26 აგვისტო, 2013
''ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა''
სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე მომღერალი ეკა კვალიაშვილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტს გეგმავს. შემოდგომის მიწურულს ეკა ახალ პროგრამას შესთავაზებს თავის მსმენელს და თაყვანისმცემელს. მანამდე ჩვენ მას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ და კიდევ ერთხელ გავახსენეთ ტკივილიანი და ღიმილიანი წარსული.

- ეკა, მოდი უდარდელი წლებიდან დავიწყოთ, იმ გამოცდილებიდან, რომელიც ოჯახისგან მიიღე...
- უდარდელი წლები არასდროს მქონია. არც დარდიანი მქონდა, მაგრამ უდარდელიც არ ითქმის. გამუდმებით
ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვფიქრობდი ჩემს მომავალ პროფესიაზე. გამომქონდა დასკვნები, მერე უფროსებს ვეკითხებოდი აზრს. ძირითადად უფროსი მეგობრები მყავდა. ყველაზე დიდი მეგობარი ჩემთვის მამაჩემი ფირანი იყო. დედა დიასახლისი გახლდათ. მისი მოვალეობა ჩემთვის რჩევების მოცემა იყო, რომ უნდა მემეცადინა, მეკითხა, არ დამგვიანებოდა სადმე. სამზარეულოში არ მიშვებდა, იმიტომ, რომ პიანისტი ვიყავი. მამაჩემთან გატარებული ყოველი წუთი ძალიან თბილად მახსენდება. საოცარი ბებია მყავდა, მამაჩემის დედა, მარო თარხნიშვილის ქალიშვილი, თამარი. ქალი, რომელიც არ დაბერდა. მასთანაც ვმეგობრობდი. დიდთან დიდი იყო, პატარასთან - პატარა... მამას შვილებთან ასეთი მიდგომა ჰქონდა. მოგცემდა რჩევას, გაჩვენებდა გზას და გენდობოდა. ძალიან თავისუფალი ბავშვი ვიყავი. არაფერში მზღუდავდნენ, რამაც დიდი პასუხისმგებლობა გამომიმუშავა. თვითცენზურა ჩამერთო. არასდროს გავაკეთებდი იმას, რაც მამას არ მოეწონებოდა. მამა არ ყოფილა მდიდარი ბიზნესმენი, არც სასახლეებში გვიცხოვრია. პროფესიით ინჟინერი იყო. წლების განმავლობაში უამრავ ადგილას მუშაობდა. ფანტასტიკური ადამიანი გახლდათ. მახსოვს, რომ გარდაიცვალა, ზაფხული იყო. მის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა, აგარაკებიდან ჩამოვიდნენ მისი მეგობრები, ახლობლები, უბრალო ნაცნობები. 11 წელია მამა აღარ არის და დღესაც ძალიან მაკლია. არსად მინახავს ამდენი ადამიანი კოცნით გამომშვიდობებოდა მიცვალებულს. ყველას ძალიან უყვარდა. მამაჩემი გიჟდებოდა დუდუკებზე. ნამდვილი ქალაქელი კაცი იყო. წლების წინ ჰქონდა ნათქვამი, როცა მოვკვდები, სანამ მიწაში ჩამიშვებენ, ''დილის საარი'' დამიკარითო და ეს სურვილიც ავუსრულეთ. თვითონ ქსოვრელებიც კი ტიროდნენ, მამაჩემი მათთან მეგობრობდა. მისი სხვა მეგობრებიც არაჩვეულებრივად მღეროდნენ და თვითონაც.
- ალბათ ტრადიციული ქართული სუფრები იშლებოდა თქვენს ოჯახში. ვისი სტუმრობა გიხაროდა ყველაზე მეტად?
- კი, ჩვენს ოჯახში სულ სუფრა იყო გაშლილი. მამას ყველა მეგობარი ძალიან კარგი და მხიარული ადამიანი იყო და ყველა მათგანის სტუმრობა მიხაროდა. ხშირად შუაღამისას მოსულა 3-4 ძმაკაცი გიტარით და ჩქარი ტაშით. ისეთი ჟრიამული იყო ჩვენთან, მეზობლები გვიბრახუნებდნენ ხოლმე, დაგვაძინეთო. ჩემს მეგობრებსაც უყვარდათ მამაჩემთან ქეიფი. ძალიან თავისუფლები და ლაღები ვიყავით, ერთმანეთი გვიყვარდა. თბილისი ყოველთვის მარიაჟი ქალაქი იყო, სამაგალითო პოსტკომუნისტურ სივრცეში ჩაცმა-დახურვით, დროსტარებით, ფულის კეთებით, სილამაზით.
- დედა - დიასახლისი, მამა - ინჟინერი, მამის ხელფასზე ცხოვრობდით ალბათ, იყო გაჭირვების პერიოდები?
- როგორ არ იყო. მაგრამ მე ამას ნაკლებად ვგრძნობდი. მამის ნებიერა ვიყავი. თან მომთხოვნიც არ ვიყავი, ნუკაც მე მგავს ამ საკითხში.
- რომელ სკოლაში სწავლობდი?
- 62-ეში, კინოთეატრ ''გაზაფხულის'' პირდაპირ, იყო ასეთი საზაფხულო კინოთეატრი მაშინ საბურთალოზე. გამორჩეული კლასი გვქონდა, ძალიან ვმეგობრობდით ყველა, შეძლებული ოჯახის შვილებიც და გაჭირვებულებიც. არასდროს გვიჭორავია ერთმანეთზე. არ მიყვარდა სკოლის ფორმა. ბავშვობიდან მეზიზღებოდა ლენინი და ბრბო. მუქი ფერის ქვედაბოლო მეცვა, თეთრი როლინგი და წინსაფარი. მახსოვს, მოდაში იყო ზოლიანი, ხელით ნაქსოვი გეტრები, პლატფორმებზე, ძალიან მაგარ საბოებზე მეცვა. სკოლის მოსწავლეს ვგავდი თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს სტილი ძალიან მომწონდა. მერვე კლასიდან პირველ მუსიკალურ სასწავლებელში გადავედი.
- განსაკუთრებით რომელი მასწავლებელი დაგამახსოვრდა?
- ყველა მასწავლებელი კარგად მახსოვს. სოფო ნიჟარაძის ბებია ქიმიას მასწავლიდა. მაგარი ქალი იყო, ვაჟკაცური, ძმაკაცობდა ჩვენთან. მგონი, ახლაც ასწავლის სკოლაში. სულ თავის შვილებზე გველაპარაკებოდა. ყველა ჩემმა მასწავლებელმა იცოდა, რომ პიანისტი ვიყავი, გადავდიოდი სკოლიდან მუსიკალურ ტექნიკუმში და დიდად არ მთხოვდნენ ფიზიკასა და მათემატიკას. თუმცა მოხდა ისე, რომ ტექნიკუმის მერე კონსერვატორიის მაგივრად ''გეპეიში'' ჩავაბარე ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტზე.
- რატომ?
- 16 წლიდან ''გეპეის'' ორკესტრში ვმღეროდი. ისე შევეჩვიე იქაურობას, სიმღერის ხათრით დავრჩი. მახსოვს, ერთხელ, გია მაჭარაშვილთან ერთად მიუზიკლი დავდგით, ''წითელქუდა''. მე წითელქუდა ვიყავი. მერე ფილარმონიაშიც ვითამაშეთ ეს მიუზიკლი. ზურა კობეშავიძე იყო ''გეპეის'' ორკესტრის ხელმძღვანელი.
- რა გახსოვს შენი ბებიის, მარო თარხნიშვილისგან? 
- 3 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მახსოვს, მის პანაშვიდზე მომნათლეს, მღვდლის შემეშინდა, წვერებში ჩავაფრინდი და თან ვტიროდი (იცინის). ეკლესიურად ვცხოვრობდით, თანამდებობის პირი არავინ გვყავდა ოჯახში და არც ეკლესიაში სიარულის ეშინოდა ვინმეს. პირველად პატრიარქმა მაზიარა. მამიდაჩემმა საგალობელი დაწერა, რომელიც სიონში შევასრულეთ ბავშვებმა. პატრიარქმა თავისთან მიგვიხმო და გვაზიარა. მახსოვს, ერთხელ, მამიდაჩემმა ვაკეში მეცხრე საავადმყოფოში წამიყვანა. იქ იწვა მარო თარხნიშვილი, ავად იყო. მახსოვს პალატაც, სადაც ის იწვა. მე სკამზე ვიჯექი, დაშაქრულ მარწყვს ვჭამდი და ღია ფანჯრიდან ლამაზად გაფოთლილ ხეს ვუყურებდი.
- პირველი სამსახური, პირველი ხელფასი...
- ''გეპეის'' საერთო საცხოვრებლის ლიფტების მორიგედ გამაფორმა ''გეპეის'' თეატრის რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ, ფორმალურად, მაინც ყოველდღე დადიხარ და სადმე გაგა-ფორმებ, ხელფასი გექნებაო, მითხრა. 170 მანეთს ვიღებდი. არც არაფერს ვაკეთებდი. მანამდე მუსიკალურ ტექნიკუმში სტიპენდია მქონდა, 30 მანეთი. დღეს შარდენი რომ არის, იქ ყავა-ხანა იყო, მივდიოდით ხოლმე მთელი ჯგუფი, სტიპენდიას რომ ავიღებდით.
- საწინააღმდეგო სქესს რა ასაკში გაეპრანჭე?
- დამიჯერებ, რომ საწინააღმდეგო სქესს დღესაც არ ვეპრანჭები? მართლა არ ვიპრანჭები, რაში მჭირდება გაპრანჭვა, თვითონ მეპრანჭებიან. ასე იყო სულ. მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ბევრმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. შინაგანად თავისუფალი ვარ, კომპლექსებისგან, შურისგან, ბოღმისგან თავისუფალი.
- როდის შეგიყვარდა პირველად?
- ძალიან პატარა ასაკში და გავთხოვდი კიდეც.
- მიგაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო?
- ზრდასრულ ასაკში რომ გავთხოვდი ორჯერ, ხომ გაამართლა, რას ამბობ (იცინის)?! ბედი თქვი თორემ... ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე (იცინის).
- რატომ, ნერვები გიფუჭდებოდა?
- არ ამართლებდნენ და დროს აღარ ვკარგავდი. თემურ გვალია ნუკას მამა გახლავთ. მეორე ქმარი, დათო, აღარ არის ცოცხალი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მასთან თანაცხოვრება ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მოსიარულე ენციკლოპედია იყო, საოცრად განათლებული, ისტორიკოსი. ორწელიწად-ნახევარი მეყო განათლებისთვის. ინსტიტუტი დავამთავრე და წამოვედი (იცინის).
- ''არტიმედის'' პერიოდში ბესო ბაკურაძე გაიცანი და მალევე გათხოვდი. მახსოვს, როგორი შეყვარებული იყავი...
- ეს აღმაფრენა ყოველი ქორწინების დასაწყისში მჭირდა. ხომ იცით, ახალი ცოცხი კარგად გვის. მთავარია, მერე დაღმაფრენაში არ გადაიზარდოს (იცინის).
- ეკა, საკუთარ თავში არ გიძებნია მიზეზი, რატომ გენგრეოდა ოჯახები?
- არა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი მიზეზი, სამივე შემთხვევაში მიზეზი ერთი იყო, რომელზეც ახლა საუბარი არ მინდა. ძალიან მინდოდა კარგი ოჯახი მქონოდა, მაგრამ მხოლოდ ქალის სურვილი არ კმარა.
- ალბათ რთული იყო ნუკასთვის იმის ახსნა, რომ მამამისი თქვენთან არ ცხოვრობდა. როგორ იღებდა შვილი შენს მეორე, მესამე ქმრებს?
- ნუკასთვის არასდროს გამირთულებია ცხოვრება. ვინც ნუკას არ მიიღებდა, არ მჭირდებოდა არაფერში. წლების განმავლობაში ვაყვარებდი ნუკას მამამისს, მისიანებს. როცა იკარგებოდა, ვეუბნებოდი, მუშაობს, ძალიან დაკავებულია და არ სცალია-მეთქი.
- ნუკას და-ძმა თუ ჰყავს?
- ნუკას მამა წლების წინ დაოჯახდა, დაც ჰყავს და ძმაც, მაგრამ მათი ურთიერთობა ვერ შედგა. ამაში უფროსების ჩარევაა საჭირო და თუ ამის სურვილი არ არის...
- ვიცი, რომ ნუკას გარდატეხის პერიოდი რთული იყო შენთვის...
- მართლაც, და ერთ რამეს მივხვდი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო ამ დროს მკაცრი. არ უნდა გაუჩნდეს ამ ასაკში ბავშვს იმის განცდა, რომ მისი არავის ესმის, რომ მარტოა. საერთოდ ვერ ველაპარაკებოდი, ვერც ერთი მხრიდან ვერ ვუდგებოდი. ძალიან ბევრს ვითმენდი, მისი ხასიათის გაუმჯობესებას ველოდებოდი. ინტერნეტმა დამღუპა კინაღამ. ვიღაც გოთები დაუკავშირდნენ, მუსიკალურ მიმდინარეობას მერე თავისი რელიგია მოაყოლეს და ჩაიკეტა ბავშვი, დეპრესიული გახდა. ძალიან ვივაჟკაცე, რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.
- არ გაგიჭირდა ნუკას გათხოვება, ფაქტიურად მარტო დარჩი?..
- ეგოისტი ხომ არ ვარ, ვხედავ, რომ ბედნიერია და მეც ბედნიერი ვარ ამით. მარტო ჩემთვის ხომ არ გავაჩინე შვილი, რომ მე მომიაროს, მომხედოს. ცოტა რთული ფეხმძიმობა აქვს. რომ ვურეკავ და მპასუხობს, პირველივე ''და'' -ზე ვხვდები, როგორ ხასიათზეა, დაველაპარაკო თუ მარტო ყოფნა უნდა. ახლა მე და ჩემი კატა პუპა ვცხოვრობთ ერთად. ზოგჯერ მეგობრებიც რჩებიან ჩემთან. არ ვიწყენ, მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში სიახლე არ მაქვს. მირჩევნია პუპას გვერდით მეძინოს, ვიდრე უვარგისი მამაკაცი მყავდეს გვერდით.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ, უკან რომ დაბრუნებულიყავი, რას შეცვლიდი?
- უშეცდომო არავინაა ამ ქვეყანაზე, გამონაკლისი არც მე ვარ. შეცდომების მეტი რა მქონია. რას შევცვლიდი? - სამჯერ არ გავთხოვდებოდი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 131 /
III
ქართველებმა როდოს უნდა ისწავლოტ საკუთარ სარკეში ჩახედვა ჯერ და მერე სხვისი გაკრიტიკება?????????რა გინდათ ყველას თავისი ცხოვრება აქვს ვინ გეკითხება ?არ მოგწონს ნუ შეხედავ.... ყველამ თქვენ ცელულიტებს და თმებს მიხედეთ, მე ეკას არ ვიცავ , მაგრამ შეედარეთ ხმაში და ოჯახიშვილობაში....ეკას მამამ მაღტლაც ძალიან მაგარი კაცი იყო, ბაბუაჩემთან ძმაკაცობდა, ერთად დადიოდნენ გაგრაში... ატარებდნენ დროს... და ბოღმიანებს არ აქცევდნენ ყურადღებას...
10:56 / 03-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლ. გ.
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი,,ხალხნო, ეკას კრიტიკას თავი დაანებეთ, თქვენს თავს მიხედეთ! სხვისი ცხოვრებისა და გარეგნობის კრიტიკას თავი დაანებეთ და თქვენ გახდიტ უკეთესი!
01:39 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ათინათი
სულ არ არის საჭირო, მოვლილი იერი რომ გქონდეს გაირუჯო. გოიმების ფონზე ეკა ძალიან კარგად გამოიყურება.. მთელი თბილისი გარუჯული დადის ზოგს ისე აქვს მიბაძვა სისხლში, მთავარია ზანგივით შავი იყოს, სარკეში არ იხედება უხდება თუ არა.. სასაცილოა, გაწმინდეთ კარგად სარკეები და ჩაიხედეთ სარკეში!!!
15:31 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეკა, ძალიან არაესთეტიკურად გამოიყურები, ცოტა გაირუჯე, როცა ეკრანზე ან პრესაში ჩნდები, მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებ. მით უმეტეს როცა სექსსუალურად გინდა გამოიყურებოდა და თამამ სამოსს არ ერიდები, ლამაზი სხეულიც უნდა გქონდეს, მიმზიდველი, კარგი ფორმები გაქვს ძალიან სექსუალურიც ხარ, ცოტა კანს მიხედე, ეპილაცია, გარუჯვა, მასაჟის ზეთით დამასაჟება მასაჟისტთან, მოკლედ, ცოტა თავს მიხედე.
12:24 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაინტერესბს
ეკას ცელულუტიან ბარძაყზე ეპილაცია აქვს თუ გაიპარსა...
18:11 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS