უპირველეს ყოვლისა, ხილიც და ბოსტნეულიც გემრიელია და იოლად ხელმისაწვდომია. ამასთან მათი შეხამება ნებისმიერ სხვა საკვებთან მარტივად და ყოველგვარი საფრთხის გარეშე შეიძლება.
ხილ-ბოსტნეული გამოირჩევა მდიდარი მინერალური შემადგენლობით, ვიტამინებით,
ბოსტნეული არ შეიცავს ბევრ კალორიას. ერთი ულუფა ბოსტნეულის სალათა საფუძვლიანად დაგანაყრებთ ყოველგვარი ზედმეტი კალორიების გარეშე, ამასთან, უამრავი სასარგებლო ნივთიერებით მოგამარაგებთ.
იგივე შეიძლება ითქვას ხილზეც. საქმე ისაა, რომ დიეტის დროს ცდილობენ, ნაკლებად მიირთვან ტკბილი ხილი. ამგვარი დამოკიდებულება ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. შესაძლოა, რამდენადმე უნდა შეიზღუდოს ისეთი კალორიული ხილის მიღება, როგორიც ბანანი და ყურძენია, მაგრამ ხშირად ისინი კარგად ეწერებიან სხვადასხვა დიეტაში და არანაირ პრობლემას არ ქმნიან.
დიეტურ სალათებში ჩართულია სოკოც. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რადგან სოკო დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოკოში ცილა წარმოდგენილია ქიტინით, რომელიც პრაქტიკულად არ გადამუშავდება და უჯრედისის მსგავს ბალასტურ ნივთიერებას წარმოადგენს, ყველაფერი გასაგები იქნება.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა:
შეეცადეთ, რამდენიმე ფერის მცენარეული საკვები მიირთვათ. ეს საშუალებას მოგცემთ, რაც შეიძლება გაამრავალფეროვნოთ მიღებული სასარგებლო ნივთიერებები.
უპირატესობა უმ მცენარეულ საკვებს მიანიჭეთ, განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს, ამასთან, ნურც თერმულად დამუშავებულ ხილ-ბოსტნეულს უგულებელყოფთ. ზომიერად ბოსტნეულის მწნილიც შეგიძლიათ მიირთვათ.
დიეტის დროს მიირთვით რაც შეიძლება მეტი სეზონური ხილი, ისინი გამოირჩევიან გაცილებით მაღალი გემოვნური თვისებებით და ბევრად იაფია.
მცენარეული საკვები გამოყენებამდე 1-2 საათით ადრე წყალში ჩააწყვეთ, ასე შეძლებთ, ნიტრატებისა და მათი მოყვანისას გამოყენებული სხვა მავნე ნივთიერებების რაოდენობის რამდენადმე შემცირებას.
ჟურნალი „რეიტინგი“