01 ივნისი, 2015
ხაჭო - იდეალური საშუალება სახის მოვლისთვის (რეცეპტები რომალებისგან)

 

თანამედროვე ქალბატონები კანის მოსავლელად სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბუნებრივ საშუალებებს.

ამჯერად ხაჭოსგან დამზადებულ რეცეპტებს შემოგთავაზებთ და აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ოცდამეერთე საუკუნის მიგნება არ გახლავთ, ამ მიზნით ხაჭოს ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყენებდნენ, მათ კი ნამდვილად იცოდნენ სილამაზის ფასი.

ბუნებრივი ხაჭო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის აახალგაზრდავებს, კვებავს, ატენიანებს კანს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.

ხაჭო განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის, ცხიმიან კანზე მისი გამოყენება კი არ ღირს, ყოველ შემთხვევაში, სხვა კომპონენტების
დამატების გარეშე.

ხაჭო და სტაფილოს წვენი

ორი სუფრის კოვზი ხაჭო და ამდენივე სტაფილოს წვენი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი - უმჯობესია ზეითუნის, ნუშის ან სელის. მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ სახის კანზე და 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ სასურველია, მკვებავი კრემი წაისვათ.

ხაჭო და არაჟანი

ამ ნიღაბს მათეთრებელი თვისებაც აქვს - საკმარისია, თანაბარი რაოდენობის ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში აურიოთ და სახეზე წაისვათ.

თუ ამ მასას ცოტაოდენ ზღვის მარილს დაუმატებთ, შეგიძლიათ, სკრაბის სახით გამოიყენოთ, ოღონდ დიდხანს ნუ გაიჩერებთ, მარილმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს სახის კანზე.

ხაჭო მოდუნებული კანისთვის

მოდუნებული კანის გამოსაცოცხლებლად ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ხაჭო, ზეითუნის ზეთი, ფორთოხლის წვენი და მიღებული მასა სახეზე წაისვით, 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
მათეთრებელი ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ, ერთმანეთში ხაჭო და თხიერი თაფლი აურიოთ.

ხაჭო კიტრითა და ოხრახუშით

ერთმანეთში აურიეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, წვრილად გახეხილი კიტრი და ხაჭო, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. ეს ნიღაბი ათეთრებს და აცოცხლებს კანს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნიღბისთვის უნდა გამოიყენოთ შინაური, ნატურალური ხაჭო. აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხართ თუ არა ალერგიული.

ხაჭოს ნიღბების ერთი კურსი შედგება 5-7 ყოველკვირეული ნიღბისგან. შემდეგ ერთი თვით უნდა შეისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეოროთ.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS