ხელების სწორად დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მეშვეობით სხვადასხვა დაავადების გამომწვევი უამრავი ბაქტერია ვრცელდება.
სწორად ვიბანთ თუ არა ხელებს საიმისოდ, რომ საკუთარ თავს საფრთხე არ შევუქმნათ?
ამის გასარკვევად ექსპერიმენტის ავტორმა სპეციალური ულტრაიისფერი კამერა გამოიყენა და შეამოწმა სხვადასხვა მეთოდი, დაწყებული ჩვეულებრივი "გადაბანა და დაფერთხვიდან" , საფუძვლიანი 30-წამიანი დაბანით დასრულებული - ისე, როგორც ამას
მოხალისეს თავიდან წაუსვეს სპეციალური გელი, რომელიც ბაქტერიების იმიტაციაა, გამჭვირვალეა, მაგრამ ულტრაიისფერი დასხივებისას ჩნდება.
მოცემულ ფოტოებზე ხელის დაბინძურებული ზონები თეთრად ჩანს, სუფთა კი - მუქად.
გადაბანა და დაფერთხვა

ბევრი აკეთებს ასე: როცა არ არის საპონი ან პირსახოცი, ხელებს უბრალოდ გადაიბანენ და მალე რომ გაიშრონ, დაიფერთხავენ. მაშინაც კი, თუ საზოგადოებრივი ტუალეტით ისარგებლეს. ყველაზე ხშირად ასე მამაკაცები იქცევიან.
ესპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთი დაბანა არავითარ შედეგს არ იძლევა. რაც უნდა აკურატულად მოიქცეთ საპირფარეშოში, ხელებზე ბაქტერიები მაინც რჩება.
6-წამიანი დაბანა უსაპნოდ

ექვსი წამი საშუალო დროა, რომლის განმავლობაშიც უმრავლესობა ხელებს იბანს. საკმარისი ესეც არ არის. ხელები უნდა დაიბანოთ, სულ მცირე, 15 წამის განმავლობაში.
მედიკოსები შეგვახსენებენ, რომ ხელების დაბანისას მარტო ხელისგილები კი არ უნდა გავუსვათ ერთმანეთზე, არამედ თითებიც უნდა გადავაჭდოთ და მათი შიდა მხარეები კარგად დავიბანოთ. ასევე გულდასმით უნდა დავიბანოთ ფრჩხილების ირგვლივ ზონა, გამოვისუფთაოთ ფრჩხილები. სწორედ ფრჩხილების ქვეშ იყრის თავს ყველაზე მეტი ბაქტერია.
მნიშვნელოვანია, ასევე, ხელების კარგად გამშრალება. ქსოვილი ნარჩენი ბაქტერიების მოცილებაში დაგეხმარებათ, გარდა ამისა, სველი და ჭუჭყიანი ხელები ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა.
არავითარ შემთხვევაში არ შეიმშრალოთ ხელები სამზარეულოს ტილოზე.
6-წამიანი დაბანა საპნით

საპნით დაბანა იდეალური ვარიანტია. მართალია, საპონი ბაქტერიებს არ კლავს, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რაოდენობას. ამიტომ მაინცდამაინც დიდი აზრი არ აქვს ძვირად ღირებული ანტიბაქტერიული საპნის შეძენას. უმჯობესია შეარჩიოთ საპონი, რომელიც კარგად ქაფდება.
15-წამიანი დაბანა საპნით

ოპტიმალური ვარიანტია. ოღონდ გულდასმით დაიბანეთ თითოეული სანტიმეტრი, განსაკუთრებით ფრჩხილების ირგვლივ. მით უმეტეს, თუ ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა გაქვთ ან ხშირად ეხებით სახეს.
30-წამიანი დაბანა საპნით

იდეალური ვარიანტია, მაგრამ უსასრულოდ გეჩვენებათ. მიუხედავად ამისა, შედეგი სახეზეა, თუმცა 15-წამიანი საგულდაგულო დაბანისგან დიდად არ განსხვავდება.
გახსოვდეთ, ხელები აუცილებლად კარგად უნდა გაიმშრალოთ. ნუ შეიმშრალებთ მათ ტანსაცმელზე, თორემ ისევ დაგესვრებათ.
სოფიო ბულაური