17 სექტემბერი, 2019
როგორი ფეხსაცმელი უნდა ატაროთ ვენების პრობლემებისგან თავის დასაცავად და ემართებათ თუ არა კაცებს მსგავსი პრობლემები - სისხლძარღვების ქირურგი გირჩევთ
ვენური დაავადებები და პრობლემები, რომლებიც ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს, შეიძლება ითქვას, 21-ე საუკუნის ეპიდემიად იქცა. თითქმის ყველა მეორე დასაქმებულ ადამიანს ფეხების შეშუპება და ვენური პრობლემები აწუხებს. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სერიოზული პრობლემები, ამ თემაზე სისხლძარღვების ქირურგს, მარიამ გრძელიძეს ვესაუბრეთ.

- მარიამ, რა ასაკიდან აწუხებთ ქალებს ვენები?
- ამ ტიპის დაავადებებს ასაკი არ აქვს. ვენურ დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს როგორც 16 წლის, ასევე 80 წლის ადამიანსაც.

- მიზეზები შეიძლება
იყოს თუ არა, ორსულობა-მშობიარობა, ჭარბი წონა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება...

- ქრონიკული ვენური დაავადებების წარმოშობის ერთი დადგენილი მიზეზი არ არსებობს, რაც შეეხება სიმპტომებს, მათი დაწყების ან გამწვავების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ყველა ზემოთჩამოთვლილმა ფაქტორმა.

- პირველი სიმპტომების შესახებ რომ გვითხრათ, სანამ ვენები ხილვადი გახდება, შეიძლება თუ არა, ჰქონდეს ადამიანს ვენების პრობლემა და ვიზუალურად არ ეტყობოდეს?
- ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სიმძიმე ქვემო კიდურებში, ე.წ. „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი, ღამით წვივის კუნთების კრუნჩხვები, წვივების შეშუპება დღის ბოლოს და ამავე დროს კანქვეშა ვენური ქსელი არ იყოს გამოხატული.

- საუკეთესო პრევენცია რა შეიძლება იყოს ვენების პრობლემებისგან დასაცავად?

- თავისუფალი და არამოჭერილი ტანსაცმელი და ფეხაცმელი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება და წონის კონტროლი. დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა მაქსიმალურად უნდა იქნას არიდებული.

- კაცები რამდენად არიან რისკის ქვეშ, თუ აქვთ ქალებისგან განსხვავებული სიმპტომები?

- მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია შეხედულება, რომ ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული ვენური დაავადებები, მამაკაცებშიც საკმაოდ ხშირია და სიმპტომებს რაც შეეხება, განსხვავება პრაქტიკულად არ არის.

- ცნობილია, რომ ვენების მტერია დიდხანს ჯდომა, ჯდომითი სამუშაო, რაიმე ვარჯიშები თუ არსებობს, რომელიც შეიძლება მჯდომიარე მდგომარეობაში შევასრულოთ?

- ვენური დაავადებების დროს სიმპტომების მთავარი გამომწვევია ვენური სისხლის გადინების შეფერხება და შეგუბება. მჯდომარე მდგომარეობაში მაქსიმუმ შეიძლება ტერფების მოხრა-გაშლა, რათა ამუშავდეს წვივის კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის გადინებას. თუმცა, უფრო ეფექტიანი იქნება, რომ პერიოდულად წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ, ცერებზე აიწიოთ და დადგეთ უკან, ფეხები შეძლებისდაგვარად შემაღლებულზე შემოაწყოთ.

- რა რჩევებს მისცემდით დამატებით პაციენტებს ვენების პრობლემებისგან დასაცავად, ასევე ფეხსაცმელი რამდენსანტიმეტრიანი ქუსლით უნდა ვატაროთ?

- საუკეთესო ვარიანტია თავისუფალი მრგვალცხვირიანი, ფიზიოლოგიურ კალაპოტიანი ფეხსაცმელი 4-6 სმ-მდე ქუსლით. ძალიან დაბალძირიანი ან 8 სმ-ზე მეტი სიმაღლის ქუსლი რეკომენდებული არ არის.

- ყველაზე მძიმე შედეგები, რომელსავ ვენების პრობლემები იწვევს.
- ქვემო კიდურების ვენების ქრონიკული დაავადებები რთულდება ვენების თრომბოზით, ვენური წყლულების განვითარებით, სისხლდენით, ინფექციით და ა.შ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS