უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმ ადგილების ზედმიწევნით ცოდნა, სად უნდა მოათავსოთ თესლები. ფეხისა და ხელის მტევანი ჯანმრთელობის მართვის ნამდვილ დისტანციურ პულტს წარმოადგენს.
თითოეული პატარა თესლი სინამდვილეში უდიდესი ენერგიის ერთობლიობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, როცა გარკვეულ წერტილებზე ათავსებთ მათ, ორგანიზმი იღებს გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ენერგიას.
თვით ადამიანის სხეული უხვად შეიცავს ენერგეტიკულ გზებს, არხებს, მერიდიანებს. მცენარეთა თესლებს ამ არხების მიმართულებით ან მათ საწინააღმდეგოდ თუ მოათავსებთ, მნიშვნელოვნად შეიძლება შევცვალოთ ორგანიზმის ენერგია.
ხელი და მისი „კოლეგები“
ხელის მტევანი ჩვენი სხეულის თავისებური პროექციაა. ცერა თითი თავია, საჩვენებელი და ნეკა თითები - ხელები, შუა და არათითი - ფეხები, ხელისგული კი - ტანი. მტევნის ზედა მხარე შეესაბამება იმ ორგანოებს, რომლებიც მოთავსებულია ჩვენი სხეულის უკანა ნაწილში (ხერხემალი, თირკმლები), ხოლო ხელისგული - შინაგან ორგანოებს.
აღმოსავლელ ექიმებს მიაჩნიათ, რომ ცერა თითის პირველი ნაწილი კურირებს უშუალოდ თავს, მეორე - კისერს, საჩვენებელი და ნეკა თითის პირველი ფლანგი კი პასუხისმგებელია მტევანზე, ამავე თითების მეორე ნაწილი - სხეულის წინა მხარეზე. შუა და არათითის ფლანგები პასუხს აგებენ ფეხებზე - პირველი ფლანგი ტერფია, მეორე - მუხლი, მესამე - თეძო.
ხელისგული პასუხისმგებელია მკერდზე, შუა თითისა და ხელისგულის საზღვარი - დიაფრაგმაზე.
ცერა თითზე დაიხატეთ ადამიანის სახე (თვალები, ცხვირი, პირი, ყურები). ახლა უკვე ზუსტად იცით ის წერტილები, სადაც უნდა მიიმაგროთ ჯადოსნური თესლები თავის სხვადასხვა დაავადების დროს. მაგალითად, თუ კონიუნქტივიტი გაქვთ ან კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობთ, წიწიბურას ან ვაშლის ორი თესლი ცერა თითის ბალიშზე, იმ წერტილებში მიიმაგრეთ, სადაც დახატულია თვალები.
იოლად მოგიხსნით ყურის ტკივილს, თუ იმავე თესლებს თითზე დახატული კაცუნას ყურების მიდამოებში დაამაგრებთ და მთელი დღე გააჩერებთ. შუა თითის პირველი და მეორე სახსრის მოხრის ადგილებში მოთავსებულია კისრის შესაბამისი ნაწილები. ამიტომ, თუ შეგაწუხათ ხველამ, ყელის ტკივილმა ან დაკარგეთ ხმა, მარცვლები ამ ადგილებში მიიმაგრეთ. მასაჟის გამოყენებით იოლად შეიძლება გავუმკლავდეთ თავის ტკივილს, გრიპს, კბილისა და ყურის ტკივილებს, შევამციროთ მუცლის ტკივილი, დავარეგულიროთ არტერიული წნევა.
1. მასაჟის დაწყების წინ მაქსიმალურად მოდუნდით და ყურადღება გადაიტანეთ მასტიმულირებელ წერტილზე.
2. სანამ შეეხებოდეთ სასურველ წერტილს, ხელები მსუბუქად შეითბეთ, რათა სისხლის ცირკულაცია გააძლიეროთ.
3. თუ წერტილი სწორადაა შერჩეული, მასზე მსუბუქი ზეწოლისას ტკივილს იგრძნობთ. თითის მოძრაობა უნდა იყოს წრიული, საათის ისრის მიმართულებით.
4. გსურთ ტკივილი დაიამოთ? მაშინ მასაჟი უნდა იყოს უწყვეტი, თავიდან მსუბუქი, შემდეგ კი ძლიერი. თითოეული წერტილის მასაჟის საერთო ხანგრძლივობაა 3-5 წუთია.
5. თუ გსურთ მასაჟი გამოიყენოთ, როგორც მატონიზებელი საშუალება, მაშინ მოქმედება უნდა იყოს ძალიან მოკლე, მაგრამ ძლიერი, თითის სწრაფი აღებით. ამ შემთხვევაში თითოეული წერტილის მასაჟის ხანგრძლივობა 1 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
კესო ლაღიძე