რეალურად, ფრჩხილზე გაჩენილი ნებისმიერი ცვლილება, შეიძლება მთელ რიგ დაავადებებზე მიუთითებდეს და რა თქმა უნდა, აქ არაფერ შუაშია საჩუქრის მიღება... ფრჩხილის გარშემო არსებული პრობლემების შესახებ, ექიმი-პოდოლოგი ხათუნა ნოდია გვესაუბრება:
- ქალბატონო ხათუნა, ფრჩხილებზე არსებული რა ცვლილებების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
- ფრჩხილი (კანის დანამატი, ისევე როგორც თმა) და მასთან დაკავშირებული პრობლემები, მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია, როგორც ესთეტიკური
ფრჩხილი იცავს ხელისა და ფეხის თითების დისტალურ დაბოლოებებს. ფრჩხილის ფირფიტა თავის ვარდისფერ შეფერილობას იღებს სისხლძარღვოვანი ფრჩხილბუდიდან, რომელთანაც ფირფიტა მყარადაა მიმაგრებული. გამოხატულია ფრჩხილის ნახევარმთვარე ანუ ლუნულა.
ფრჩხილის ფირფიტის მეოთხედი (ფრჩხილის ფესვი) დაფარულია ფრჩხილის პროქსიმალური მორგვით (კანის ნაოჭით), საიდანაც იზრდება კუტიკულა.
იგი ფუნქციონირებს, როგორც იზოლატორი, იცავს კანის ნაოჭს და ფირფიტას შორის არსებულ სივრცეს გარეშე ტენიანობისაგან და სხვა მავნე ფაქტორებისაგან. ფრჩხილის ფირფიტის ნებისმიერი ტიპის იერსახის შეცვლა, როგორიცაა ფერის ცვლილება (სიყვითლე, მოყავისფრო-მოშავო ელფერი), გასქელება, მტვრევადობა, ხაზებისა და ჩანაჭდევების გაჩენა, გარკვეული უბნის სრული განლევა (ლიზისი), ცალსახა სიგნალია იმისა და რომ გვჭირდება შესაბამის სპეციალისტთან (პოდოლოგთან ) ვიზიტი, რადგან ეს შესაძლოა იყოს რომელიმე შინაგანი პათოლოგიის გარეგანი გამოვლინება ან უშუალოდ ფრჩხილის სხვადასხვა გენეზის დაზიანება.
- კერძოდ რა ცვლილებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- მაგალითად, ფრჩხილების სიყვითლე, გასქელება, ფირფიტის მტვრევადობა შესაძლოა, მიუთითებდეს სოკოვან ინფექციაზე (ონიქომიკოზი), რომელიც პროგრესირებადი პროცესია და საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.
ასევე გავრცელებული პრობლემაა ფრჩხილის ფირფიტის მექანიკური დაზიანება, მისი კვებისა და ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხება, რომელიც მიმდინარეობს მსგავსი სიმპტომატიკით, როგორც ონიქომიკოზი და ხშირად ხდება მცდარი დიაგნოსტიკის საფუძველი. ასევე, ყურადსაღებია მავნე ჩვევები (თამბაქოს მოხმარება, არაადექვატური ჰიგიენა და ა.შ ).
ფრჩხილებზე გაჩენილი ხაზები და ჩანაჭდევები, შესაძლოა, მიუთითებდეს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა: ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, ალერგო თუ სხვა ტიპის დერმატოზები, ასევე ხშირია ალოპეციის გარკვეული ტიპების დროს.
ფრჩხილქვეშ გაჩენილი პიგმენტაცია (შავი წერტილები, ვრცელი სხვადასხვა ელფერის ლაქები) ხშირად მიუთითებს ფრჩხილქვეშა წარმონაქმნებზე (მეჭეჭი, ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი ) და ასევე შესაძლოა, საქმე გვქონდეს სხვა ავთვისებიან წარმონაქმნთანაც. ასევე დოლის ჩხირისებრი, მრგვალი და ამობურცული, პრიალა ზედაპირის მქონე ფრჩხილები მიუთითებს გასტროინტესტინალური ტრაქტისა და ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიაზე. გაგრძელება