06 ნოემბერი, 2017
ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა
86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ავადმყოფობდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.

ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63
წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS