- 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთი ჩხუბის გამო გადავწყვიტე და ცოლს გავშორდი. მას დავუტოვე სახლი, მანქანა, ავეჯი, ძაღლი. ბინიდან საკუთარი ტანსაცმელიც კი არ წამომიღია. შეიძლება უცნაური ხასიათი მაქვს, მაგრამ დიდხანს შემიძლია მოთმენა, თუმცა როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, აღარასოდეს შევცვლი.
ეს ჩემმა მეუღლემაც იცოდა, ალბათ ამიტომ
თვითონ იქ არ ცხოვრობდა. ხელოსნები მის ბინაში რემონტს აკეთებდნენ, მითხრა ერთი ოთახი უკვე დამთავრებულია, შენ იქ დაბინავდი, თან ყურადღებას მიაქცევ, მუშებმა არ დალიონ არ სამუშაო არ გააცდინონო. თავისუფლების მოედანზე, ძველი პარლამენტის შენობის უკან, ხუთ ოთახიანში ცხოვრება, ნამდვილად არ იყო ურიგო. ჩემი მცირედი დანაზოგით პირადი ნივთები შევიძინე და ახალ საცხოვრებელს მივაკითხე.
არ ვიცი სხვა მამაკაცები ასეთ დროს რას გრძნობენ, მე კი ხარბად ვსუნთქავდი ჰაერს, ქუჩებში უმისამართოდ ხეტიალი მსიამოვნებდა და ყველაფერი რაც ჩემს გარშემო იყო, ახალი და ლამაზი მეჩვენებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლებით ვტკბებოდი.
- როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯერ ეიფორიაა, დეპრესია მოგვიანებით იწყება.
- დეპრესია ნამდვილად დამეწყო, ამის მიზეზი ქალი იყო, მაგრამ არა ჩემი ყოფილი მეუღლე. ერთ საღამოს სადღაც პატარა კაფე-ბარში შემომაღამდა. ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ვიჯექი, სასმელს ვწრუპავდი და ქუჩაში ვიყურებოდი. ჩემს გვერდით ახლოს მაგიდასთან ახალგაზრდები ისხდნენ. ათას სისულელეს ყვებოდნენ, მათ ამბებში სასაცილო თითქოს არაფერი იყო, მაგრამ თვითონ გულიანად ხარხარებდნენ და მათ სიცილზე მეც მეღიმებოდა. მათი ასაკი და განწყობა, ალბათ ყველას თეთრი შურით გვშურს. მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მაგიდიდან ერთი გოგონა დაჟინებით მიყურებდა, ხშირად ისწორებდა თმას და ტუჩსაცხს. რამდენჯერმე შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, მზერა ქუჩისკენ გადავიტანე, არ მინდოდა ჩემი ყურადღება შეემჩნია.
- რატომ?
- ის 22-23 წლის იქნებოდა, მე კი მალე 40 უნდა შემსრულებოდა. არადა ისეთი ლამაზი იყო... მის მზერას ვეღარ გავუძელი, ანგარიში მოვითხოვე და ქუჩაში გამოვედი. ჩემს ახალ ბინამდე სულ ორი გაჩერება იყო და ფეხით გავლა ვამჯობინე. ფიქრებში გართული ის მივადექი სადარბაზოს, ზურგს უკან ადევნებული სილუეტი არც კი შემინიშნავს. ნაბიჯების ხმა მხოლოდ კიბეებზე გავიგონე. უკან მივიხედე, ის გოგონა იყო, ახალგაზრდა და ძალიან მომხიბვლელი. გაოცებულმა შევხედე და თან გამეღიმა - თქვენ, მე გამომყევით? - ვკითხე დაბნეულა. გოგონამ ერთანს მიყურა - თქვენ ისეთი სიმპათიური ხართ, თანაც მორცხვი, ვიფიქრე ქუჩაში არავინ აწყენინოს-თქო - მიპასუხა და გაიღიმა. მას დახეული ჯინსები ეცვა, თეთრი მაისური, წინ საქამრის ბალთასთან ჩატანებული.
გრძელი ქერა და ოდნავ ტალღოვანი თმა ჰქონდა. მაჯაზე და თითებზე მეტალის რგოლები ეკეთა და ისეთ სრულყოფილ სილამაზეს ასხივებდა. საკუთარი გარეგნობის შემრცხვა. მის სიტყვებზე ხმამაღლა გამეცინა, უფრო სწორად განგებ გავიცინე, რადგან არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. - რადგან ასეთი მორიდებულ ხართ, ალბათ ყავაზეც ვერ დამპატიჟებთ, რას იტყვიან მეზობლები, არა? - ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩული წარმოთქვა და ხელი აიქნია - ახლა წავალ, ღამე მშვიდობისა. - მომეჩვენა, სანამ შეტრიალდებოდა ხმა გაებზარა და მისი ერთი შეხედვით თავქარიანი მხიარულება სევდამ შეცვალა.
ის მიდიოდა, ჯერ კიდევ მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, მე კი გაქვავებული ვიდექი. სისხლი საფეთქლებზე მაწვებოდა და ჩემს წინ ვეღარაფეს ვამჩნევდი. რა წამს მივიღე გადაწყვეტილება, უკან გამოვდევნებოდი, არ მახსოვს. როცა სახეზე ცივი ჰაერი ვიგრძენი, მაშინ მივხვდი რომ ქუჩაში ვიყავი და მას მივდევდი. ხან ვის დავეჯახე, ხან ვინ გავაჩერე. იმედი მქონდა დავეწეოდი, შემომხედავდა, გამიღიმებდა, მერე რაც მხდებოდა მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიპოვე...
- მას შემდეგ აღარ გინახავთ?
- ყველ საღამოს იმ ბარში მივდიოდი, გვიან ღამემდე ვიჯექი და ქუჩას გავჩერებოდი, იმედი მქონდა ის შემოაღებდა კარს და შემოვიდოდა, როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა, როგორ მინდოდა ის ღამე დაბრუნებულიყო, როცა ფეხაკრებით ქუჩაში უკან მომყვებოდა, მაგრამ ამაოდ... ცხოვრება კი გრძელდება, მიუხედავად შენი სულიერი მდგომარეობისა იძულებული ხარ იმუშაო, ჭამო, დაიძინო. ერთ დღესაც მანქანით ძველ ქოწინების სახლთან ჩავიარე. როგორც ყოველთვის საცობი იყო, სვლა შევანელე და ინსტიქტურად გვერდით გავიხედე. ხალხი ირეოდა. გარეთ რამდენიმე წყვილი იდგა, ნეფე-დედოფლები თავის რიგს ელოდებოდნენ. ისე უბრალოდ გადავავლე თეთრკაბიანებს თვალი და ... გარშემო ყველაფერი ბურუსში ჩაიძინა. მხოლოდ ერთის სახე დარჩა ზედაპირზე, ის ბრწყინავდა, ბრწინავდა, როგორც ნამდვილი დედოფალი, ის ჩემი დედოფალი იყო. მანქანა შუა გზაში გავაჩერე, გადავედი და მისკენ გავემართე.მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი რისთვის. რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებდა მისგან. გავჩერდი და მივაშტერდი - ''ნეტავ, დამინახოს, ნეტავ შემამჩნიოს'' - ვიმეორებდი გულში. არ მომჩვენებია, ის ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა და გამიღიმა. ''ჩემი ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა ყავაზე არ დაგპატიჟე'' - გამბედაობა მოვიკრიბე, რომ ეს სიტყვები მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. - გილოცავ - ჩავილუღლუღე და შემოვტრიალდი.
ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, რაც შეიძლებოდა მალე ჩავმჯდარიყავი მანქანაში, რომ ჩემი ცრემლები არავის შეემჩნია. ავტომობილს მივუახლოვდი, კარი უნდა გამომეღო და მხარზე შეხება ვიგრძენი. შევტრიალდი. ის იყო - ისევ ისეთი მორცხვი ხარ, არა? - მკითხა და გაიცინა. - კარგი, მაშინ მე დაგპატიჟებ, ჩემს მშობლებთან, ყავაზე. - მითხრა გადაჭრით. - კი მაგრამ ქორწილი? - ამ გოგონას ყოველთვის შეეძლო ჩემი გაოგნება. - ჩემს გარდა პატარძალს კიდევ ორი მეჯვარე ჰყავს, არ მგონია ჩემი წასვლის გამო ვინმემ თავი მოიკლას, შენ კი ცრემლები გახჩობს – გაიცინა ხალისიანად.
იმ დღემ უბედნიერეს კაცად მაქცია, იდეალურ წყვილად ვიქეცით, მაგრამ პრობლემა შემდეგ დაიწყო. რეალურად მეგონა, რომ ყველა გამიგებდა, მაგრამ ძმაკაცები კინაღამ გაგიჟდნენ. ერთ-ერთმა ისიც მითხრა, ჩემი შვილის ასაკის გოგო შეგიყვარდა და ამის შემდეგ სახლში როგორ უნდა შეგიშგვაო. თავზარი დამეცა, 20 წლით უმცროსი გოგონას სიყვარულის გამო, პედოფილი რატომ უნდა მიწოდოთ...
ბაია გამრეკელი