ჩვენდა გასაოცრად აღმოვაჩინეთ, რომ ნინო ნადირაძე თავს საერთოდ არ უვლის, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ ყოველთვის კარგ ფორმაში იყოს.
- არ ვუვლი არც სახის კანს და არც თმას. საშინლად ცუდად ვექცევი საკუთარ თავს.
- როგორ ახერხებთ კარგ ფორმაში ყოფნას?
- ყოვედღე ძილის წინ 15 წუთი ვვარჯიშობ. ამას უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებ.
- რა ვარჯიშებს აკეთებთ?
- პრესის და ფეხების ვარჯიშს ვაკეთებ, ის, რაც ფიზკულტურის გაკვეთილზე გვისწავლია. არანაირად არაა რთული
- ასი პრესის გაკეთება საკმაოდ რთული უნდა იყოს.
- თავიდანვე ათით დავიწყე და ახლა ასს ვაკეთებ.
- კვებას თუ აქცევთ დიდ მნიშვნელობას?
- არ ვაქცევ არანაირ ყურადღებას კვებას. შეიძლება, მთელი დღე მშიერი ვიყო და ღამე ''მოვკვდე'' ჭამით და ხან პირიქით დილით ვჭამ ბევრს. ახლაც სახლში სამსახურიან მოვედი და პირველად ვჭამ საჭმელს და ყველაფერს ერთად ვჭამ.
- ეს ყველაფერი თქვენს წონაზე უნდა აისახებოდეს, მაგრამ ასე არ ხდება თქვენს შემთხვევაში.
- ჩემ შემთხვევაში ვარჯიში მშველის თან არასდროს ვყოფილვარ მსუქანი.
- დიეტა არასდროს დაგიცავთ?
- ოდესაც კუჭი გამიღიზიანდება, იმით რომ სამსახურში რაღაც უბედურება ''პერაჟკს'' შევჭამ, მერე ვიწყებ დიეტას, მაგრამ არა რაოდენობრივს, არამედ ხარისხობრივს.
- ხარისხობრივ დიეტაში რა შედის?
- უარს ვამბობ მწარეზე და შემჭვარ საკვებზე, რომ კუჭი ჩამიწყნარდეს. ჩემი ცხოვრების წესი მიუღებელია ჯანმრთელი ადამიანისთვის.
- ასეთი კვების გამო პროფესიით ექიმი მეუღლე არ გიბრაზდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისკენ არ მოგიწოდებს?
- სად მხედავს ჩემი მეუღლე. ერთმანეთს მხოლოდ ძილის წინ ორი საათით ვხვდებით და მაშინაც ბავშვების პრობლემებს ვარჩევთ.
- რადგან კვების პრობლემა არასდროს გქონიათ, ალბათ არც იცის, როგორ არაჯანსაღად იკვებებით.
- იცის, მაგრამ იმდენი პრობლემაა ცხოვრებაში, ჩემი კვების რეჟიმი მასთან არაფერია. რას ვჭამთ და რას ვსვამთ, არავინ იცის. თუმცა მე მიყვარს სახლის საჭმელი. კატლეტი პიურე, ბორში და ა.შ.
- თქვენ ამზადებთ?
- იყო დრო, როდესაც მე ვამზადებდი. ახლა დამხმარე ქალბატონი მყავს, რომელიც მეხმარება საჭმელების მომზადებაში.
- თმას არ ვუვლიო მითხარით, მაგრამ არაჩვეულებრივი თმა გაქვთ.
- თმას სახლში ვიღებავ კარგი საღებავით.
- სალონში არ დადიხართ?
- ყველას ჰგონია, რომ სალონში დიდ დროს ვატარებ, მაგრამ ამისი არც დრო მაქვს და არც საშუალება. ვინც კარგად მიცნობს და ჩემთან ერთად ვინც მუშაობს, იცის ჩემი რეჟიმი. კარგია, თუ ჰგონიათ, რომ სალონებში დიდს დროს ვატარებ. ე.ი. კარგად გამომდის თავის მოვლა.
- სახის კრემს ხმარობთ?
- ერთი სახის კრემი მაქვს. მეზარება დღის და ღამის სხვადასხვა კრემი ვიხმარო. ტანის კრემს პერიოდულად ვიყენებ.
- ბებიის დანატოვარ რაიმე რეცეპტს იყენებთ?
- არც ბებიების, არც ბაბუების რეცეპტს არ ვიყენებ და ზოგადად რეცეპტები ცხოვრებაში არ მაქვს. ვცხოვრობ და რაც მოხდება, ხვალ ვნახავ.
- ქალებს რას ურჩევდით.
- თავის მოვლაში მე არ მომბაძონ.
მერი კობიაშვილი