13 ივლისი, 2015
ნატუკა გულისაშვილის კოსმეტოლოგი ბებიის დანატოვარი შეუდარებელი რეცეპტები
მსახიობი ნატუკა გულისაშვილი „იმედის დილაში“ მუშაობს, პარალელურად სხვა სამსახურებიც აქვს, თუმცა გადაღლილობა საერთოდ არ ეტყობა. ეს კი თავის მოვლის სწორად არჩეული მეთოდების დამსახურებაა. ნატუკა ასაკს არ მალავს, რამდენიმე თვეში 44 წლის გახდება. თუმცა მსახიობი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

- ნატუკა, სახის კანს როგორ უვლით?
- არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი, იმიტომ არა, რომ თავის მოვლის ეს მეთოდი არ მომწონს, უბრალოდ, ვფქირობ, რომ ჯერ არ მჭირდება. დავდივარ ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც რადიოფრაქციული ტალღებით ვიტარებ პროცედურებს, ამ პროცედურას თერმოლიფტინგსაც
უწოდებენ. დილით ადრე მიწევს სახლიდან გასვლა, „იმედის დილაში“ მისვლა რომ მოვასწრო. შაბათ- კვირას რადიოში ვმუშაობ. საშინელი გრაფიკი მაქვს.

ამ პროცედურის მერე კი, სახის ყველა კუნთი იღვიძებს და ჩაშავებული თვალებით ყოფნა აღარ მიწევს. სპეციალურ სახის კრემებს არასდროს ვიყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ ბებია კოსმეტოლოგი მყავდა. არც ვცდილობ, ვიხმარო ქიმიურ კომპონენტებზე დამზადებული კრემები, რადგან თანამედროვე მეთოდები მერე აღარ გაამართლებს. ვხმარობ მხოლოდ ბუნებრივ კრემებს, რომელიც ღეროვან უჯრედებზეა დამზადებული.

- ბებიას რა რჩევებს ითვალისწინებთ?
- რჩევებს ვითვალისწინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახის დახმარება სახის კანს არ სჭირდება. მაგალითად როდესაც მარწყვი მაქვს სახლში ათ ცალს ვჭამ და ათ ცალს სახეზე ვიდებ. ასევე ვიქცევი კიტრის ჭამის დროს. კიტრს ვფცქვნი და კანს სახეზე ვისვამ. ეს დაახლოებით ისეთი ჩვევაა, როგორც კბილს ვიხეხავთ ყოველ დილას. შვრიის ფაფას როდესაც ვაკეთებ, ცალკე ჭიქაში დავალბობ ხოლმე რამდენიმე კოვზს და მერე სახეზე რამდენიმე წუთით ვისვამ. ეს ყველაფერი კანს კვებავს. ვცდილობ, ყველაფერი ბუნებრივი შევახო ჩემ სახეს.

- ბებიისგან ნასწავლი რაიმე რეცეპტი იცით, რომელიც ყველა ტიპის სახის კანისთვის კარგია?
- ბებია გვირჩევდა, ახალი ხილისგან მომზადებული ფაფა სახეზე და ხელებზე წაგვესვა.

- ფაფა როგორ მზადდება.
- აიღეთ, ერთი ცალი გარგარი და ერთი ცალი ატამი და გახეხეთ. შეგიძლიათ, ამ ყველაფერს ძალიან ცოტა სელის ზეთი დაუმატოთ სუფთა სახეზე წაისვით რამდენიმე წუთით. პირადად მე ხანდახან ვიღებ ცოტა მჭადის ფქვილს და ძალიან ცოტა სოდას და სახეს ვიწმენდ. ასევე არაჩვეულებრივია ნალექიანი ყავის ნალექით სახის გაწმენდა. ყავა უშაქროდ უნდა იყოს მოდუღებული. ძალიან კარგი რეცეპტები მაქვს რუჯის ლამაზად მიღებისთვის. ნიგვზის ზეთი ძალიან თხლად გადაისვით სახეზე რუჯის მიღებამდე. ასევე კარგია, თუ ერთ წილ ზეითუნის ზეთს და სტაფილოს წვენს აურევთ ერთმანეთში და რუჯის მიღებამდე წაისვამთ.  ეს ნარევი დ ვიტამინს შეიცავს დიდი რაოდენობით და თვალების გარშემო თუ წაისვამთ, სწორ რუჯსაც მიიღებთ და ნაოჭებსაც შეებრძოლებით.

- თმას უვლით განსხვავებული მეთოდით?
- წელს გადავწყვიტე, სახლის პირობებში გამეღიავებინა თმა და საშინლად დავიწვი. როდესაც მთელი ცხოვრება შავი თმა გაქვს და უცბად სახლის პირობებში ჩამოირეცხავ და გაღიავებას შეეცდები, აუცილებლად დაგეწვება თმა. დამწვარი თმის სამკურნალოდ აბუსალათინის ზეთს ვიყენებ. ვცდილობ, ფენით ნაკლებად გავიშრო. მით უფრო ზაფხულში. ორ თვეში ერთხელ ექვსი კვერცხის გულს ვთქვეფ და თმას საგულდაგულოდ ვიბან. ეს თმას ოდნავ არბილებს, მაგრამ ვერ გეტყვით, რაიმე მეთოდი არსებობს დამწვარი თმის სტრუქტურის აღსადგენად-მეთქი.

კიდევ არსებობს ხორბლის, ღვინის და თევზის ცხიმის ნარევი, ეს წამალი აფთიაქებში იყიდება და რომელსაც სეზონურად ვიღებ. გარეგნულად ვეღარაფერს ვშველი, უბრალოდ უნდა ეცადო, რომ ახალი თმა იყოს ჯანმთელი, დამწვარი კი უნდა მოიჭრა. თმისთვის ძალიან კარგია ნარევი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება. ერთი ცალი წითელი წიწაკა ჩააგდეთ ნახევარ ლიტრ სპირტში, სპირტი არ უნდა იყოს 96 პროცენტიანი. დაუმატეთ ორი კბილი ნიორი და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში გრილ ადგილას. შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებში. ეს ნარევი თმას სწრაფად გაზრდაში ეხმარება.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დალიდა
დამწვარი თმისთვის ძალიან კარგია მაიონეზში ჩაწვეთებული აბუსალათინის ზეთი,ეს ნაზავი 10 წუთი უნდა გაიჩერო თმაზე და შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით უნდა ჩამოიბანო (2 ს/კ მაიონეზს +5 წვთ.ზეთი)მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ,ოღონდაც ვცდილობ ფენი არ გამოვიყენო.სცადეთ
17:46 / 14-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS