01 აპრილი, 2016
ყველაზე პოპულარული მცენარეები კოსმეტოლოგიაში - ამის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ
ქალი ყველა დროში ზრუნავდა სილამაზეზე. თუ ძველად ამისთვის მცენარეებს იყენებდნენ, დღეს თანამედროვე კოსმეტოლოგიას გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, არა იმდენად, რომ მთლიანად უარი თქვას წინაპრების რეცეპტებზე.

ნებისმიერ თანამედროვე კოსმეტოლოგიურ საშუალებაში აუცილებლად შეხვდებით მცენარეულ ინგრედიენტებს, რომლებიც საუკუნეების წინაც პოპულარული იყო.

მაშ ასე, რომელ მცენარეებს იყენებენ ყველაზე ხშირად კოსმეტოლოგიაში.

ალოე ვერა

ალოე ფართო შესაძლებლობების მცენარეა, მას იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც და მედიცინაშიც.
ალოე ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხელს უწყობს ჭრილობის მოშუშებას. ასევე, იცავს ნაადრევი დაბერებისაგან, ამიტომაც ნაოჭების საწინააღმდეგო
კოსმეტიკური საშუალებების ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად გვევლინება. ალოეს წვენს ამატებენ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილ, ასევე ქერტლისა და ცვენის საწინააღმდეგო შამპუნებში.
მარტივი რეცეპტი: ალოესგან მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ გამონაყარის საწინააღმდეგო საშუალება: 3 სადილის კოვზ ალოეს შეურიეთ 2 სადილის კოვზი კალენდულის წვენი. გაიწმინდეთ სახე დილით და სარამოს.

გვირილა


ყველასთვის ცნობილია, როგორც სილამაზის ნამდვილი საგანძური. კოსმეტოლოგია გვირილას თითქმის ყველა მიმართულებით იყენებს.
მარტივი რეცეპტი: კანის ტონუსის ასამაღლებლად სახეზე გვირილის ნაყენი წაისვით.
გაითვალისწინეთ, გვირილის ნაყენმა და ნახარშმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომაც ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენების შემდეგ, თუ შენიშნეთ, რომ კანი გაგიწითლდათ ან აგექერცლათ, შეწყვიტეთ მათი გამოყენება.

კალენდულა

კალენდულას ანუ გულყვითელას, აღმდგენი, დამამშვიდებელი და ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
ისევე როგორც ალოესა და გვირილას, მასაც ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში.
მარტივი რეცეპტი: გამოიყენეთ კალენდულის ნაყენი როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება - გაიწმინდეთ სახე დილით და საღამოს.

ჟენშენი

ჩინეთში ჟენშენს სიცოცხლის ფესვს უწოდებენ. სამკურნალოდ და სილამაზისთვის მას 5 000 წელზე მეტია იყენებენ. ის ტონუსს მატებს, არბილებს და აახალგაზრდავებს კანს.
მარტივი რეცეპტი: ჟენსენი პოპულარული გახდა როგორც გამელოტების საწინააღმდეგო საშუალება. ჟენშენის ფხვნილი გააზავეთ წყლით, გააჩერეთ 2-3 საათით და მიღებული ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ ერთი საათით და ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

კრაზანა

ამ ნათელ ყვითელ მცენარეს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებაში, მას ფართოდ იყენებს ხალხური მედიცინაც. კრაზანა მდიდარია С ვიტამინითა და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებით. ამიტომაც ხშირად უმატებენ ნორმალური და ცხიმიანი, გამონაყარისადმი მიდრეკილი კანისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ საშუალებებში.
მარტივი რეცეპტი: თმის გასაძლიერებლად 3 სუფრის კოვზ ხმელ კრაზანას დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 20-30 წუთით, გადაწურეთ და გადაივლეთ თმაზე თავის დაბანის შემდეგ.

ჭინჭარი

ჭინჭარი მდიდარია სხვადასხვა ვითამინითა და სასარგებლო ნივთიერებებით. მას არა მარტო ხალხურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში, კულინარიაშიც აქტიურად იყენებენ.
მარტივი რეცეპტი: ჭინჭრის ნაყენი დაგეხმარებათ თმის ჯანმრთელობისა და ბზინვარების აღდგენა-შენარჩუნებაში. ერთი ჭიქა ჭინჭრის ნაყენი გააზავეთ ნახევარ ლიტრ თბილ წყალში და გადაივლეთ დაბანილ თმაზე.

პიტნა

დიდი წარდგენა არც მას სჭირდება. პიტნა პოპულარულია მედიცინაშიც, კოსმეტოლოგიაშიც კულინარიაშიც.
მარტივი რჩევა: პიტნა ფერიმჭამელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. 1 ჩაის კოვზ ხმელ პიტნის ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 30 წუთით. გაიწმინდეთ სახე დილით და საღამოს.

ლავანდა

დამამშვიდებელი თვისებების წყალობით, ლავანდას შეუძლია გამონაყარისგან დაგიცვათ. კოსმეტოლოგიაში მას ცხიმიანი და პრობლემური კანის სამკურნალოდ იყენებენ. ასევე, უმატებენ ნებისმიერი ტიპის თმისთვის განკუთვნილ შამპუნებში.
მარტივი რჩევა: ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის - 1 წვეთ ლავანდის ზეთს დაუმატეთ 2 წვეთი ლიმონისა და ევკალიპტის ზეთი და შეიზილეთ ფრჩხილებსა და ნუნებში. შეგიძლიათ ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეოროთ.

როზმარინი

მისი ძლიერი ანტიბაქტერიული და მატონიზებელი თვისებები ფართოდაა ცნობილი. ხელს უწყობს თმის ზრდას, აშორებს ქერტლს.
მარტივი რეცეპტი: როზმარინის ზეთის გამოყენებით შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი, ოღონდ გაითვალისწინეთ, როზმარინის ზეთი აუცილებლად უნდა შეურიოთ ზეითუნის ან სხვა მცენარეულ ზეთს. სუფთა სახით როზმარინის ზეთის გამოყენებამ შეიძლება კანის დამწვრობა გამოიწვიოს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS