სახელი პოეტ ლილი შენემანის პატივსაცემად დაარქვეს. ბრიკი ყოველთვის ილტვოდა ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანებისკენ - პოეტებისკენ, მხატვრებისკენ, მსახიობებისკენ. მისი მეგობარი იყო ფრანგი კუტიურიე ივ სენ-ლორანი, რომელიც შემდეგში იხსენებდა: ''ლილი ბრიკთან ყველაფერზე გულახდილად შემიძლია ვილაპარაკო - სიყვარულსა და პატიოსნებაზე, ფერწერაზე, პოლიტიკაზე... რა თქმა უნდა, მოდაზეც''.
თავისუფალი სიყვარულის მომხრე ლილია ბრიკი თავისი ''გატაცებებით'' მაიაკოვსკის ტანჯავდა, თანაც გამუდმებით ამბობდა: ''ვალოდიასთვის ტანჯვა სასარგებლოა, იწვალებს, იდარდებს და კარგ ლექსს დაწერს''. სამთა ცხოვრება - თავის ოფიციალურსა და სამოქალაქო ქმრებთან, უთვალავი საყვარელი და თაყვანისმცემელი ლილია ბრიკის ცხოვრების სტილი იყო. თავისი ცხოვრების გამორჩეულ კაცებზე ასე ამბობდა: ''მე ყოველთვის მიყვარდა ერთი - ერთი ოსია, ერთი ვალოდია, ერთი ვიტალი და ერთი ვასია''.

ლილია იურიევნა ბრიკი, ქალიშვილობაში ლილია კაგანი და ფრანგი მწერლის ელზა ტრიოლეს უფროსი და, 1891 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.
ლილიას მამა, იური კაგანი, მოსკოვის სასამართლო პალატის ნაფიცი მსაჯული იყო. დედამისი, ელენა, წარმოშობით რიგიდან იყო და მოსკოვის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. ლილიამ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გერიეს უმაღლეს მათემატიკურ კურსებზე ჩააბარა, შემდეგ მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. 1911 წელს მიუნხენში შვეგრელის სტუდიაში ძერწვას სწავლობდა.
ჯერ კიდევ გიმნაზიაში გაიცნო ლილიმ ოსიპ ბრიკი. 1912 წლის 26 მარტს წყვილი დაქორწინდა.
მაიაკოვსკის გაცნობა
პირველად მაიაკოვსკის შესახებ ლილია ბრიკმა 1913 წელს შეიტყო. მწერალი მაშინ 17 წლის ვინმე ელზას ეარშიყებოდა. 1915 წლის ბოლოს ელზამ მაიაკოვსკი ჟუკოვსკის ქუჩაზე მდებარე ბრიკების ბინაში მიიყვანა სტუმრად. მაშინ ვლადიმერმა ახალი პოემა ''ღრუბელი შარვალში'' წაიკითხა და მაშინვე ლილია ბრიკს მიუძღვნა. რამდენიმე ხანში ოსიპ ბრიკმა პოემა გამოსცა. ამ ამბიდან ძალიან მალე ლილიასა და მაიაკოვსკის შორის ბობოქარი რომანი გაიბა, რომელიც მაიაკოვსკის შემოქმედებაში აისახა.

1918 წელს ლილიამ და ვლადიმერმა მონაწილეობა მიიღეს მაიაკოვსკის სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმში ''ფილმით შეპყრობილნი''. გადაღებების დამთავრების შემდეგ პოეტი საბოლოოდ დასახლდა ბრიკების ბინაში. მოგვიანებით ლილიამ დაწერა: ''როდესაც ფილმზე მუშაობა დავამთავრეთ, მივხვდი, რომ დარწმუნებით შემეძლო მეთქვა ოსიპ მაქსიმოვიჩისთვის ჩემი და ვალოდიას რომანის შესახებ. 1915 წლიდან ჩემი დამოკიდებულება ოსიპთან მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდა და არ შეიძლებოდა ამ სიყვარულს ჩრდილი მიეყენებინა ჩემი და ჩემი ქმრის მეგობრობის, მაიაკოვსკისა და ბრიკის მეგობრობისთვის. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, არასოდეს დავცილებოდით ერთმანეთს და მთელი ცხოვრება უახლოესი მეგობრები ვიყავით. მიყვარდა, მიყვარს და მუდამ მეყვარება ოსია ძმაზე, ქმარსა და შვილზე მეტად. ასეთ სიყვარულზე არც ერთ ლექსში არ წამიკითხავს. ეს სიყვარული ხელს არ მიშლიდა ვალოდიას სიყვარულში''. ამ ურთიერთობას მიუძღვნა ვალოდიამ პოემა ''მიყვარხარ''.
1922 წლის ბოლოსთვის წყვილის ურთიერთობაში პირველი კრიზისი დაიწყო. მიჯნურებმა ორთვიანი განშორების გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის დროსაც უნდა გადაეხედათ თავიანთი დამოკიდებულება სიყვარულისადმი, ყოფა-ცხოვრებისადმი, ეჭვისა და გულისტკენისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მაიაკოვსკის ბევრი ქალი ჰყავდა, პათოლოგიურად ეჭვიანობდა ლილიაზე. და ამ დროის განმავლობაში მაინც არ ანებებდა თავს, მალულად წერილებს სწერდა, ყვავილებს, წიგნებსა და გალიით ჩიტებს უგზავნიდა. პასუხად მხოლოდ მოკლე ბარათებს იღებდა. ორი თვის თავზე მიჯნურები ერთმანეთს სადგურში შეხვდნენ და რამდენიმე დღით დასასვენებლად პეტროგრადში გაემგზავრნენ. მატარებლის კუპეში პოეტი ფეხებში ჩაუვარდა საყვარელ ქალს და მწარედ აქვითინდა. ბრიკისა და მაიაკოვსკის სასიყვარულო ამბავმა კიდევ რამდენიმე ხანს გასტანა. 1924 წელს ქალმა პოეტს წერილი მისწერა და აუწყა, რომ აღარ განიცდიდა მისადმი ნაზ გრძნობებს. წერილს ასე ამთავრებდა: ''მგონია, რომ შენც ადრინდელივით აღარ გიყვარვარ, ამიტომაც ნაკლებად იდარდებ''.
დარდის გასაქარვებლად ვალოდიამ საფრანგეთს, შემდეგ მექსიკასა და ამერიკას მიაშურა. იმ პერიოდის მისი ლექსები ოპტიმისტური და სატირული იყო. მიუხედავად ამისა, წყვილის ყოველი შეხვედრა სექსით მთავრდებოდა.
1927 წელს რეჟისორმა აბრამ რომმა გადაიღო ფილმი ''სამთა სიყვარული'', რომელიც ლილიას ქმრებთან ცხოვრებას აღწერდა. პოეტთან დაცილების შემდეგ ლილია სამწერლობო და მთარგმნელობითი მოღვაწეობით, აგრეთვე მაიაკოვსკის შემოქმედების საგამომცემლო საქმით დაკავდა.
თვითმკვლელი მიჯნურები
სამი მეგობარი ერთმანეთს უკანასკნელად 1930 წლის 18 თებერვალს შეხვდა, როდესაც ცოლ-ქმარი ბრიკი ჯერ ბერლინში, შემდეგ კი ლონდონში მიემგზავრებოდა. საყვარელი ქალისგან უკანასკნელი ღია ბარათი მაიაკოვსკიმ 1930 წლის 14 აპრილს, თვითმკვლელობის დღეს მიიღო. მოგვიანებით ლილიამ დაწერა: ''ამ დროს სახლში რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, რაღაცა დროით მას სიკვდილზე აღარ ეფიქრა''.
მიუხედავად ამისა, ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ პოეტის სიკვდილში ლილია ბრიკი იყო დამნაშავე. თავად ქალი სიცოცხლის ბოლომდე ძეწკვზე ჩამოკიდებულ პოეტის მიერ ნაჩუქარ ბეჭედს ატარებდა ინიციალებით - Л.Ю.Б. რომელიც აღიქმებოდა როგორც Люблю.
სიკვდილის წინ დაწერილი წერილის თანახმად, პოეტის არქივი ბრიკებს გადაეცა. მაიაკოვსკის დედისა და დის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ლილია მაიაკოვსკის კრებულის გამოცემით დაკავდა. პუბლიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლილიამ სტალინს წერილი მისწერა, პოეტის კრებულის გამოცემისთვის დახმარებას სთხოვდა, სწორედ ამ წერილის შემდეგ სტალინმა დაწერა: ''მაიაკოვსკი იყო და დარჩება საბჭოთა ეპოქის საინტერესო და ნიჭიერ პოეტად. გულგრილი დამოკიდებულება მისი ხსოვნისა და შემოქმედებისადმი დანაშაულია''. ბელადის სიტყვებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. მაიაკოვსკი საბჭოთა კავშირში ყველაზე სახელგანთქმული პოეტი გახდა.
ლილია ბრიკი სხვადასხვა სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. საზღვარგარეთ უფრო ხშირად დადიოდა, ვიდრე პერედელკინოში. მაიაკოვსკისთან დაცილების შემდეგ ბრიკი ცოლად გაჰყვა 1937 წელს რეპრესირებულ ''შავი კაზაკების'' მეთაურ ვიტალი პრიმაკოვს, მოგვიანებით ლიტერატურათმცოდნე ვასილი კატანიანს, რომელიც მისი მეოთხე, უკანასკნელი ქმარი გახდა.
ლილია ბრიკი სიცოცხლის ბოლომდე ლიტერატურულ მოღვაწეობას აგრძელებდა. მისი საშინაო სალონი კუტუზოვის პროსპექტზე არაოფიციალური კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.

ლილია იურიევნა სიკვდილს ფილოსოფიურად უდგებოდა: ''ვერაფერს გააწყობ, ყველა კვდება და ჩვენც მოვკვდებით''.
იგი თავის დღიურში წერდა: ''მესიზმრა, რომ გაბრაზებული ვარ ვალოდიაზე იმის გამო, რომ თავი მოიკლა, მან კი ალერსით ჩამიდო ხელში ნამცეცა პისტოლეტი და მითხრა: ''შენც იმავეს გააკეთებ!''
სიზმარი წინასწარმეტყველური გამოდგა.
ჟურნალი ''რეიტინგი''