08 სექტემბერი, 2016
თავშავა და ბატის ქონი გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას
თანამედროვე ქალბატონები სილამაზის შესანარჩუნებლად არაფერს იშურებენ, მაგრამ ხშირად ძვირად ღირებულ კოსმეტიკაზე მეტად საკუთარ ბაღში თუ ბოსტანში მოძიებული საშუალებები უფრო მეტ შედეგს იძლევა. ამაში რომ დარწმუნდეთ, რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ.

გაითვალისწინეთ:

ნიღბის წასმამდე აუცილებლად კარგად დაიბანეთ სახე და ყელი. მცენარის ყვავილებისგან ფაფისებური მასის მოსამზადებლად გამოიყენეთ მინის ან მომინანქრებული ჭურჭელი. მცენარის ყვავილები და ფოთლები უჟანგავი კოვზით ან ჩანგლით უნდა გაქნათ. ნიღაბი სახესთან ერთად აუცილებლად უნდა წაისვათ ყელის არეზეც. სხვათა შორის, ყელზე ყველაზე ადვილად ჩნდება და ყველაზე ძნელად შორდება
პიგმენტური ლაქები და ნაოჭები.

მშრალი, აქერცვლადი კანის შემთხვევაში თვალების ირგვლივ მკვებავი კრემი წაისვით.

კარგი იქნება, თუ პროცედურის დროს წამოწვებით და ფეხებს სიმაღლეზე შემოაწყობთ, თვალებს დახუჭავთ და მოდუნდებით.
10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ თბილი წყლით, საპონი არ გამოიყენოთ. შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით.

თავშავა

თავშავას ნედლი ყვავილი დანაყეთ ფაიფურის სანაყში ერთგვაროვანი ფაფისებური მასის მიღებამდე. დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი ან ერთი კვერცხის გული და ნატურალური თაფლი.

ნიღაბი გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, მოიშორეთ არაყში ან წყლით გაზავებულ სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით და მკვებავი კრემი წაისვით.

თავშავამ რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეიძლება კანს მუქი ნამზეურის იერი შესძინოს.

პიტნა
1 სადილის კოვზ პიტნის ფოთლებს, გვირილის ყავავილებს, სალბსა და თავშავას დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 8-10 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, შეურიეთ ბატის ან ქათმის ქონი და რამდენიმე წუთით შედგით ღუმელში, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

ნიღამი წაისვით სახესა და ყელზე და 20-25 წუთის შემდეგ ლოსიონით მოიშორეთ.

ეს ნიღაბი განსაკუთრებით კარგია თვალების ირგვლივ ნაოჭების მოსაშორებლად. ის, ასევე, ამცირებს სახის ოფლიანობას, ამაგრებს კანქვეშა კუნთებს.

სოფიო ბულაური 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS