23 აგვისტო, 2017
თამუნა მუსერიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა - "...შენთვის ვერ მოგიძებნიაო და სხვას რას დაეხმარებიო..."
ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ ის ის ნაშვილებია. მან დაიწყო ბიოლოგიური დედის ძებნა, თუმცა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერაფერს მიაკვლია.

საკუთარი პრობლემით შთაგონებულმა გადაწყვიტა თანამშრომლებთან ერთად დაეარსებინა არასამთავრობო ორგანიზაცია და დაეხმაროს მათ, ვისაც იგივე გასაჭირი აქვთ.

გაეცანით ინტერვიუს და გაიგებთ, როგორ მოახერხებს დაეხმაროს სხვებს იმ დაბრკოლებების გადალახვაში, რომლებიც ჯერ თავად არ გადულახავს.

- რა მიზნებს ემსახურება თქვენი ორგანიზაცია? და რამდენი ხანია რაც ფუნქციონირებს?

- დაახლოებით ორი თვეა, რაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ვეხმარებით
ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში. გვაქვს "ფეისბუქ" გვერდი, რომელზეც უამრავი ადამიანი გვწერს. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ზრუნავს გამშვილებლისა და მშვილებლის უფლებაზე, ანუ ადამიანს, რომელიც გაშვილებულია სახელმწიფო არ უმხელს ბიოლოგიური მშობლების ვინაობას. ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი და ამ პროცედურების გავლის შემდეგაც კი შეიძლება ვერ გაიგო შენი ბიოლოგიური მშობლის ვინაობა. ამიტომაც, ჩვენ გავაკეთეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შესაძლებლობებიდან გამომდინარეც ბევრს მიეცემა შესაძლებლობა ნახოს თავისი ბიოლოგიური მშობელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ას პროცენტიან გარანტიას ვერავის მივცემთ, მაგრამ არსებობს გზები და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას და აქედან გამომდინარე, ბევრ ადამიანზე გვიადვილდება დახმარება. გვაქვს აგრეთვე, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მომსახურება. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანმა არ იცის როგორ მოიძიოს საბუთები, რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთ დროს, აბსოლუტურად უფასოდ და უანგაროდ ეხმარებიან ჩვენი იურისტები, ფსიქოლოგები და ჩვენ.

- როგორ მიმდინარეობს ძებნის პროცესი?

- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი გვწერს, ისეთი, ვისაც თავად ყავს გაშვილებული შვილი და მისი მოძებნა უნდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნე ეს არის პირადი ინფორმაციის გავრცელება და ისჯება სისხლის სამართის კოდექსით, ანუ ჩვენ არ გვაქვს უფლება გაშვილებულ ადამიანებს ვუთხრათ ვინ არიან მათი მშობლები, თუ რა თქმა უნდა ინიციატივა მათი მხრიდან არ იქნება. უარს რომ ვეუბნებით, სწყინთ. როცა დედამ იცის შვილი ვინ არის და თვითონ ვერ ეუბნება, ჩვენ ვერ დავეხმარებით, ჩვენ კი არა ასეთ შემთხვევაში ვერავინ დაეხმარება. მაგალითად ახლა გვაქვს ერთი ასეთი საქმე, ადამიანი ეძებს თავის ბიძებს (დედის ძმებს) და ბებიას , მას აქვს გარკვეული ინფორმაცია, ჯერ არ მინდა ვთქვა დაზუსტებით, მაგრამ რაღაც კვალზე ვართ გასულები.

- რატომ ეძებს მაინცადამაინც ბიძებსა და ბებიას და არა მამას?
- მამის პოვნა ყოველთვის უფრო რთულია, იმიტომ რომ სამშობიაროდან იწერებიან დედის სახელითა და გვარით და გამშვილებლის ოქმში წერია დედის სახელი და გვარი და არა მამის.

- ხომ არაფერი გაგირკვევიათ, თქვენს ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირებით?
- არაფერი... ვიღაცამ მითხრა შენთვის ვერ მოგიძებნიაო და სხვას რას დაეხმარებიო. ჩემთვის იმიტომ ვერ მომიძებნია, რომ არ არსებობს არც საბუთი, არც სახელი ვიცი არც გვარი და საერთოდ, არ არსებობს არანაირი ხელჩასაჭიდი და სხვებს რაც შეეხებათ, ბევრია ისეთი, ვისაც უწერია დედის სახელი და გვარი,ან სულაც მისამართი... ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის უფრო ბევრი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ანუ მაგალითად მითითებულ მისამართზე რომ მივიდეს ის ადამიანი, შეიძლება არაფერი უთხრან, ჩვენ კი უფრო მარტივად შეგვიძლია ინფორმაციის მოპოვება. გარდა ამისა გავაკეთეთ ვიდეორგოლი, რომელშიც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. ვიდეო რგოლის დამონტაჟებას, ცნობილ ადამიანებთან შეთანხმებას და გადაღებასაც ხომ დრო სჭირდება? მერე ისე დაემთხვა, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდით ყველა ერთად შეკრებას. 25 აგვისტოდან ვიწყებთ მუშაობას, მანამდე კი სხვადასხვა მასალას ვაგროვებთ...

მერიემ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Tea
Rogor agikavshirdet tkveni daxmareba mchirdeba
19:15 / 26-08-2017
გამოხმაურება / 0 /
Tea
Rogor unda dagikavshirdet tkveni daxmareba mchirdeba cinascar madlobas gixdit
19:12 / 26-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS