25 ოქტომბერი, 2017
ის, რაც ბევრმა მშობელმა არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს
რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? და რამდენად მნიშვნელოვან ასპექტად მიაჩნიათ ქართველებს საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება გზაზე? ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების მთავარი პოსტულატი: «მე არ დამემართება». არ გვსურს ვიფიქროთ წინასწარ. რაიმე ქმედებას რომ ჩავდივართ, გვეზარება, ან არ გვინდა ფიქრი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას უსაფრთხოების თვალსაზრისით...

სტოპ-შუქის ფენომენი

ავიღოთ თუნდაც მანქანებზე მუხრუჭის მანიშნებელი ნათურების დეფექტი, ან, საერთოდ არაქონა, რის შესახებაც საგზაო წესებში გარკვევით წერია. და რა კომენტარებს ვიღებთ ჩვენს მიერ განთავსებულ სურათებზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას 3
”სტოპ-შუქიდან” მხოლოდ ერთი უმუშავებს და ისიც უკანა საქარე მინაზე და მასზეც მხოლოდ ერთი პატარა ნათურა? გამართლებები, ან ჩვენ როგორც ვუწოდებთ ”გაპრავებები” მოგვდის ისევ იმათგან, ვინც თავად ანალოგიურად იქცევა: ”რა იყო, საკმარისი არ არის შენთვის ერთი შუქი? ვერ ხედავ?!” ან ყველაფერი ისევ სურათის ავტორის ტარების უნარზე გადადის, თუ როგორი უნიჭოა, თუკი ვერ გრძნობს, მის წინ მიმავალი მანქანა ამუხრუჭებს თუ არა.

თუ თავად მოუწევთ უეცარი დამუხრუჭება მხოლოდ იმის გამო, რომ წინ მიმავალ მანქანას არც ერთი სტოპი არ უმუშავებს, რეაქცია ალბათ სხვანაირი იქნება, მაგრამ ჩვენ, ქართველებს ხომ გვიყვარს ნებისმიერი დარღვევისთვის გასამართლებელი და ლეგიტიმური მიზეზის მოძიება. თუნდაც ის გავრცელებული არგუმენტი, რომ ამ ”საწყალს, რომელსაც მაგრად უჭირს” ისეთი ძველი მანქანა ჰყავს, რომელიც მენიუში არ უნთებს და არ ანიშნებს იმას, რომ რომელიმე ნათურა გადამწვარი აქვს და ამავე დროს, ყველას ჯადოსნური გზით ”ავიწყდება” ის მოთხოვნა, რომელიც ტარების თეორიაში არის აღნიშნული: ყველამ საკუთარ მანქანას რეგულარულად, გასვლის წინ უნდა შემოუაროს და გასინჯოს მისი ვიზუალური მხარე (დაშვებულია თუ არა საბურავი, მუშაობს თუ არა შუქები). რა თქმა უნდა, არ არის ძნელი, რომ მანქანა უკანა მხრით კედელთან ახლოს მიაყენო და მუხრუჭს დააჭირო, რათა ნახო, მუშაობს თუ არა ”სტოპები”, ან, ვინმეს სთხოვო, რომ უკან დადგეს და გითხრას.

რატომ ხდება ასე? ისევ იმ მიზეზის გამო, რომ საკუთარი თავის გარდა არავინ არ გვადარდებს და თავს არ ვიწუხებთ ასეთი რაღაცების გამო - იმიტომ, რომ ”უმნიშვნელო” დარღვევად მიგვაჩნია და გვიყვარს ჩვენი ქვეყნის გაჭირვებაზე ყურადღების გადატანა და, მაგალითად, მთავრობისათვის გადაბრალება.

ბავშვთა უსაფრთხოება

ახლა კი მეორე, უფრო მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი: მძღოლების მიერ თავისი და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვეითების მიერ უსაფრთხოების წესების დაცვა.

ალბათ გეცნობათ სცენა: თქვენს გვერდით, შუქნიშანზე აჩერებს მანქანა და წინა მგზავრის სკამთან, მანქანის სალონის წინა პანელზე, ”ტორპედოზე” თავდადებული პატარა ბავშვი დგას. თავი ზუსტად იქ უდევს სადაც უსაფრთხოების ბალიშია!

ნაცნობი მომენტია, არა? ნუთუ ბავშვის მშობელი ვერ უნდა მიხვდეს, რომ შეჯახების დროს უსაფრთხოების ბალიში 200-300 კმ/სთ სისწრაფით იხსნება და ბავშვს ლეტალურ ზიანს მიაყენებს?

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS