08 მაისი, 2015
ჭინჭარი და ბაბუაწვერა ავიტამინოზის წინააღმდეგ
ჭინჭრის ნაყენი და ნახარში ორგანიზმს ოპერაციის შემდეგ ძალების აღდგენაში ეხმარება გაზაფხულზე, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ვიტამინების მარაგი თითქმის ამოწურულია, მათ შევსებაში ახალამოსული ქორფა ბალახეული დაგეხმარებათ.
მინდვრის მხალი საქართველოში, შეიძლება ითქვას, ტრადიციული საკვებია და მისი სასარგე-ბლო თვისებებიც ფართოდაა ცნობილი. ამჯერად შეგახსენებთ, რით არის სასარგებლო ჭინჭარი და ბაბუაწვერა.


ჭინჭრის სასარგებლო თვისებები

ქორფა ჭინჭარი სასარგებლო ნივთიერებების საბადოა, ის სასიკეთოდ მოქმედებს არა მარტო გარეგანი, არამედ შინაგანი გამოყენების დროსაც.

ჭინჭარი წარმატებით უმკლავდება ავიტამინოზს, აქვს ანთებსაწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი თვისებები, ხელს უწყობს ჭრილობების
შეხორცებას, აუმჯობესებს მხედველობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და შარდის ბუშტის მუშაობას.

ჭინჭრის ნაყენი და ნახარში ორგანიზმს ოპერაციის შემდეგ ძალების აღდგენაში ეხმარება. ამსუბუქებს მენსტრუალურ და კუნთების ტკივილს, სისხლსა და ქსოვილს ჟანგბადით ამარაგებს, გამოდევნის ტოქსინებს, აქვეითებს შაქრის დონეს და ამაღლებს ჰემოგლობინს.

გარეგანი გამოყენებისას ჭინჭრის ნაყენი აქრობს ქერტლს და აფერხებს თმის ცვენას. ჭინჭრისგან ამზადებენ სახის კანის მკვებავ და დამამშვიდებელ ნიღბებს.
ქორფა ჭინჭარი შეგიძლიათ გაახმოთ ან გაყინოთ და ისე შეინახოთ, ის თითქმის მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და შეგიძლიათ, მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოთ, როგორც საკვებად, ისე სამკურნალოდ.

ჭინჭრის უარყოფითი თვისებები

ჭინჭრის ნაყენის, ნახარშისა და კერძების მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულებმა, ასევე მათ, ვისაც თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ათეროსკლეროზი აწუხებს. გარდა ამისა, ჭინჭარს შეიძლება, ალერგიული მოქმედებაც ჰქონდეს.
კოსმეტიკური და გარეგანი სამკურნალო მიზნით გამოყენებისას ჭინჭარს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებები

ბაბუაწვერა უნივერსალური მცენარეა – გამოიყენება მისი ფესვები, ღეროები, ფოთლები, კოკრები, ყვავილები. მისი მირთმევა შეიძლება როგორც ნედლი, ისე მოხარშული სახით. შეგიძლიათ მოამზადოთ ბაბუაწვერას სალათები, წვნიანები, ფაფები. მისგან ამზადებენ, აგრეთვე, ნაყენებსა და ჩაის, სამკურნალო ფხვნილებსა და კომპრესებს.

ბაბუაწვერას ქორფა ფოთლების წვენი მდიდარია ვიტამინებით და საუკეთესო მატონიზებელი და გამაჯანსაღებელი საშუალებაა. აწესრიგებს ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქვიშისა და ქვების გამოდევნას. ბაბუაწვერას ფოთლების ნაყენს აქვს შარდმდენი თვისება, აცხრობს შესივებას, ეხმარება ორგანიზმს საკვებით მოწამვლისას და სხვა სახის ინტოქსიკაციის დროს.

ნედლი ბაბუაწვერას ფესვების სალათა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

უარყოფითი თვისებები

ბაბუაწვერას არანაირი სახით გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აწუხებს ალერგია, ნაღველმდენი გზების დისკენზია, გასტრიტი და წყლული. გარდა ამისა, ამ მცენარის დიდი დოზ-ით გამოყენებამ შეიძლება, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც კი გამოიწვიოს დიარეა და პირღებინება. დაიცავით ზომიერება. კარგი იქნება, თუ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართავთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS