ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა, 26 წლის ნინომ ჯიბის ქურდისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გარემოცვაში იპოვა ის, რასაც სხვები მთელი ცხოვრება უშედეგოდ ეძებენ. მისი აზრით ეს ნამდვილი სიყვარულია.
- როგორც ამბობენ, პირველი შთაბეჭდილება არასოდეს ამართლებს... სამსახურიდან დაქალთან მივდიოდი. ის ბინაში მარტო ცხოვრობდა. მთხოვა, მაღაზიაში შეიარე და რამე
- მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდით?
- სიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ იმ წუთებში ამაზე არ მიფიქრია, თავად იაქტიურა ამ მიმართულებითაც, „შებმაზე“ გადავიდა. - კარგი გოგო ჩანხარ, იქნებ ერთმანეთი ახლოს გავიცნოთო. გამეცინა, - ორი წუთის წინ ჩემს ჩანთაში ხელი გქონდა ჩაყოფილი, ამაზე ახლოს როგორ უნდა გაგიცნო-მეთქი, მას არც ამჯერად უგრძნია უხერხულობა. ეს ჩემი პროფესიაა, ისე ცუდი ბიჭი არ ვარო, - მითხრა.
- და თქვენც დაიჯერეთ...
- საუბრისთვის დრო აღარ მქონდა, ამასობაში დაქალის ბინას მივუახლოვდი, მძღოლს გაჩერება ვთხოვე და ჩამოვედი. იმ საღამოს მე და ჩემმა მეგობარმა ამ ისტორიაზე ბევრი ვიხალისეთ. მაშინ რა მაფიქრებინებდა, რომ ჯიბის ქურდი დათო სადარბაზოსთან მელოდებოდა. „მარშრუტკიდან“ ჩემთან ერთად ჩამოსულა, უკან გამომყოლია და მიცდიდა, როდის გამოვიდოდი გარეთ. დაქალების ამბავი ხომ იცი, ჭორაობაში შინ წასვლა დამაგვიანდა, როცა გარეთ გამოვედი, უკვე ბნელოდა. სადარბაზოსთან კი სიურპრიზი მელოდა. იმ დღეს სახლში დათომ მიმაცილა. ვცდილობდი ამის უფლება არ მიმეცა, მაგრამ ძალიან ჯიუტი გამოდგა. ამის შემდეგ დათო ჩემს აჩრდილად იქცა. ყველგან, სადაც წავიდოდი, შორიახლოს ტრიალებდა. ხშირად მხოლოდ მესალმებოდა და ისე ჩაივლიდა. ეს ყველაფერი თავიდან საშინლად მაღიზიანებდა, მერე თანდათან შევეჩვიე და ბოლოს თვალით ვეძებდი, კიდევ მომყვებოდა თუ არა უკან. ერთ დღესაც დათო გაუჩინარდა, აღარსად ჩანდა. თავიდან ვიფიქრე, რომ აბეზარი თაყვანისმცემელი მოვიშორე, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიე, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. დათოს უკვე ყველგან ვეძებდი, მინდოდა თუნდაც ერთხელ დამენახა, დავლაპარაკებოდი, მეკითხა გაუჩინარების მიზეზი. თემქაზე სიარულს მოვუხშირე. სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი, ვფიქრობდი, რომ დათოს იქ ვიპოვიდი, ეს ხომ მისი „სამუშაო“ ადგილი იყო. ის არსად ჩანდა. ბოლოს იმ გაჩერებაზე, სადაც დათო პირველად ამოვიდა „ბირჟაზე“ მდგარ ბიჭებს გამოველაპარაკე. ვკითხე, დათო ებანოიძეს ხომ არავინ იცნობს, მის შესახებ რამეს ხომ ვერ მეტყვით-მეთქი. ასე გავიგე ჩემი თაყვანისმცემლის მისამართი და შინ მივაკითხე.
- ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილს არ ჰგავს, მის მიმართ გრძნობა გაგიჩნდათ?
- დათოს გარეშე დეპრესია დამემართა, აუცილებლად უნდა მენახა. როცა ბინაში მივედი, კარი ინვალიდმა ქალმა გამიღო და შინ შემიპატიჟა. ის დათოს დედა იყო, მისი ვაჟიშვილი კი ორი კვირის წინ დაეპატიმრებინათ. დათომ ციხიდან სწორედ მაშინ დარეკა, როცა მის დედას ვესაუბრებოდი. ინვალიდმა ქალმა ტელეფონის ყურმილი მე გამომიწოდა. როცა დათომ ჩემი ხმა გაიგონა, მითხრა, ჩემი დაბადება ამ ერთი წამისთვის ღირდა, არ მაქვს უფლება დალოდება გთხოვო, მაგრამ იცოდე, მთელი ცხოვრება მეყვარებიო. იმ დღეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. არ შემეძლო ინვალიდი ქალი მიმეტოვებინა პატიმარ შვილთან ერთად. ჩემს მშობლებთან სერიოზული დაპირისპირების ფასად, ბარგი მაინც შევკარი და დათოს ბინაში გადავედი საცხოვრებლად.
- ასეთი რამეც ხდება?
- კი, უჩვეულო სიტუაციაა, დედამთილი მყავდა და კაცთან ერთი ღამე არ გამეტარებინა, დათოს მეუღლე მერქვა ისე, რომ ჩემთვის ცოლად გაყოლაც არ უთხოვია, მაგრამ მაინც ყველანი ბედნიერები ვიყავით, ალბათ ეს არის ნამდვილი სიყვარული. როცა დათომ სასჯელი მოიხადა და გამოვიდა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, მისთვის ლოდინი ღირდა...
- ჯიბის ქურდი რომაა, ეს აღარ გაღელვებთ?
- როგორც დათომ თქვა, ეს მისი „პროფესიაა“, თანაც ერთი ნაკლი ხომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.
მკითხველის ისტორია