მაგრამ ეს გატაცებები არაფერი იყო ცხოვრების მთავარ სიყვარულთან ზელ
საბედისწერო შეხვედრა
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა და ზელდა სეირმა ერთმანეთი 1918 წელს ალაბამის შტატის პატარა ქალაქ მონტგომერში გაიცნეს. ორივესთვის საბედისწერო შეხვედრა ქალაქის ერთ-ერთ ბარში შედგა. სკოტ ფიცჯერალდი, იმ დროს 67-ე ქვეითი პოლკის ლეიტენანტი, ბარში მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად შევიდა. ზელდა, შტატის პირველი ლამაზმანი, როგორც წესი, უამრავი თაყვანისმცემლის გარემოცვაში ერთობოდა.
ფიცჯერალდს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა. „ყველაზე ლამაზი გოგონა, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ, - იხსენებდა შემდეგ მწერალი. - მაშინვე მივხვდი: ის ჩემი უნდა გამხდარიყო!“
პირველ შეხვედრას ზელდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ იყო რაღაც ისეთი, რამაც სკოტი მის ზღვა თაყვანისმცემელზე მაღლა დააყენა. როგორც თავად აღნიშნა, „რაღაც არამიწიერმა ძალამ ჩემი გული სიხარულით აავსო“ .
იმ წელს ზელდა სეირი 18 წლის იყო, იგი ოჯახში მეექვსე და ნაბოლარა ბავშვი გახლდათ.
გოგონას ემოციური და რომანტიკული დედა ფეხმძიმობის დროს ბოშა ზელდაზე რომანებს კითხულობდა. ასე დაარქვეს გოგონას იშვიათი და უჩვეულო სახელი. დედის სითბოსა და მამის ფულებით გათამამებულ გოგონას ყველა უსიამოვნებისგან იცავდა მამის გავლენიანი გვარი, იგი შტატის მოსამართლე იყო. ზელდა ოქროს ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობდა - ბალეტზე დადიოდა, საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავდა, თავისუფალ დროს ერთობოდა. ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ არც მუშაობა უნდოდა და არც დაბერება. ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც მის ცხოვრებას დღესასწაულად აქცევდა.
ლამაზმანზე ოთხი წლით უფროს ფიცჯერლდს, მათი ნაცნობობის პერიოდში, განუზომელი ამბიციებისა და ალკოჰოლის სიყვარულის გარდა პრინსტონში მხოლოდ ერთი მიზნით ჩააბარა, სკოლის ფეხბურთის გუნდსა და უნივერსიტეტის თეატრში უნდოდა თამაში. მაგრამ სპორტსმენად არ ივარგა, თეატრში კი მხოლოდ ხუთოსნებს იყვანდნენ, რომელთა შორის ფრენსისი არ ირიცხებოდა. ასე რომ, სკოტისთვის სწავლამ აზრი დაკარგა. ბევრი ფიქრის შემდეგ ჯარში წასვლა გადაწყვიტა, რომ სწრაფად და გმირულად დაღუპულიყო, რათა თავიდან აეცილებინა პრობლემები და აუხდენელი ოცნებები. ფრონტზე მწერალი ვერ მოხვდა, მონტგომერში გაანაწილეს, რისი წყალობითაც უდიდესი სიყვარული ეწვია.
„იმედის ქონის უიშვიათესი ნიჭი“
რა თქმა უნდა, ზელდას მშობლებმა იცოდნენ, რომ მსგავსი კანდიდატი მათ შვილს ქმრად არ გამოადგებოდა, მაგრამ სკოტმა და ზელდამ თავისი გაიტანეს. ამასთან, ქორწილი იმ შემთხვევაში გაიმართებოდა, თუ ფრენსისი სასწრაფოდ დაიწყებდა მუშაობას. ბედნიერი საქმრო მაშინვე გაეშურა ნიუ-იორკში და სამოქალაქო რკინიგზასთან არსებულ სააგენტოში სარეკლამო აგენტად მოეწყო. სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა დაებეჭდა თავისი პირველი რომანი „რომანტიკული ეგოისტი“ , მაგრამ ხელ-ნაწერი უკან დაუბრუნეს მინიშნებით, რომ საჭირო იყო „დამუშავება“ .
მონტგომერში მარტო დარჩენილი ზელდა სხვა მამაკაცებთან აბამდა რომანებს. თავს ისე ლამაზად და ძლიერად მიიჩნევდა, რომ ერთხელ აუზში შიშველმა იბანავა. ასეთი რამის გაბედვა შტატის არც ერთ ქალიშვილს არ შეეძლო. ზელდამ ამ საქციელით თაყვანისმცემლების არმია გაიორმაგა. ვიღაც უპერსპექტივო ყმაწვილის გამო ცხოვრების შეცვლას არ აპირებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თაყვანისმცემლისადმი მიწერილი სასი-ყვარულო ბარათი შემთხვევით საქმროს გაუგზავნა. ზელდას დაკარგვით გაცოფებული სკოტი მაშინვე საცოლესთან ჩავიდა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
გოგონამ არაფერი არ აუხსნა და საქმროს ისტერიკის საპასუხოდ ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა და სახეში ესროლა. ყველაფერი დღესავით ნათელი იყო... უარყოფილი ფიცჯერალდი ნიუ-იორკში დაბრუნდა, მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდა. მას „იმედის უიშვიათესი ნიჭი“ აღმოაჩენდა, რომლითაც შემდეგ თავისი ყველაზე გამორჩეული გმირი, დიდი გეტსბი შეამკო. მწერლის საბედ-ნიეროდ, მისი გადაწერილი რომანი ახალი სახელწოდებით „სამოთხის იმ მხარეს“ , ბოლოს და ბოლოს, დაიბეჭდა და მწერალი ელვისებურად გახდა პოპულარული. ერთი კვირის შემდეგ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და ზელდა სეირი დაქორწინდნენ.

დღესასწაული, რომელიც ყოველთვის შენთან არის
„მოვიდა თაობა, - წერდა ფიცჯერალი, - რომელთათვის ღმერთები მოკვდნენ, ყველა ომმა ჩაიარა, ხალხმა რწმენა დაკარგა, დარჩა მხოლოდ მომავლის შიში და წარმატებისთვის ქედის მოხრა“ . ამ თავის მოდრეკით მოვიდა შეშლილი „ჯაზის ეპოქა“ , რომელიც ფიცჯერალდის ოჯახის განსახიერებად იქცა. გაზეთებს ზელდასა და სკოტის გამოხდომების შესატყობად ყიდულობდნენ. ერთ დღეს ტაქსის სახურავზე შემომსხდრები სეირნობდნენ, მეორე დღეს თეატრში შიშვლები მივიდნენ, შემდეგ საერთოდ გაქრნენ, რამდენიმე დღის შემდეგ კი იაფფასიან სასტუმროში აღმოაჩინეს. ამერიკელები თავიანთი კერპების ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ამტყუნებდნენ, მათით აღფრთოვანებულები იყვნენ. პატარა სკოტის დაბადებამაც კი, რომელსაც სახელი მამის პატივსაცემად დაარქვეს, ვერ გააჩერა ეს კარუსელი. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ სამშობიაროში ზელდა მთვრალი მიიყვანეს... მძიმე მშობიარობის შემდეგ ქალი ქმარსა და ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკში დაბრუნდა და წყვილი გართობის მორევში გადაეშვა. მათზე ბევრს ჭორაობდნენ, მაგრამ ახალგაზრდებს ეს ამბავი სულაც არ აღელვებდათ.
ფიცჯერალდის მოთხრობები უმალვე იყიდებოდა, მაგრამ ალკოჰოლისა და მწერლობის ერთმანეთთან შერწყმა სკოტს უჭირდა. მას მხოლოდ ფხიზელს შეეძლო წერა, მაგრამ ამ მდგომარეობაში მისი ნახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამასთან, ზელდა ქმრის წარმატებაზე ეჭვიანობდა, შეიძლება იმიტომ, რომ იგი ხატვის უფლებას და თვითრეალიზების საშუალებას არ აძლევდა. თავნება და ამაყი ქალი ყველა აკრძალვას აკრძალვით პასუხობდა, ოღონდ ფრთხილად და ბოროტულად. ზელდა ყველაფერს აკეთებდა, რომ ქმარს ყოველდღე დაელია და არ ემუშავა. ჰემინგუეის არ უყვარდა ზელდა, მიაჩნდა, რომ იგი ერთ-ერთ საუკეთესო მწერალს ღუპავდა. ფიცჯერალდის შემოქმედებითმა კრიზისმა და სეირის გაუთავებელმა ისტერიკებმა აიძულა ისინი, თავის გადასარჩენად საფრანგეთის რივიერაზე გამგზავრებულიყვნენ. ნიუ-იორკისგან შორს, სიწყნარეში, ცოლ-ქმარი ცოტა დამშვიდდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ეს იყო სიჩუმე ქარიშხლის წინ.
ეპოქის დასასრული
ფიცჯერალდებს არ ეწერა მშვიდად ცხოვრება. ზელდას ფრანგი მფრინავი შეუყვარდა. რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა და მათ ქორწინებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ საფრთხე თავად ზელდას შეექმნა. როდესაც მოულოდნელად მფრინავმა საყვარელი მიატოვა, ძილის აბები დალია და მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ ქმარმა დროზე მიუსწრო. მისი მეორე გამოხდომა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში გამართული ეჭვიანობის სცენა იყო, რომელიც კინაღამ საბედისწეროდ დამთავრდა. სადილის დროს ფიცჯერალდმა მეზობელ მაგიდასთან აისედორა დუნკანი შენიშნა და ცოლს დიდ მოცეკვავესთან მისვლისა და აღფრთოვანების გამოხატვის ნებართვა სთხოვა. ზელდა დაეთანხმა, მაგრამ როგორც კი სკოტი წავიდა, იგი ადგა და კიბიდან გადავარდა. ყველა, ვინც ამას შეესწრო, დარწმუნებული იყო, რომ ხერხემალში გადატყდებოდა, მაგრამ ზელდა მხოლოდ დაზიანდა.

მალე ზელდას ჯანმრთელობა შეერყა, იდუმალი ხმები ესმოდა. თავიდან ისინი აფრთხილებდნენ, რომ მეგობრები მისი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ, შემდეგ სიარული აუკრძალეს. ექიმის დიაგნოზმა ბევრის ეჭვი დაადასტურა- შიზოფრენია. ამ მომენტიდან მწერლის ცხოვრება ცოლზე ზრუნვა იყო. მკურნალობაზე დიდძალ ფულს ხარჯავდა. ჩვეულებრივზე მეტს სვამდა, სხვა ქალების გარემოცვაში ცდილობდა თავდავიწყებას, მაგრამ უშედეგოდ. უბედურებას უბედურება დაემატა. ლავიწის ძვალი გაიტეხა და დიდხანს ვეღარ წერდა, დედა მოუკვდა, ქალიშვილს სწავლა არ უნდოდა, ბევრ ფულს ითხოვდა გართობისთვის. 1940 წელს 44 წლის მწერალი ინფარქტით გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ ზელდას უკვე ქმრის ხმაც ესმოდა. მისი სიკვდილიდან 8 წელიწადში იმ კლინიკაში, სადაც მწერლის მეუღლე მკურნალობდა, ხანძარი გაჩნდა. ცხრა დაღუპულს შორის ზელდაც იყო.
ჟურნალი „რეიტინგი“