ალექსანდრიტის ლაზერი
- ალექსანდრიტის ლაზერისთვის ოპტიმალური ვარიანტი არის ღია ფერის კანი მუქი ფერის თმით. ამ ტიპის ლაზერული ეპილაციის დადებით მხარედ მიიჩნევა, რომ ვმუშაობთ მუქი ფერის თმაზე და შესაძლებელია ჭარბთმიანობისგან მთლიანად განკურნება.
ალექსანდრიტის ლაზერი არ კეთდება გარუჯულ კანზე. ეპილაციამდე ორი კვირით ადრე გარუჯვა არ შეიძლება, რადგანაც გარუჯულ კანში მელანინის შემცველობა მაღალია, ალექსანდრიტის ლაზერი მელანინს აღიქვამს და მისი გამოყენება გარუჯულ კანზე კანის დაზიანებას, დაწვას იწვევს. პროცედურამდე სამი დღით ადრე კანი არ უნდა გაიპარსოთ, თმის სიგრძე უნდა იყოს დაახლოებით 3 მმ. თმა ცვივა ორი კვირის განმავლობაში. ცვივა თმის ყველა ის ღერი, რომელსაც იმპულსი მოხვდება, 100%-ით. პროცედურების რაოდენობა ძალიან ინდივიდუალურია. ალექსანდრიტის ლაზერი კარგად აღიქვამს შავ ნაპარს თმას, ამიტომ მისი გაკეთება უფრო ეფექტიანია შემდეგ ზონებზე: ფეხი, ბიკინი, იღლია, სხვა ზონებზე თუ გვჭირდება 8-10 პროცედურა, ამ ზონებზე უფრო ნაკლები დაგვჭირდება.
რასაც ახლა გეტყვით, უარყოფით მხარედ არ ჩავთვლი, მაგრამ დაგისახელებთ იმ შეზღუდვებს, როცა ალექსანდრიტის ლაზერი არ კეთდება: ესაა ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ალექსანდრიტის ლაზერს მცირედი ტკივილი ახასიათებს და ორსულებისთვის ამ დისკომფორტის შექმნა არ გვინდა. არის ასაკობრივი შეზღუდვაც. ეპილაცია არ უკეთდებათ კანის მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, თავს ვიკავებთ ჩირქოვანი გამონაყარის, აკნეს დროს. ასევე ვერიდებით მუშაობას ონკოლოგიურ პაციენტებთან, თუმცაღა, თუ გვაქვს ექიმ-ონკოლოგის თანხმობა, მაშინ პროცედურის ჩატარებას ვთანხმდებით.
ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციის შემდგომ 2-3 კვირა გარუჯვა არ შეიძლება, რადგან დიდია პიგმენტური ლაქების გაჩენის შანსი. ეპილაციის შემდეგ აუცილებლად ვუნიშნავთ დამწვრობის მალამოს, არის სპეციალურად ლაზერული ეპილაციის შემდგომ გამოსაყენებელი მალამოები, ასევე ვურჩევთ დამცავ კრემს, თუ მზეზე გასვლა მოუწევთ, განსაკუთრებით ზაფხულში.
დიოდის ლაზერი
გარუჯულ კანზე ლაზერის გასაკეთებლად ოპტიმალური ვარიანტია დიოდი, რომელიც აღიქვმას არა მხოლოდ მუქი, არამედ ღია ფერის თმასაც. თუმცა პროცედურამდე 2 დღით ადრე და შემდეგაც გარუჯვას მაინც არ ვურჩევთ. დიოდის ეპილაციის შედეგად ცვივა თმის მხოლოდ 30%, მაგრამ ეს 30% აღარ ამოდის. ამასთან, დიოდი კეთდება გაპარსულ კანზე, 5-10 დღეში კი იწყება თმის დაცვენა. პროცედურებს შორის ინტერვალი დიოდის შემთხვევაში გვაქვს სამი კვირა. დიოდი არ კეთდება არც ორსულობის და არც ლაქტაციის დროს.
ფოტოეპილაცია
დიოდისგან განსხვავებით, ის კეთდება ორსულებში, ბავშვებში, ლაქტაციის პერიოდში. პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო ყველა ზონაში. ფოტოეპილაცია აღიქვამს როგორც ღია, ასევე მუქ და ღინღლოვან თმას. ფოტოეპილაციის შემთხვევაშიც თმის 30% ცვივა, მაგრამ შემდეგ ეს 30% აღარ ამოდის, მთლიანად ქრება. ფოტოეპილაცია, როგორც დიოდი, კეთდება ტანზე გაპარსულ, სახეზე კი დამოკლებულ თმაზე. ფოტოს დროს პროცედურების რაოდენობა სრულ გაქრობამდე ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ მაქსიმუმ 8-10 პროცედურა მაინც საჭიროა, სამკვირიანი ინტერვალებით.
ელექტროეპილაცია
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ელექტრო, ანუ ნემსით ეპილაცია უფრო აქრობს თმას, ვიდრე ლაზერი. ამ ტიპის ეპილაციას რეკომენდაციას გავუწევ მაშინ, როცა ძალიან პატარა ზონაა გასაკეთებელი და თმის რამდენიმე ღერზეა საუბარი. დიდი ზონის ამგვარად გაკეთება დიდ დროს მოითხოვს და ამასთანავე მტკივნეულია. გარდა ამისა, პროცედურის შემდეგ წერტილებს ტოვებს და ეს პაციენტს დისკომფორტს უქმნის, განსაკუთრებით, როდესაც სახეზე კეთდება. ლაზერული ეპილაციის დროს კი ეს პრობლემები არ გვექმნება, თან უფრო სწრაფია.
რამდენად უსაფრთხოა ლაზერული ეპილაცია
ხშირად მეკითხებიან ამას, განსაკუთრებით იღლიის შემთხვევაში, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაზერულ ეპილაციას არანაირი საშიშროება, არანაირი გვერდითი მოვლენა არ ახლავს. ერთადერთი ისაა, რომ არ უნდა დაიწვას კანი და თუ კანი ოდნავ გაღიზიანებულია, უნდა წაისვათ დამწვრობის მალამო, თორემ სხვა მხრივ საშიში არ არის.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''