02 აპრილი, 2015
თუ ალერგია გაწუხებთ - პროფესიონალი ექიმის რჩევები
თუ გაქვთ მზის ალერგია, მიირთვით მეტი სტაფილო და მოერიდეთ მზეს არცთუ ისე ცივი ზამთრის შემდეგ ნანატრი გაზაფხული დადგა. ამ სეზონს თან ახლავს ალერგიული ფონი. სეზონური ალერგიები სწორედ გაზაფხულიდან, ყვავილობის პერიოდიდან იწყება, ამიტომაც ინტერვიუ ალერგოლოგ ქეთევან მაჭავარიანთან ჩავწერეთ, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი გახლავთ.

- როდესაც სეზონურ ალერგიებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მცენარეების ყვავილობის პერიოდს, რომელიც მარტიდან იწყება და შემოდგომის ბოლომდე გრძელდება. ტრადიციულად ადრეულ გაზაფხულზე ჯერ ხემცენარეები ყვავილობს, შემდეგ მას
მოსდევს მარცვლოვანები, ბალახები და სარეველა მცენარეები. თუ ყოველ მომდევნო სეზონზე ვლინდება ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თვალების ქავილი, ცრემლდენა, ცხვირცემინება, ცხვირიდან წყალივით გამონადენი, ცხვირ-ხახის ქავილი, ზოგჯერ ცხვირის გაჭედილობაც, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს უკავშირდება მცენარეების ყვავილობას და საქმე გვაქვს სეზონურ ალერგიასთან. ამ შემთხვევაში კი უნდა ჩატარდეს ალერგოლოგიული გამოკვლევები.

- ჩვენს მკითხეველს აინტერესებს, რამდენად გამართლებულია ალერგიის ხალხური მეთოდებით მკურნალობა?
- ხალხური მეთოდები ალერგოლოგიასთან მიმართებით ცოტა საფრთხილოა. როდესაც ამ გზით მკურნალობენ, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ სამკურნალო საშუალება არის არა ქიმიური, არამედ – მცენარეული. არადა, ამ დროს რომელიმე მცენარის ექსტრაქტზე დამზადებული ცხვირის წვეთები შეიძლება, საზიანოც კი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ პაციენტს ზუსტად იმ მცენარეზე ჰქონდეს ალერგია, რომლის ექსტრაქტზეც არის დამზადებული წამალი.
რასაკვირველია, ალერგიასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები არსებობს. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ სეზონური ალერგია და ეს დიდი ალბათობით მცენარეების ყვავილობას უკავშირდება, სასურველია, დღის პირველი ნახევარში, დილის 10-იდან 16 საათამდე გარეთ არ გახვიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრების წესი ამის საშუალებას გაძლევთ. ამ პერიოდში მოერიდეთ შენობის გარეთ ყოფნას, იყავით ისეთ გარემოში, სადაც დახურული იქნება ფანჯრები, მაგრამ იქნება ვენტილაცია. ასევე უმჯობესია, თუ ქარიან და მზიან ამინდში ან ახალ ნაწვიმარზე გარეთ არ გახვალთ, რადგან ამ დროს ჰაერში მცენარის მტვრის კონცენტრაცია მაღალია.

Rating

- სეზონური ალერგიის გარდა, კიდევ რა სახის ალერგიაა ფართოდ გავრცელებუ-ლი, თუნდაც ჩვენი გარემო პირობებიდან გამომდინარე?
- დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ალერგენების დაყოფის ასეთი კლასიფიკაცია: შენობის შიდა და შენობის გარე ალერგენები. რასაკვირველია, შენობის შიგნით უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი, ვიდრე მის გარეთ. მცენარეებზე რომ ვისაუბრეთ, ეს შენობის გარე ალერგენებია და სეზონურადაა ჩვენ ირგვლივ, მაგრამ შენობის შიგნით არსებობს ალერგენები, რომლებთანაც მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ესენი, პირველ რიგში, არის ოთახის მტვრის ტკიპები, რომლებიც თვალით უხილავია, იკვებებიან ადამიანის კანის (ეპიდერმისის) ჩამონაფცქვენით. ტკიპები კარგად გრძნობენ თავს იქ, სადაც საწოლია. ბალიში, ზეწარი, ლეიბი მათთვის ხელსაყრელი გარემოა. ძირითად ალერგენს წარმოადგენს მათი ცხოველქმედების პროდუქტები - ექსკრემენტები, რომლებიც ძალიან მსუბუქია, შეტივტივებულია ჰაერში და იწვევს სასუნთქი სისტემის ალერგიას: ალერგიულ სურდოს გართულებებით და ბრონქულ ასთმას. გარდა ამისა, შენობის შიგნით შეიძლება არსებობდეს სოკოვანი ალერგენებიც, იქ სადაც მოუწესრიგებელია სველი წერტილები, კედელია დაობებული და ა.შ. ასევე, არსებობს ალერგია შინაური ცხოველების მიმართ - კატის, ძაღლის და ა.შ.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ალერგია გვაქვს? რა არის ამის ძირითადი მახასიათებელი?
- სასუნთქი სისტემის ალერგიულობას თან ახლავს სურდოს ნიშნები, ცხვირცემინება, ცხვირ-ხახის, თვალების ქავილი. თუ გვაქვს მსტვინავი სუნთქვა, შებოჭილობა გულ-მკერდში, შეტევითი მშრალი ხველა და ამას კონკრეტულად ვერაფერს ვუკავშირებთ, თუნდაც ვერც გაციებას, ეჭვი გარკვეულ ალერგიულ დაავადებებზე უნდა მივიტანოთ. ასევე არსებობს ალერგიის კანზე გამოხატულება. თუ კანზე არის ჭინჭრის ნასუსხივით ან კოღოს ნაკბენივით გამონაყარი, რომელიც პერიოდულად ქრება და ჩნდება და ამას თან ახლავს ქავილი, ეს გარკვეული სახის ალერგიული სიმპტომია. ალერგიას ასევე ახასიათებს შეშუპებები თვალბუდეების არეში, ტუჩების მიდამოში, სახის სხვა ადგილებში, კიდურებზე. ეს შეშუპება თუ არ არის გამოწვეული გულის, თირკმლების უკმარისობით ან სხვა პათოლოგიებით, მაშინ ამ შემთხვევაშიც მიზეზი შეიძლება, ალერგია იყოს, რომლის დაზუსტებაც შესაბამისი გამოკვლევებით უნდა მოხდეს.

- მზის ალერგიას რით უნდა ვუშველოთ?
- გაზაფხულზე, როცა კანი ახალი გამოზამთრებულია, არაა გარუჯული, პირდაპირ მზეზე მიფიცხება რეკომენდებული არაა. განსაკუთრებით მგრძნობიარე და თეთრი კანის მქონეებმა სასურველია, მზის დამცავი ფილტრის მქონე საცხები გამოიყენონ. თუ გაქვთ მზის ალერგია, მიირთვით მეტი სტაფილო და მოერიდეთ მზეს. გარდა ამისა, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც იწვევს მზის მიმართ მგრძნობელობის ამაღლებას, ასე რომ, როცა პაციენტი იღებს წამალს, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს...

- კანის სიწითლე, სახის გარკვეული მონაკვეთის შეწითლება, ეს რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?
- კანის სიწითლე, აქერცვლა, რაც პერიოდულად შეიძლება გამწვავდეს კიდეც, შესაძლოა, ალერგიული დერმატიტით იყოს განპირობებული. ასევე არსებობს მაკიაჟით განპირობებული ალერგია. თუ ცხვირის, ნიკაპის, შუბლის არეზე იკვეთება სიწითლე, ეს შეიძლება, დერმატოლოგიური პრობლემები იყოს, ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია დერმატოლოგთან კონსულტაცია.

- ბავშვებში ყველაზე ხშირად რა სახის ალერგია გვხვდება?
- პირველია – ალერგიული, ე.წ. ატოპიური დერმატიტი, რომელიც ადრეულ ასაკში, ჩვილობაში შეიძლება გამოვლინდეს დიათეზის სახით, რის გამოც ხდება საკვები პროდუქტების, მაგალითად, კვერცხის გულის, თუ სხვა საკვების შეზღუდვა. აუცილებელია ბავშვის ალერგიულობის გამოკვლევა საკვების მიმართ. ბავშვებს, რომელთაც ჩვილობაში ჰქონდათ ატოპიური დერმატიტი, 2-3 წლის ასაკში შეიძლება, გამოუვლიდეთ სასუნთქი სისტემის ალერგიული სიმპტომები, ალერგიული სურდო და თუ პროცესი გახანგრძლივდა, მერე უკვე ბრონქოსპაზმის ეპიზოდებიც შეიძლება აღმოცენდეს. ეს მდგომარეობა ადრეულ ასაკში კანის ალერგიებით იწყება, შემდეგ ვლინდება სასუნთქი გზების ალერგიები.

- რამდენად რთულია ალერგიის მკურნალობა?
- ადვილი ნამდვილად არაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული ალერგენები მუდმივად ჩვენ ირგვლივაა და მათთან განუწყვეტლივ გვიწევს კონტაქტი. კლასიკური ალერგიული დაავადებების შემთხვევაში რეკომენდაცია ასეთია, მაქსიმალურად მოერიდეთ ალერგენთან კონტაქტს, თუ ეს შესაძლებელია, თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ იწყება მკურნალობა, არსებობს სიმპტომური მკურნალობა, პათოგენეზური მკურნალობა და კიდევ - მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი, ე.წ. სპეციფიკური იმუნოთერაპია. ამ დროს ორგანიზმში შეჰყავთ გამომწვევი ალერგენი სხვადასხვა გზით, დროის გარკვეული შუალედებით და აღმავალი კონცენტრაციით, შედეგად ალერგენების მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ქვეითდება. დიდი ხანია, მკურნალობის ეს მეთოდი დანერგილია და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ეფექტიანია.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ია
გამარჯობსთ მაქ ვს ალერგია ლაქებივით და რა წამალი მივიღო
01:22 / 22-05-2020
გამოხმაურება / 0 /
Ia ivanidze
Gamarjobat.chem chem gogos aqvs wylis alergia da rogor sheidzleba umkurnalo an vistan miviyvano l
18:53 / 27-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ირა
11 წლის გოგონას შევამჩნიე, რომ ფიზიკური აქტივობის შემდეგ სახის ერთი მხარე, კერძოდ მარცხენა მხარე უწითლდება მარჯვენა კი არა, მტლიანად ლოყა და ცხვირიდან მარცხენა მხარე, ზოგადად ალერგია აქვს, ცემინებით, სხვა არაფერი
11:26 / 28-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
გამარჯობათ,ორი წლის წინ, ჩემს შვილს ზღვაზე ყოფნის შემდე ტანზე გაუჩდა რამოდენიმე მოვარდისფრო ლაქა, მომდევნო წელსაც ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ კისრის მიდამოებში შევამჩნიე ლაქები გამონაყარი არ აქვს. რა შეიძლება იყვეს ან რას მირჩევთ?
16:05 / 30-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მოკლედ მოვიდა გაზაფხული და დაიწყო ჩემი ტანჯვა ..როგორც ჩვეულებრივი გაცივებული ადამიანი ზუსტად ისეთი სიმპტომები მახასიათებს თუმცა რაც მე მაქვს ცრემლდენა ცემინება სურდო ხველა კი ეს გაცილებით უარესია უძილობასთან დაკავშირებული მთელ დისკომფორტს შექმნას იწვევს რაც მთელი დღე მზის ამოსვლიდან იწყება. მთელი 2 წელი ვიმკურნალე უშედეგოდ ასთმაც კი ჩამომიყალიბდა გაზაფხულის ამ ალერგიული რეაქციების დროს რაც სასუნთქი გზების დაქვეითებას იწვევს . . . ეხლა ვიყენებ მხოლოდ ერთ წამალს ცხვირის სპრეის ავამისს ესაა ერთადერთი დამხმარე ძალა ჩემი ... ან ბათუმში უნდა ვიყო სადაც უამრავი იოდის დამხმარე ძალაა რაც ამ ალერგიას ფილტრავს და მხოლოდ იქ შეიძლება მშვიდად ვიყო .
01:07 / 06-04-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS