მშრალი კოჟრი
მშრალ კოჟრთან ბრძოლა, ცოტა არ იყოს, შრომატევადი საქმეა. ყოველდღიურად დაითბილეთ ფეხები ცხელ საპნიან წყალში. კოჟრი სწრაფად რომ დარბილდეს, წყალს სოდა დაუმატეთ. დარბილებული კოჟრი ფრთხილად გაიხეხეთ პემზით. თუ ამით სასურველ ეფექტს ვერ მიაღწიეთ, ფეხების აბაზანის შემდეგ კოჟრზე სალიცილის მალამო წაისვით - ის არბილებს გარქოვანებულ კანს.
თუ მშრალი კოჟრი ძალიან გარქოვანებულია და შინაურ პროცედურებს არ ექვემდებარება, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს ან ქირურგს.
წყლულოვანი კოჟრი
ის ძალიან სწრაფად ჩნდება. შეიძლება სწრაფად გასკდეს კიდეც, მაგრამ ასევე სწრაფად შეხორცდება, თუ არ შეეხებით და არ "შეაწუხებთ".
წყლულოვანი კოჟრი და კანი მის ირგვლივ საპნიანი წყლით ან სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებით (ბრილიანტის მწვანე, არაყი) დაიმუშავეთ. თუ წყლული ძალიან დიდია, შეგიძლიათ კანი სტერილური ნემსით ოდნავ გახვრიტოთ, რომ სითხე გადმოიღვაროს. ამის შემდეგ აუცილებლად დაიდეთ სტერილური სახვევი ან ბაქტერიციდული სალბუნი ("პლასტირი").
არავითარ შემთხვევაში არ მოიჭრათ წყლულოვანი კოჟრის კანი მაკრატლით და არ გამოიყენოთ არასტერილური ნემსი - შეიძლება ინფექცია შეიჭრას.
სოფიო ბულაური