13 მარტი, 2016
როგორ მოვუაროთ კანს თვალების ირგვლივ - ალოეს გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
თვალების ირგვლივ ნაოჭები ერთ-ერთი პირველი გასცემს ასაკს, ამიტომ სახის ამ მონაკვეთს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამაში ხალხური კოსმეტიკა დაგეხმარებათ.

დამატენიანებელი ნიღაბი

კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი დატენიანება. ამ პრობლემას კარგად უმკლავდება კვერცხის გული.
ერთ კვერცხის გულს დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ერთი კაფსულა ვიტამინი Е, კარგად აურიეთ, მიღებული მასა წაისვით კანზე და 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მატონიზებელი ნიღაბი

შეურიეთ ერთმანეთში ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული
მასა მსუბუქად შეიზილეთ თვალების ირგვლივ. 10 წუთის შემდეგ უბრალოდ დაინამეთ სველი ხელსახოცით, არ ჩამოიბანოთ.

კანმა ყველა კომპონენტი უფრო ღრმად რომ შეიწოვოს, ნიღაბი ძილის წინ გაიკეთეთ. ზეითუნის ზეთის გარდა, თვალების ირგვლივ კანის მოსავლელად იყენებენ ქაცვის, გარგარის, ატმისა და ნუშის ზეთს. ისინი შეგიძლიათ წაისვათ როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთში შერეული. უბრალოდ, დაისველეთ თითები ზეთში და მსუბუქად შეიზილეთ თვალების ირგვლივ კანში. ზეთი კანმა მთლიანად უნდა შეიწოვოს, მისი ჩამობანა რეკომენდებული არ არის.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ბუნებრივი კომპონენტებიდან ნაოჭებს საუკეთესოდ ებრძვის ალოე. ასე რომ, თვალების ირგვლივ ნაოჭების შესამცირებლად და პროფილაქტიკისთვის, ამ მონაკვეთზე ალოეს წვენი რაც შეიძლება ხშირად შეიზილეთ. ეს ძალიან მარტივია: მოწყვიტეთ ალოეს ფოთოლი, გამოწურეთ წვენი და მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ თვალების ირგვლივ კანზე. სითხე კანმა მთლიანად უნდა შეიწოვოს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS