19 აპრილი, 2016
მარტივი ხრიკები სილამაზის შესანარჩუნებლად - ძვირფასი კოსმეტიკის ალტერნატივა
ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები, რა თქმა უნდა, აადვილებს თავის მოვლას, მაგრამ ყველასთვის ადვილი ხელმისაწვდომი როდია. ხალხური კოსმეტოლოგია კი მარტივ ალტერნატივას გვთავაზობს.

სიწითლის მოსაშორებლად

მოადუღეთ შვრიის ფანტელების ფაფა, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და გაიკეთეთ კომპრესი პრობლემურ მონაკვეთებზე: წაისვით კანზე, დაიფარეთ ქაღალდის ხელსახოცი და გაიჩერეთ 5-10 წუთით.

დაივიწყეთ ფერიმჭამელები

ამაში ვაზელინი დაგეხმარებათ. ვაზელინი თხლად წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე და დაიფარეთ საკვების ცელოფნის აპკით. დაასველეთ პირსახოცი ძალიან ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიფინეთ ცელოფნის აპკის ზემოდან. გაიჩერეთ 3 წუთით, შემდეგ ცელოფნის
აპკიანად მოიცილეთ, ვაზელინი ჩამოიბანეთ და ფერიმჭამელი ორივე მხრიდან თითების მსუბუქი დაჭერით ამოიგდეთ.

დახეთქილი ტუჩები

ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ ყავისფერი შაქარი, თაფლი და ზეითუნის ზეთი. წაისვით ტუჩებზე.

კანის გასაახლებლად

ვაშლის ძმარი მატონიზებელი საშუალების კარგი ალტერნატივაა. ის აშრობს გამონაყარს, წმენდს და დეზინფექციას უკეთებს კანს. ოღონდ, ძმარმა კანი ძალიან რომ არ გამოგიშროთ, რამდენიმე წვეთი თაფლი და ლავანდის ეთერზეთი დაუმატეთ. შეინახეთ მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში.

დაიბანეთ ზეთით

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუ წყლის ნაცვლად სახეს ზეითუნის ზეთით გაიწმენდთ, კანი იდეალურად სუფთა და დატენიანებული გექნებათ, თან არც კრემი და ლოსიონი დაგჭირდებათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS