიუ-იორკი ჰქვია). მოახალშენეებმა წმინდანის ფიგურა ხომალდიდან მთავარ მოედანზე გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ახალმოსახლეთა ენაზე ''წმინდა ნიკოლოზი'' ჟღერდა, როგორც ''სინტერ კლაასი'', ხოლო თანდათანობით ჩვენი პერსონაჟის სახელი ''სანტა კლაუსად'' გადაკეთდა.

ასე დაერქვა ამერიკაში იმ სახალხო პერსონაჟს, რომელიც შობის წინ ადამიანებს ასაჩუქრებს, მაგრამ სანტა კლაუსის ისტორია ამით არ მთავრდება. სახეცვლილების მნიშვნელოვან ეტაპად იქცა პოეტ კლიმენტ კლარკ მურის პოემა ''შობის წინა ღამე, ანუ წმინდა ნიკოლოზის მრევლი'', რომელიც 1822 წელს გამოქვეყნდა შობის დღესასწაულის წინა პერიოდში.

პოემაში ნაამბობია იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა შობის წინ პატარა ბიჭუნა წმინდანს, რომელმაც მას საჩუქრები მოუტანა. ამ ნაწარმოებში წმინდანი მთლიანად იყო მოკლებული სერიოზულობისა და სიმკაცრის შარავანდედს. სანტა კლაუსი გამოსახული იყო როგორც ხალისიანი, მხიარული ელფი თავისი განუყრელი ჩიბუხით, საიდანაც იგი გამუდმებით უშვებდა თამბაქოს სურნელოვანი კვამლის ქათქათა ბოლქვებს. ამ მოულოდნელი მეტამორფოზის შედეგად სანტა კლაუსმა დაკარგა ეპისკოპოსის შესამოსელი და ირმებშებმულ მარხილში გადაჯდა.

კლემენტ მურის პოემა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ის ხელახლა გამოსცეს 1844 წელს. დოკუმენტურ პროგრამაში ''სანტას ლეგენდები'', რომელიც ამ ათი წლის წინ გამოვიდა ამერიკულ ტელეარხზე იუწყებოდნენ: ''კლემენტ მურის კალმის წყალობით წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად გადაიქცა''.

1931 წელს ''კოკა-კოლამ'' ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო ზამთრის პერიოდში გამაგრილებელი სასმელების გაყიდვის გაზრდის მიზნით, რომლის მთავარ პერსონაჟად სანტა კლაუსი შეარჩიეს. მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა შექმნა გულკეთილი თეთრწვერა მოხუცის სახე, რომელსაც თეთრ-წითელი სამოსი ეცვა და ხელში სასმლის ბოთლი ეკავა. ასე მოევლინა ქვეყანას სანტა კლაუსის ყველასათვის ნაცნობი და პოპულარული თანამედროვე სახე.

გარდა ამისა, გერგილიანმა თურქებმა ქალაქ დემრეში (ძველ მირონში) წმინდა ნიკოლოზს ძეგლი დაუდგეს, თუმცა კვარცხლბეკზე დგას არა ბრძენი ეპისკოპოსი, არამედ ახოვანი წვეროსანი კაპიუშონიანი ხალათითა და ზურგზე მოგდებული უზარმაზარი ტომრით.
თუმცა, ეს, როგორც ჩანს, სულაც არ გახლავთ უკანასკნელი მოდიფიკაცია. როგორც ცნობილია, ისრაელი მკაცრი რელიგიური წეს-ჩვეულებების მქონე ქვეყანაა და შობა იქ ოფიციალურად არ აღინიშნება.

და თუკი იესო ქრისტეს მიწიერ სამშობლოში საშობაო ღვთისმსახურებაზე დასწრებას არავინ აგიკრძალავთ, საშობაო მისალოცი ბარათებისა და სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარების შეძენასთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა, და აი, ისრაელის დახლებზე თანდათან ჩნდება ღია ბარათები სანტა კლაუსის გამოსახულებით, რომელსაც თავზე განუყრელი წითელი ჩაჩის ნაცვლად... იუდეური ქიფა ახურავს. აი, ასე!..

პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS