10 იანვარი, 2018
"პარიზი ბოლომდე, ჩემს გემოზე ვერც მოვირგე და ვერც გავიცანი" - მაკა ასათიანის რძალმა პრესტიჟულ აკადემიაში სწავლა დაასრულა
თვლის, რომ ფრანგულ სამზარეულოს მსოფლიო კულინარიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და პარიზი დანარჩენ მსოფლიოს გასტრონომიულ ეტიკეტსაც ისევე კარნახობს, როგორც მოდას.

მზარეულის ხელოვნებას საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ აკადემიაში დაეუფლა, რომელიც თავის კურსდამთავრებულებს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მთავარს საქმის მიმართ თამამ და იდეალისტურ დამოკიდებულებას ატანს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ნანიკო კლდიაშვილი „კულინარტ“-ს უმხელს, რომ სამომავლო კულინარიულ საქმიანობას ხელოვნებასთან სინთეზში მოიაზრებს.

იქამდე კი ჩვენი ჟურნალის საახალწო ნომრისთვის პოზირებს და თავადაც ისეთივე ნატიფი და რაფინირებულია, როგორიც იდუმალი ფრანგული კულინარია და მაღალი მოდა.

– როდის გაგიჩნდათ კულინარიის მიმართ პროფესიული ინტერესი?


– კულინარია ყოველთვის მაინტერესებდა, ძალიან მიყვარს ახალი კერძების დაგემოვნება, ახალი გემოების აღმოჩენა, ექსპერიმენტები. სულ ვფიქრობდი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგებოდა ის ეტაპი, როცა ამ სფეროს პროფესიულ დონეზე დავეუფლებოდი. ახლაც მგონია, რომ ჩემი ცოდნა ფინანსებისა და მენეჯმენტის კუთხით ქვეცნობიერად კულინარიული პერსპექტივებისკენ იყო მიმართული.

პარიზის კულინარიული აკადემია Le Cordon Bleu ყოველთვის ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ამ დარგში. ვფიქრობ, რომ იქ ჩარიცხვით ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. აკადემიაში მოსაწყობად არანაირი პროფესიული გამოცდილება არ არის აუცილებელი, – ვისაც კულინარია უყვარს, ყველას შეუძლია ცოდნა გაიღრმავოს. მეც მოყვარულის დონეზე ვამზადებდი სახლში საჭმელებს. არც ასაკი მიწყობდა ხელს შეფმზარეულობაზე ფიქრში, – ამას გაცილებით ადრეულ ასაკში იწყებენ, – მაგრამ მაინც დიდი ენთუზიაზმით წავედი ამ ინსტიტუტში.

ზოგადად, ვთვლი, რომ კულინარია, გარკვეულწილად, სხვადასხვა კულტურის ტრადიციებს აერთიანებს და ესაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო. ანალიზი რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ყველა ქვეყანას თავისი კულტურის ისტორიაში საკუთარი იდენტობა აქვს და ეს იდენტობა სამზარეულოთიც გამოიხატება ხოლმე. როდესაც კონკრეტულ ქვეყანაზე ვფიქრობთ, ძალიან ხშირად ადამიანის ცნობიერებაში, პირველ რიგში, მაგალითად, პიცა ან რაიმე სხვა კერძი წამოიჭრება ხოლმე. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ამან კი საშუალება მომცა გლობალურ ჭრილში გამეაზრებინა სამზარეულო. საერთოდ, ვთვლი, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაზავი ძალიან, ძალიან საინტერესო ფენომენია, – ზოგადადაც და სამზარეულოშიც. ეს ინტერესი, ალბათ, იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩვენ თვითონ ვართ ამ კულტურათა ზღვარზე. დამატებით, ჩემმა უნივერსიტეტმაც მომცა საშუალება ამ ზღვარს უფრო და უფრო ჩავღრმავებოდი.

– რა მოგცათ პარიზის კულინარიულმა აკადემიამ?


– მე, რომელიც მოყვარულის დონეზე თავისუფლად ვამზადებდი კერძებს, ინსტიტუტში მისვლის პირველივე დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე კვერცხის შეწვაც კი არ ვიცი. საკვების პროფესიული მზადება აბსოლუტურად განსხვავდება სახლში სამზარეულოში ტრიალისგან. განსაკუთრებით, საფრანგეთში, სადაც საერთოდ სხვა რანგში ჰყავთ აყვანილი ეს სფერო. ეს არაა, უბრალოდ, საჭმლის მზადება. ზღვა ენერგია და ადამიანების დიდი მობილიზება ხდება იმისთვის, რომ ერთი მარტივი კერძი მომზადდეს და თეფშზე მოხვდეს. მაგალითად, მე ტკბილეულის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ფრანგული კონდიტერია ნამდვილი სასწაულია! და კიდევ ერთი: კარგი კონდიტერი და ძირითადი კერძების კარგი შეფი ტიპაჟურად არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მთავარი კერძების შეფი ექსპერიმენტული, ექსპრესიულია, ბევრი ცვლილება და ინოვაციების შეტანა უყვარს, ამის საშუალებას მას კერძებიც აძლევს, რასაც ვერ იტყვი საკონდიტრო სფეროზე. აქ წარმატებას ძალიან კონკრეტული, ნიუანსებზე ორიენტირებული ადამიანი აღწევს, რომელიც ამავდროულად ღრმა თეორიულ ცოდნას ფლობს. მე არასდროს მიზიდავდა არც ტკბილეული და არც შოკოლადი, მაგრამ, ჩემდა გასკვირად, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად გამომდის.

Rating

– რთული იყო სწავლის პროცესი?

– ყველაზე დატვირთული კურსი ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შესაძლებლობა იყო: ხანმოკლე კურსები, ან კურსები მხოლოდ ერთი, ვთქვათ, საკონდიტრო, ღვინის ან ძირითადი კერძების მიმართულებით. მე ყველა ერთად ავირჩიე და ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებად რჩება. ერთი წლის განმავლობაში უკიდურესად დატვირთული რეჟიმი მქონდა. კვირაში ექვს დღეს დილის 6 საათზე მიხდებოდა ადგომა და საღამოს 10 საათამდე უნივერსიტეტში ვიყავი. აკადემიაში ძალიან მძიმე რეჟიმია და, მიუხედავად ამისა, მუდმივად გვეხუმრებოდნენ: ეს დაღლა გგონიათ, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთო. რეალურ ცხოვრებაში ეს სფერო მართლა უზარმაზარ რესურსსა და ფიზიკურ ძალას მოითხოვს. შესაძლებელია, ამიტომაც ჭარბობენ კაცი შეფ-მზარეულები. ყველა ვერ გაუძლებს საათობით ფეხზე დგომასა და დამქანცველ მუშაობას. 


განაგრძეთ კითხვა:

დაგაინტერესებთ: მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი დაქორწინდა - ფოტოები ქორწილიდან
რატომ არ დაესწრო შვილის ქორწილს მაკა ასათიანი?

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS