01 მარტი, 2016
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რძეში მოხარშული კომბოსტო?
ბოსტნეულს არა მარტო ჯანმრთელობის, სილამაზის შენარჩუნებაშიც შეუძლია დიდი დახმარების გაწევა.

მაგალითად, ნედლ კომბოსტოს, ასევე კომბოსტოს მწნილსა და მწნილის წვენს კანის გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.

სტაფილო კარგია ცხიმიანი და პრობლემური, ასევე ფერმკრთალი და მოდუნებული კანისთვის.

ყაბაყისა და კიტრის ნიღბები ყველა ტიპისა და ასაკის კანს უხდება, თანაც კიტრის წვენი შეიძლება არც ჩამოიბანოთ.

პომიდორი ორგანულ მჟავებს შეიცავს, რომლებიც კანს უფრო რბილსა და ელასტიკურს ხდიან, ამასთან, აღადგენენ კანის უჯრედებს.

კარტოფილი მიკროელემენტებისა და ვიტამინების საბადოა, კარტოფილის ნახარშიც კი სასარგებლოა კანისთვის.

ნიღბები
მშრალი კანისთვის

1. კომბოსტოს ფურცელი რძეში მოხარშეთ, გაქენით ფაფისმაგვარი მასის მიღებამდე და სახესა და ყელზე წაისვით.

2. მოხარშული თბილი კარტოფილი გაქენით, დაუმატეთ კიტრის ან პომიდვრის წვენი, აურიეთ და წაისვით სახეზე.

3. ყაბაყის თხელი ნაჭრები დაიწყვეთ სახესა და ყელზე. ეს ნიღაბი აფერხებს დაბერებისა და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს.

4. პომიდვრის რბილობის ფაფისებურ მასას შეურიეთ ზეითუნის ზეთი და სახამებელი.

5. ახალგამოწურული ხახვის წვენი და თაფლი თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში. ასეთ ნიღაბს მათეთრებელი ეფექტი აქვს.

ნიღბები ცხიმიანი კანისთვის

1. წვრილად გახეხილ სტაფილოს დაამატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და სახეზე წაისვით.

2. ახალგამოწურულ კიტრის წვენს დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა, ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

3. გაქენით ნედლი კომბოსტოს ფოთლები, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და წაისვით სახეზე.

ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის

1. ცოტაოდენი სტაფილოს პიურე შეურიეთ კრემს, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ და წაისვით სახეზე.

2. დაიფინეთ სახეზე კომბოსტოს მწნილის ფოთლები ან უბრალოდ, გაიწმინდეთ სახე კომბოსტოს მწნილის წვენით.

3. კიტრის წვენი 10-წუთიანი ინტერვალებით სამჯერ წაისვით სახეზე და როცა ნიღაბი შეშრება, გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბები უნდა წაისვათ გაწმენდილ სახეზე, გაიჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში და გრილი ან ოდნავ თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS