15 ნოემბერი, 2014
როგორ მოვუაროთ სახის კანს კოსმეტოლოგის რჩევები
ჯობს, გამოიყენოთ ნამდვილი რუსული კოსმეტიკა, ვიდრე ფალსიფიცირებული, თურქეთში დამზადებული ''ლორეალი'' ან ''გარნიე'' ნატა ტარიელაშვილი ექიმი-ლაბორანტია, 16 წელი აფხაზეთში ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. პარალელურ რეჟიმში ყოველთვის იყო გატაცებული კოსმეტოლოგიით, უყვარდა თავის მოვლა. სულ უნდოდა, აკადემიურ დონეზე ესწავლა ეს საქმე და კვალიფიციური ექიმი-კოსმეტოლოგი გამხდარიყო. იმის დრო არ ჰქონდა, რომ თვეობით საზღვარგარეთ წასულიყო, ამიტომ ერთ-ერთ სილამაზის აკადემიაში გაიარა კურსი და მოხვდა სპაცენტრში.
დღევანდელი სამსახურიდან გამომდინარე, წელიწადში ორჯერ ტრენინგებზე უწევს სიარული და ძალიან კმაყოფილია იმ საქმით,
რომელსაც ემსახურება.

- არსებობს მოსაზრება, რომ თუ კრემები, შრატები ძალიან ძვირად ღირებული ბრენდის არ იქნება, ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ასე არ არის. რასაკვირველია, კარგია, თუ მაღალი ხარისხის პროდუქციას გამოიყენებთ, ეს უფრო შედეგიანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალმა მოირგოს კრემი, თუნდაც იაფფასიანი. გამოიყენეთ იაფიანი ხაზი, მაგალითად, რუსული კოსმეტიკა სულაც არაა ცუდი. ჯობს, გამოიყენოთ ნამდვილი რუსული კოსმეტიკა, ვიდრე ფალსიფიცირებული, თურქეთში დამზადებული ''ლორეალი'' ან ''გარნიე''. მშრალი და ნორმალური კანი აუცილებლად უნდა იყოს დატენიანებული, ცხიმიანი კანის მქონეებს კი ასე რჩევას ვერ მივცემ, სპეციალური საშუალებებია საჭირო, რათა დაბალანსდეს ცხიმის გამოყოფა. თუ გამონაყარი და აკნეს პრობლემაა, ჯერ დერმატოლოგის კონსულტაცია უნდა მიიღონ და შემდეგ კოსმეტოლოგის, მადლობა ღმერთს, კოსმეტოლოგიაში არის ისეთი ხაზი, რომელიც წარმატებულად კურნავს აკნეს.
ძალიან გაახალგაზრდავდა კანის მოვლა, ახალგაზრდებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე 40 წლის ქალბატონებს, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი მოქმედებს კანზე. ახალგაზრდებს კი არასწორი ცხოვრების წესი აქვთ, დიეტა, უძილო ღამეები, თამბაქო, ყავა და უძილობა კანის გაფუჭების პირველი მიზეზია. ამასთან, მნიშვნელოვანია არასწორი მაკიაჟის თემაც. რატომღაც მოდური გახდა ტონალური კრემის ყოველდღიურად წასმა, რაც კანს ელასტიკურობას აკარგვინებს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

კანის მოვლა სახლის პირობებში

- ადრე სახლის პირობებში კანს ინტენსიურად უვლიდნენ, რისი მომხრეც ვიყავი, ახლა კი ეს გართულებულია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოძიება უფრო ძნელია, ვიდრე ქარხნული წესით დამზადებული კრემის. თუმცა, თუ ქალბატონს ხელი მიუწვდება ბუნებრივ კომპონენტებზე, აქვს თავისი ბოსტანი, ან აგარაკზე ხილი, შეუძლია, ნიღბები ნებისმიერი პროდუქტისგან გაიკეთოს.

სახის მოვლის პირველი ეტაპი არის სკრაბირება. ნებისმიერი ტიპის კანს კვირაში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება სკრაბი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ კანს მოშორდეს დროთა განმავლობაში გაჩენილი ნადები, გარქოვანებული ფენა. შეგვიძლია, ჰერკულესი ოდნავ დავფქვათ ბლენდერში, თუ ცხიმიანი კანი გვაქვს, გავურიოთ მაწონი, მშრალი კანის შემთხვევაში კი არაჟანი, დავიდოთ სახეზე, გავიჩეროთ ხუთი წუთით და თან სამასაჟე მოძრაობები გავიკეთოთ იქ, სადაც მეტი პრობლემაა, დავიმუშაოთ კარგად, ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და მერე აუცილებლად წავისვათ დამატენიანებელი კრემი. იმავენაირად შეგვიძლია, გავაკეთოთ სკრაბი ნატურალური ყავით, უმჯობესი იქნება, თუ ცოტა მსხვილად დააფქვევინებთ, გაურიეთ მასში მაწონი, შეგიძლიათ, ცოტა ზეითუნის ზეთი ჩააწვეთოთ და წაისვათ სახეზე. ასეთი სკრაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ ტანზეც, გარუჯვამდე და ზღვის სეზონის მერეც აუცილებელია. ახალგაზრდას, რომელსაც მიდრეკილება აქვს შავი წერტილებისკენ, კვირაში ერთხელ ამის გაკეთება კარგ შედეგს მისცემს. გარდა ამისა, ქალბატონებისთვის იდეალური ვარიანტია დაბლენდერებული ნუშის სკრაბად გამოყენება, რომელიც შეგვიძლია დავარბილოთ ზეითუნის ზეთის წვეთებით, ცხიმიანი კანის შემთხვევაში – ლიმონის წვეთებით, ასევე შეგვიძლია გავურიოთ არაჟანი, მაწონი.
სკრაბირების შემდეგ, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, არაჩვეულებრივია სეზონური ხილის სახეზე წასმა, თუნდაც ერთი ცალი მოცვი, მარწყვი წაისვით, გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. როგორც ორგანიზმს სჭირდება ვიტამინები, ასევა კანიც. ზა-მთარში შეგვიძლია, ბანანი ნატურალურ მდგომარეობაში წავისვათ სახეზე, ან შევურიოთ რძეში და ისე დავიტანოთ კანზე, ასევე კარგია გახეხილი ვაშლი ხაჭოსთან ერთად, რომელიც კანის სიმშრალის დროს შეგვიძლია, ცოტა რძით გავათხელოთ, ცხიმიანობის შემთხვევაში კი - მაწვნით, ხაჭო სკრაბის ფუნქციას შეასრულებს, დანარჩენი კომპონენტები კი კანს გამოკვებავს. ყველა ზემოხსენებულ ნიღაბში შეგვიძლია გავურიოთ თაფლი, იმ შემთხვევაში, თუ არ ვართ ალერგიულები.
ყავის ნალექი რომ გვრჩება, ისიც კი ძალიან სასარგებლოა, წაისვით ხელის გულზე, გაიჩერეთ 10 წუთი, ჩამოიბანეთ და ნახავთ, როგორ იდეალურ ფორმაში გექნებათ ხელები.

ტონალური კრემიწასმის წესები

- ახლა შრატების დიდი არჩევანია, ყველას ვურჩევ, გამოიყენონ შრატი, დამატენიანებელი კრემი და მაქსიმუმ 10-15 წუთის შემდეგ წაისვან ტონალური. თუ ძალიან გეჩქარებათ და გრძნობთ, რომ კრემი ბოლომდე შეწოვილი არ არის, ხელსახოცი დაიდეთ, რათა ზედმეტი კრემი შეიწოვოს და შემდეგ წაისვით ტონალური. გარდა ამისა, არსებობს ტონალურის ქვეშ წასასმელი ბაზები, რომლებიც ერთგვაროვანს ხდის ზედაპირს და გიცავთ აჭრელებისგან. ტონალურმა დაფოთვლა არ უნდა გამოიწვიოს, თუ ასეა, ეს ან ალერგიის ბრალია, ან კიდევ უმჯობესია, ტონალური შეიცვალოს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ტონალურს ეწეროს არაკომედონური, ეს ნიშნავს, რომ ფორებში არ ჯდება, უნდა იყოს ზედაპირული და მაკიაჟის მოცილების შემდეგ, ისიც მოცილდეს, რათა კანმა სუნთქვა შეძლოს.

ძილის წინ

იძინეთ მინიმუმ 7-9 საათი, მაგრამ დაძინებამდე სახის მოვლა აუცილებელია. მთელი დღის განმავლობაში სახლიდანაც რომ არ გახვიდეთ, დღის ბოლოს მაინც აუცილებლად გაიწმინდეთ სახე სპეციალური რძით, რადგან მთელი დღის განმავლობაში სახეზე დადებული მტვერი და არასასარგებლო ნივთიერებები მოიშოროთ. მე ვეწინააღმდეგები სახის საპნით დაბანას. ვისაც ცხიმიანი კანი აქვს და საკმარისი არაა რძით ან ლოსიონით ჩამოწმენდა, შეუძლიათ გამოიყენონ კოსმეტოლოგის ან დერმატოლოგის მიერ დანიშნული სპეციალური დასაბანი საშუალება, რის შემდეგაც აუცილებელია დატენიანება, თუ სამკურნალო შრატიც ექნებათ, იდეალური ვარიანტია. ეს პროდუქტები მთელი დღის განმავლობაში არაჩვეულებრივად მუშაობს. ვინც ინტენსიურად იკეთებს მაკიაჟს, მათთვის არის შესანიშნავი გამწმენდი ''ქლინსერები'', ასევე იყიდება გამწმენდი რძეები და ტონიკი, რომლებიც ასევე კარგი საშუალებაა. გარდა ამისა, არის შესანიშნავი დასაბანი წყლები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება როგორც მაკიაჟის მოსაცილებლად, ისე თვალების გასაწმენდად.

საერთოდ, მე მიყვარს, როცა ღამისა და დღის კრემი არის სხვადასხვა, რადგან ის განსხვავებულ კომპონენტებს შეიცავს. ვემხრობი, ნებისმიერმა ქალმა გამოიყენოს ის, რაზეც ხელი მიუწვდება, ოღონდ გაიწმინდოს და მოუაროს სახეს. ახალგაზრდებს ვურჩევ, თუ პრობლემა არ აქვთ, 30 წლამდე აქტიური კრემები არ შეიძინონ, მაქსიმალურად იხმარონ დამატენიანებელი შრატები და კრემები. მნიშვნელოვანია, კრემს ჰქონდეს დამცავი ფუნქცია, თუ არ აქვს, მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ ცალკე იყიდება დამცავი კრემები. 30 წლის შემდეგ, როცა კუნთი დუნდება, კანი ელასტიკურობას კარგავს და იცვლება სახის ოვალი, იქ უნდა დავეხმაროთ პროცედურებითაც, მასაჟითაც და უნდა გამოვიყენოთ აქტიური კრემები, მაგალითად, ''ანტიეიჯი'', ''ლიფტინგის'' ხაზი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Tamari
Dzalian momecona statia,mainteresebs mkerdze ra bynebrivi ingredientis zeti an mazi cavisvat rom axalgazrduladac gamiiyurebodes da mastitebic ar gamoicvios?
23:09 / 08-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS