ის შეიძლება ერთ დღეს თბილისის რომელიმე ქუჩაში ჩოხაში გამოწყობილი და ცხენზე ამხედრებული შეგეჩეხოთ. სწორედ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მიიქცია სერიალ "ტიფლისის" რეჟისორის ყურადღება და პროფესიით იურისტმა ამ ტელეპროექტში როლიც მიიღო.
29 წლის "ჩემმა მზემ" თავის ცხოვრებასა და გატაცებებზე გვიამბო.
- როცა ქუჩაში ცხენით დადიხართ, ამაზე რა რეაქცია აქვს
- ყველა მიღიმის, მესალმება და დიდი სიყვარულით მიყურებენ. ვერ ვიხსენებ, ვინმეს ცუდად შემოეხედოს, ჩემმა მზემ!
- საკუთარი ცხენი გყავთ თუ ქირაობთ?
- ცხენს როდესაც ვამბობ, ზოგჯერ "ფერარის" ვგულისხმობ იმიტომ, რომ მას ცხენის ემბლემა აქვს. თუ "ფერარის" ვერ ვნახვ, შეიძლება იყოს "მუსტანგი".
- "ფერარის" ქირაობთ?
- არა, თბილისი პატარაა, ძმობით და ქრისტეს სიყვარულით ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. ჩემს ქალაქში შეუძლებელი არაფერია, თუნდაც ფერარიზე ან სუფთა სისხლის არაბულ ცხენზე იყოს საუბარი.
მე და ჩემი ძმები ჩვენ-ჩვენს ქონებას არ ვასხვავებთ ერთმანეთისგან. ადამიანისთვის სამი რამ არის პირადი. ერთი არის პაპის დანატოვარი ქამარ-ხანჯალი, მეორე – ნათლობის ჯვარი, რომელიც შენს სახელზეა ნაკურთხი და მესამე არის მეუღლე. ძმაკაცების მატერიალური ქონება ისევეა მათი, როგორც ჩემი. ასევე ჩემი დედ-მამა მათი მშობლები არიან, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი მეუღლესა და ნათლობის ჯვარზე.
ჩემს ოჯახს თავის დროზე 5 ცხენი ჰყავდა. ახლა ჩემი ძმობილი მპირდება, რომ კვიცს მაჩუქებს.
- 5 ცხენი თბილისში გყავდათ?
- დიახ, ჯერ ძველ იპოდრომზე და შემდეგ ახალზე, ლისზე, თუმცა, მათი შენახვა ვეღარ შევძელით.
- როდის უფრო იქცევთ ყურადღებას, "ფერარით" როდესაც დადიხართ თუ ცხენზე როცა ზიხართ?
- თანაბრად. ორივე ძალიან ძვირადღირებულია, შეიძლება სუფთა სისხლის არაბული ცხენი "ფერარიზე" ძვირიც კი იყოს. შეიხები ასეთ ცხენებში მილიონებს იხდიან, "ფერარის" კი 150 ათასადაც იყიდი.
- ცხენით ჯირითი ვინ გასწავლათ?
- დედამ, რომელიც ბავშვობიდან ძალიან კარგად ჯირითობს. როდესაც ცხენზე ამხედრებული ვნახე, მაშინ შემიყვარდა ცხენი ჩემმა მზემ, ეს არის პოეზია, როდესაც დედას ხედავ ცხენზე ამხედრებულს. სხვათაშორის, დედა საჭესაც ძალიან კარგად მართავს.
- რადგან დედაზე ასე გატაცებით საუბრობთ, მოგვიყევით თქვენი მშობლების შესახებ.
- დედაჩემი ნანა ჭელიძეა, ფესვები რაჭიდან აქვს, ამბროლაურის რაიონიდან. ის არის ქალი ფენომენი, შემიძლია ვთქვა, რომ მას ყველაფრის ნიჭი გააჩნია. მამა, ალექსანდრე გილიგაშვილი, სამართალდამცავია. მან ცხოვრება მიუძღვნა სხვების ოჯახების პატრონობასა და დაცვას.
დედა და მამა შეყვარებულები რომ იყვნენ, პაემნაზე დედაჩემს თავისი ნიჭის შესახებ უთქვამს. მამამ ქალაქგარეთ წაიყვანა და იარაღიდან ისროლეს. მამამ სამიდან ორი ტყვია მიზანში გაარტყა, დედამ – სამიდან სამივე. მაშინ იფიქრა მამამ, რომ ამ ქალის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ესეც პოეზიაა, ჩემმა მზემ.
მარი მგალობლიშვილი
ჟურნალი "სარკე".