AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა სწორედ დიეტების რისკებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გვესაუბრება, რომლის დარღვევასაც ჭარბწონიანობასა და ფატალურ შედეგებამდეც კი მიჰყავს ადამიანი.
- ჯაბა, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ორგანიზმს სხვადასხვა პოპულარული დიეტებისგან?
- როდესაც ვამბობთ დიეტას, ვგულისხმობთ კონკრეტულ სამკურნალო ჩარევას, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია სანდო, ავტორიტეტული, კლინიკური კვლევებით.
დიეტა არის ცალკე მეცნიერება და ყველა ჩარევაზე, რასაც ჩვენ ორგანიზმს ვუპირებთ, მედიკამენტისა თუ დიეტის სახით, უნდა გვქონდეს წინასწარ სრულფასოვანი ინფორმაცია: რისთვის გვჭირდება, რა გვერდითი მოვლენები აქვს, როდის არ შეიძლება, რას უნდა ვუფრთხილდეთ.
დიეტა უნდა გვირჩიოს სპეციალისტმა, ინტერნეტში წავიკითხე და უი, ცილების შეზღუდვა თურმე კარგი ყოფილა, დაუშვებელი და სახიფათო მიდგომაა. შეიძლება გაუგებარმა დიეტებმა სხვადასხვა ორგანოები დაგვიზიანოს ან წონაში სწრაფად კი დაგვაკლებინოს, მაგრამ მერე ორმაგად მოგვამატებინოს.
- ყველაზე ცუდი შედეგი რა შეიძლება დადგეს?
- დიეტას ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციას, აქვს თავისი გვერდითი მოვლენები. ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო კვებითი დანამატები. პაციენტები ზოგიერთი კომერციული ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მიქსტურებს და მცენარეულ ნაყენებს მიირთმევენ ამავე ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დიეტური სქემების პარალელურად. ხშირ შემთხვევებში ეს ღონისძიებები, არ არის კლინიკურად დამტკიცებული და მათ არ სცნობს მედიცინა!
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა მცენარეულმა საშუალებამ და მიქსტურამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი! საბედნიეროდ, ეს დაზიანება არის გარდამავალი ხასიათის და შედარებით მსუბუქი, რომელიც უმეტეს შემთხვევებში თვითგანკურნებადია სუბსტანციების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ აღწერილია ისეთი მძიმე დაზიანებებიც, რომლებიც ფატალურადაც დასრულებულა.
- დიეტას თუ აქვს ასაკი, განსაკუთრებულად საშიში რა ასაკშია მკაცრი დიეტა?
- ბავშვის ორგანიზმის მეტაბოლიზმი სხვანაირია და მოზრდილის სხვანაირი. ნივთიერებათა ცვლა ასევე განსხვავდება სხვადასხვა დაავადებების არსებობის შემთხვევაში. არ არსებობს უნივერსალური დიეტა, რომელიც შაბლონურად მოერგება ყველას, ციროზიან პაციენტსაც და 5 წლის ჯანმრთელ ბავშვსაც. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - დიეტას უნდა არჩევდეს სპეციალისტი საჭიროებისამებრ.
ბავშვების შემთხვევაში, შიმშილი და ექსპერიმენტები განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს, მზარდ ორგანიზმში გაუაზრებელმა ჩარევამ შეიძლება ჯანმრთელობის ძალიან საყურადღებო დაზიანება გამოიწვიოს. შეხედეთ დიეტებს, როგორც წამალს - უნდა იცოდეთ, რატომ იღებთ, რას ელით მისგან, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს და რა სარგებელი. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბენეფიტები გადასწონის რისკებს (და ამაში აპრიორი ვერ იქნებით დარწმუნებული, თუ საქმე ეხება მეცნიერებისთვის უცნობ დიეტებსა და სუბსტანციებს), მაშინ თავი უნდა შეიკავოთ მათგან.
უნივერსალური დიეტა არის მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს წონის კონტროლს, ჯანსაღი საკვების ჭამას, მეტ ფიზიკურ აქტივობას, სწრაფ კვებაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას.
- კვების კუთხით ტრადიციული ქართული სუფრა როგორია?
- თავისი ისტორია და ბექგრაუნდი აქვს. ყველაფერში დოზირებას აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ ყოველდღე შევჭამთ ხინკალს და აჭარულ ხაჭაპურს, რა თქმა უნდა, მოვიმატებთ წონაში. ეს საჭმელები როდესაც შეიქმნა, თავისი ისტორიული კონტექსტი ჰქონდა, იმიტომ რომ სჭირდებოდა მაშინდელ ქართველს ამდენი კალორიის ამ სახით და ამ ჯერადობით მიღება.
დღეს სხვა გარემოში ვცხოვრობთ, სხვა ორგანიზმი გვაქვს. მინდა, ხაზი გავუსვა როგორც ჰეპატოლოგმა, რომ ერთადერთი პროდუქტი, რომელიც დადასტურებულად ცუდია ღვიძლისთვის არის ალკოჰოლი, სხვა არც ერთი პროდუქტი არ არის პირდაპირ საზიანო ღვიძლისთვის.
- ხშირად ადამიანები მარხვას დიეტადაც აღიქვამენ...
- მარხვის დროს უფრო მეტ ცომეულსა და მშრალ საკვებს იღებს ადამიანი. როგორც წესი, მარხვა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რა დროსაც მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მაგალითად, ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, პაციენტებს ვურჩევთ, რომ გარკვეული პროდუქტები დაუშვან რაციონში. მარხვა წონაში დასაკლებად არ არის მოგონილი, ეს არის მორწმუნეებისთვის, რომ სულზე იზრუნონ და ხორცი დათრგუნონ. წონაში დაკლებისთვის უნდა მივმართოთ მედიცინას და არა - ეკლესიას.
- ბოლო დროს მოდაშია ვარჯიშის დროს საკვები დანამატებისა და აბების მიღება, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმს. მათ გამოყენებაზე რას გვეტყვით?
- სპორტულმა კვებითმა დანამატებმა შეიძლება ღვიძლის შემთხვევაში მსუბუქი დარღვევები გამოიწვიონ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს გარდამავალი იქნება მათი შეწყვეტის შემდეგ. ჯანმრთელ ადამიანებს არ გვჭირდება ზედმეტი სუბსტანციები. დიეტები და მედიკამენტები სჭირდებათ კონკრეტულ პაციენტებს და არა ჯანმრთელ ადამიანებს. პაციენტებს კი რჩევებს აძლევს ცალსახად ექიმი და არა სხვა სპეციალობის წარმომადგენელი.
- გვითხარით "ოქროს წესი" ფორმის შესანარჩუნებლად.გაგრძელება