25 მარტი, 2016
როგორ დავეხმაროთ გულწასულ ადამიანს
გონების დაკარგვას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ექსტრემალურ სიტუაციაში რომ არ დაიბნეთ, კარგია იცოდეთ, როგორ აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება გულწასულ ადამიანს.

უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ. მანამდე კი:
თუ გულწასული ადამიანი ბევრ ხალხში ან დახურულ სივრცეში იმყოფება, შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე. თუ ქუჩაში სიცხეში დაკარგა გონება, სასწრაფოდ გრილ ადგილას გადაიყვანეთ (გრილ სადარბაზოში, შენობაში, ჩრდილში).
შეეცადეთ გულწასული ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დააწვინოთ. თავს სისხლი უკეთ რომ მიეწოდოს, ფეხები ააწევინეთ. ოღონდ ასე მხოლოდ
იმ შემთხვევაში უნდა მოიქცეთ, თუ თავის ტრავმა არ აქვს მიღებული.

თუ გონების დაკარგვას თან ახლავს პირღებინება, რომ არ გაიგუდოს, ასევე, ენა რომ არ ჩაეყლაპოს, გვერდზე დააწვინეთ. თუ დაწვენის საშუალება არ არის, დასვით და თავი მუხლებამდე დააწევინეთ.

შემდეგ შეეცადეთ კანის რეცეპტორები გაუღიზიანოთ - სახეზე ცივი წყალი შეასხურეთ, დაუზილეთ ყურის ნიჟარები, ლოყებზე შემოარტყით, სახე სველი ტილოთი დაუზილეთ, შეუხსენით გულისპირი, ქამარი, კორსეტი, გამოაღეთ ფანჯარა. ბამბის ტამპონი დაასველეთ ნიშადურში ან ძმარში და შეასუნთქეთ. ტამპონი ცხვირიდან 1-2 სანტიმეტრის დაშორებით უნდა დაიჭიროთ.

თუ სხეულის ტემპერატურა დაეცა, თბილი საფარებელი შემოახვიეთ.

როცა გონს მოვა:

არ შეიძლება მაშინვე რამე დაალევინოთ ან აჭამოთ.

არ შეიძლება მაშინვე წამოყენება. გონს მოსვლიდან მხოლოდ 10-30 წუთის შემდეგ შეიძლება წამოდგეს.

თუ მთელი ამ მცდელობის მიუხედავად ადამიანი გონს ვერ მოდის, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ თავისუფლად მიეწოდება თუ არა ჰაერი სასუნთ გზებს, გაუსინჯეთ პულსი, შეუმოწმეთ სუნთქვა.

თუ პულსი და სუნთქვა არ იგრძნობა, გაუკეთეთ არაპირდაპირი მასაჟი გულზე და ხელოვნური სუნთქვა.

სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ გონება მოხუცმა ან ბავშვმა დაკარგა. მაშინაც კი, თუ ისინი სწრაფად მოვიდნენ გონს. მათ შემთხვევაში საქმე შეიძლება გაცილებით სერიოზულად იყოს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS