01 ნოემბერი, 2015
დღეში რამდენი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ – იდეალური ცხრილი წონისა და დაავადებების მიხედვით
როცა გწყურია, ცხადია, წყურვილი უნდა დაიკმაყოფილო, რას დალევთ, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, უნდა გაითვალისწინოს, რომ გაზიანი სასმელები სასარგებლო სასმელთა ჯგუფს არ განეკუთვნება.

რაც შეეხება საკითხს, მავნეა თუ არა წყლის დალევა ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, დიეტოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჭამის წინ მირთმეული წყალი მალე ტოვებს ცარიელ კუჭს და არაფერს ვნებს, ჭამის შემდეგ მირთმეული ცივი წყალი კი საჭმლის მონელების პროცესს არღვევს: საკვები მალე ტოვებს კუჭს და შიმშილის გრძნობა ჩვეულებრივზე სწრაფად შეგაწუხებთ, ეს
კი ზედმეტი კილოგრამების საფრთხეს ქმნის.

ჯანმრთელი ადამიანისთვის ორგანიზმის სათანადო რაოდენობის წყლით მოსამარაგებლად მარტივი მეთოდი არსებობს - დილიდანვე მოიმარაგეთ 1,5 ლიტრი სასმელი წყალი და ყოველ 10-15 წუთში თითო ყლუპი მოსვით. ეს გაუწყლოებისგან, ესე იგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრი პრობლემისგან დაგიცავთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, ლაპარაკია სასმელ წყალზე.

სითხის ნაკლებობის დროს ორგანიზმი წყურვილის გრძნობით იძლევა სიგნალს, მაგრამ ხშირად გაუწყლოების დროს წყურვილის გრძნობა არც წარმოიქმნება, ამიტომ ადამიანი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ ორგანიზმს სითხე არ ჰყოფნის, ეს კი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

თუ სწრაფად იღლებით, გაქვთ დაბალი წნევა, გრძნობთ წყურვილის შემოტევას, თვალების ქვეშ მუქი რგოლები გაგიჩნდათ, ესე იგი თქვენს ორგანიზმს სითხე არ ჰყოფნის. მეორე მხრივ, ჭარბი რაოდენობით წყლის სმაც არ შეიძლება. თუ ბევრ წყალს სვამთ და თირკმლები სრულყოფილად ვერ ახერხებს მის გადამუშავებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, არტერიული წნევის მომატება. თუ რომელიმე ზემოაღნიშნული პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და არავითარ შემთხვევაში არ შეუდგეთ თვითმკურნალობას.

სხვადასხვა წონის ადამიანისთვის წყლის დღიური ნორმა განსხვავებულია. დიეტოლოგების აზრით, ადამიანმა თავის წონის თითოეულ კილოგრამზე 30-40 მილიგრამი წყალი უნდა დალიოს.

მაგალითად, 50 კილოგრამამდე წონის ადამიანმა დღეში 1,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ სითხეს იღებს ხილ-ბოსტნეულისაგან და წვნიანების სახით.

ადამიანმა, რომელიც 80 კილოგრამს იწონის, დღეში 2-2,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის პრობლემები არ აწუხებს, შეუძლია ბევრ წყალი დალიოს, განსაკუთრებით სიცხეში და ფიზიკური დატვირთვისას, მაგრამ ზომიერების გრძნობა მისთვისაც აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გულმა და თირკმელებმა შეიძლება, დატვირთვას ვერ გაუძლოს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS