ტოკელაუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა. ის ამერიკული სამოადან 580 კილომეტრში მდებარეობს. სამ ატოლს წყნარი ოკეანის ცენტრში მხოლოდ 10 კვადრატული კილომეტრი უჭირავს. ტოკელაუში სამოადან ხომალდით რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ შეიძლება მოხვდეთ.
გლობალური დათბობის გამო ეს კუნძულები თანდათან წყლით იფარება, მეთევზეობა კი უფრო რთულდება, რადგან წყლის ტემპერატურა თანდათან მაღლა იწევს.
ტოკელაუ ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით. ქვეყანაში 1 500
ცხოვრება ტოკელაუში მშვიდად და ერთგვაროვნად მიედინება. კუნძულის მთავარ სოფელში - ატაფუში 250 ადამიანი ცხოვრობს, თავად კუნძულს კი შეგიძლიათ ხუთ წუთში შემოუაროთ. სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს, თითქმის ერთი ხელის გაწვდენაზეა განლაგებული.
მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში ან მუშაობს, ან თევზჭერითაა დაკავებული, დადიან ეკლესიებში.

ქვეყანაში არსებული წესების მიხედვით, მუშაობა ყველამ 18:00 საათზე უნდა დაამთავროს, კვირას მუშაობა აკრძალულია. 18:00-დან 18:50 საათამდე შეუძლიათ იხმაურონ, ითამაშონ და დრო გაატარონ. 18:50-დან 19:00 საათამდე მცხოვრებლები საკუთარ სახლებში უნდა იყვნენ და ლოცულობდნენ. 19:00-დან 21:00 საათამდე ცურვით ან სპორტის სხვა სახეობებით არიან დაკავებული, ასევე, საოჯახო საქმეებს ასრულებენ. 21:00 საათზე ბავშვებმა უნდა დაიძინონ. 23:00 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა და ხმაური რეკომენდებული არ არის.
ალბათ, ტოკელაუ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კომუნიზმი ააშენეს - ყველაფერი ყველასია. მცხოვრებლები იღებენ გარკვეულ ნომინალურ ხელფასს, რომელსაც მათ ახალი ზელანდია უხდის. ისე კი, ყველა ერთმანეთს ეხმარება.
ორი კუნძული გამოყოფილია სასაფლაოებისთვის. ერთი კუნძული ეთმობა საღორეებს, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღე ნავებით მიცურავს ამ კუნძულზე ღორების დასაპურებლად. დანარჩენ კუნძულებს იყენებენ ბოსტნებად და პიკნიკების მოსაწყობად. ამ ქვეყანას ძალიან ცოტა ტურისტი სტუმრობს. საქმე ის არის, რომ ადგილობრივები არ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის რეკლამირებას, პირიქით, უნდათ ბავშვები გარე სამყაროსგან დაიცვან და იზოლირებულად, თავიანთ თემში ცხოვრებას ამჯობინებენ.

ტოკელაუში ყველაფერი მზის ენერგიაზე მუშაობს, მოსახლეობას მთელი ღამით უნთია შუქი, რადგან ენერგია საკმარისზე მეტი აქვთ. თითოეულ კუნძულს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, ორი დიდი კუნძული განკუთვნილია საცხოვრებლად, ერთ-ერთზე მოწყობილია ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ბანკი, ინტერნეტი, საავადმყოფო და თავიანთი ქვესადგური.

კოპრის (ქოქოსის კაკლის გული), საფოსტო მარკებისა და სახელოსნო ნაწარმის ექსპორტს მოსახლეობისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს, მაგრამ საჭმელს, სამშენებლო მასალასა და საწვავს დოტაციით ყიდულობენ. კიდევ ერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მეთევზეობა, რომელიც ბოლო დროს წყლის მაღალი ტემპერატურისა და გარემოში დარღვეული ბალანსის გამო საფრთხის წინაშე დგას.