01 აპრილი, 2019
რა საფრთხეებისგან არის დაცული დედის რძით გაზრდილი ბავშვი - პედიატრ ქეთი ჭელიძის პრაქტიკული რჩევები
ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ერთგვარი ფუნდამენტია, სადაც მისი მენტალური თუ ფიზიკური სიჯანსაღე ყალიბდება. როგორია ბავშვის მიმართ სწორი მიდგომა და დამოკიდებულებების რა ზღვარი უნდა დავიცვათ, რომ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი მომავალი თაობა მივიღოთ? ეს გახლდათ მთავარი საკითხი, რომლითაც ექიმ პედიატრს, ქალბატონ ქეთი ჭელიძეს მივმართეთ.

- ბავშვის განვითარება რამდენიმე ეტაპად განიხილება. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი 6 წლამდე პერიოდი, როცა საფუძველი ეყრება მის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს. ჩვენ გვაინტერესებს ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორები? პირველ ეტაპზე, ანუ სამ წლამდე, მისი ფიზიკური განვითარებისთვის ყურადღება
ძუძუთი კვებას უნდა მივაქციოთ. გარდა ჯანმრთელობისა, ამით ბავშვს ინფექციებისგანაც ვიცავთ.

ბევრი კვლევაა, სადაც განიხილავენ ამ საკითხს და შედეგად პროფესიონალები საინტერესო დასკვნებამდე მივიდნენ. ძუძუთი კვებით აუტიზმის განვითარებაც შეიძლება თავიდან ავიცილოთ. დედის რძით გაზრდილ ბავშვებს დიაბეტიც ნაკლებად უვითარდებათ.

თანამედროვე კვლევებმა ცხადყო, რომ ერთ წლამდე ბავშვს ცალკე ოთახიც არ უნდა გამოვუყოთ. დედასთან ფიზიკური კონტაქტი და სიახლოვე მას დაცულობის და სიმშვიდის განცდას ანიჭებს. ანუ ახალი მიდგომებით ერთ წლამდე ბავშვი სასურველია თუ ოთახში მშობლებთან ერთად დაიძინებს. რაც შეეხება კვების რაციონს, 6 თვიდან ძუძუსთან ერთად ექიმი ნიშნავს შერეულ დანამატებს. თუკი არ არის ძუძუთი კვების შესაძლებლობა, მაშინ ბავშვს, იგივე პოზაში, ხელში აყვანილს უნდა შევთავაზოთ საკვები.

Rating

ისევ დედასთან ახლო კონტაქტის გამო. მათ ემოციურ კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სამ წლამდე ბავშვი ფასტ-ფუდს რომ უნდა მოვარიდოთ, ამაზე საუბარიც არ უნდა გვიხდებოდეს. რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა იყოს ჩართული. სასურველია თუ სამ წლამდე ბავშვს ტკბილეულს, მათ შორის კანფეტებსაც ავარიდებთ. იგივე ითქმის გაზიან სასმელებზე. დაშაქრული პროდუქტი არ არის რეკომენდებული ბავშვის ორგანიზმისთვის. სითხის სახით შეგვიძლია ახლად დაწურული წვენების შეთავაზება მისთვის.

- ბუნებრივად ჩნდება კითხვა... როგორი განცდა ექნებათ იმ ბავშვებს, ვისთვისაც დედა ძიძამ ჩაანაცვლა?
- 3 წლამდე, სანამ ბავშვი ბაღში წავა და სოციალური კონტაქტებისთვის მოემზადება, სასურველია, მხოლოდ მშობელთან ურთიერთობაში იყოს. ძიძა შეიძლება არაა პრობლემა, მაგრამ ხომ არ ვიცით, მას რა დამოკიდებულება აქვს ბავშვთან. კი შეიძლება დროულად გამოკვებოს, მის უსაფრთხოებაზეც იზრუნოს, მაგრამ შეიძლება არ ჰქონეს ის ემოციური დამოკიდებულება და სიყვარული, რაც მშობელს გააჩნია. ძიძები ხშირად ტელეფონთან ტოვებენ ბავშვებს, აყურებინებენ მულტფილმებს, არაფერს უკითხავენ ბავშვებს, ანუ არ ზრუნავენ მათი ემოციური სიჯანსაღისთვის. ასეთმა მიდგომამ ბავშვის განვითარებაში შეიძლება შეფერხებაც გამოიწვიოს.


არ შეიძლება ბავშვის ტელევიზორთან, ტელეფონთან ან კომპიუტერთან მიჯაჭვა. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებისგან მკაცრი რეკომენდაციებია. ბავშვი შეიძლება შეძენილ აუტისმს ავარიდოთ. ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ დრო, თუ რამდენ ხანს გაატარებს ტელევიზორთან თუ სხვა ტექნიკასთან. ასევე აუცილებელია ბავშვი ავარიდოთ ისეთ მულტიპლიკაციურ ფილმებს, სადაც ძალადობაა. ჩემი თაობა სულ სხვა ღირებულებების ანიმაციურ ფილმებზეა აღზრდილი. ასეთი ფილმები ადამიანში სულ სხვა ემოციურ ჩართულობას მოითხოვდა. ბავშვს უვითარდებოდა ემპათიის განცდა, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ფორმირებაში. ახლა კი ფილმი გამოსახულებათა ინტენსიურ მონაცვლეობაზეა აგებული და არ აქვს შინაარსობრივი თუ ემოციური დატვირთვა. ამიტომ მულტფილმებიც ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. ჯობია, თუ მის შინაარსში თხრობაა და ემოციურ ჩართულობას მოითხოვს. თამაშის ფორმაც არაჩვეულებრივად ავითარებს ჩვენს პატარებს.


Rating
თუმცა, არაა სასურველი, თუ ბავშვს ბევრი სათამაშო ექნება. მას ემოციები გაეფანტება, რაც კონცენტრაციის უნარის ჩამოყალიბებაზე იმოქმედებს. სასურველია, თუ ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვს მხოლოდ ერთ სათამაშოს მივაწვდით. ბავშვი მას კარგად შეისწავლის, დატკბება, მიიღებს სიამოვნებას, ანუ მას ამ სათამაშოსთან სრულფასოვანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდება. თამაშის ფორმაც ისეთი უნდა შევარჩიოთ, რაც მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ისიც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით. ზოგადად პატარა ადამიანისთვის სამყარო სულ ახალ-ახალი შთაბეჭდილებებითაა სავსე. მას შეუძლია უბრალო, სახლის ნივთებითაც კი გაირთოს თავი.

მთელი სამყარო ხომ მისი შესწავლის ობიექტია. ამდენად ხელოვნური ჭყლეტა, ზედმეტად ბრჭყვიალა გართობის საშუალებები არ სჭირდება.

- რა ხდება 6 წლამდე?
- იყო ასეთი ფსიქოლოგი ბერნი, რომელიც ამბობდა: ბავშვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლებს, ისინი სთავაზობენ მას სცენარს, თუ როგორ უნდა განვითარდეს მითი ცხოვრება. იყოს წარმატებული თუ წარუმატებელი, ბავშვი მშობლისგან იღებს მაგალითს. აქ მატერიალური წარმატება არ იგულისხმება. იგულისხმება შესაძლებლობათა რეალიზების ხარისხი. ცნობილი დამოკიდებულებაა - ბავშვი არ ისმენს, ბავშვი უყურებს... ამასთან, არ აქვს ადამიანის გარეგნობას მნიშვნელობა, მას ლამაზი ნაკვთები აქვს თუ არა, მნიშვნელობა აქვს მშობლის მათდამი განწყობას და შეფასებას, რაც ადამიანის თვითშეფასების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ამდენად, ადამიანის ცხოვრების ამ სცენარის განსაღვრა ხდება 6 წლამდე.

დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვის აღზრდა. ბევრი მშობელი არაა მზად. ხშირად სოციალური დაკვეთის მსხვერპლია თავად მშობელიც. ზოგისთვის ოჯახის შექმნა თვირეალიზაციის საშუალებაა, ან ოჯახის დაკვეთა. ჩვენს ქვეყანაში საერთო სოციალური ფონიც ძალიან რთულია და ადამიანებს ამ ყველაფერთან გამკლავება უჭირთ. რაც შეეხება კვებას და რაციონს, ამ ასაკშიც ჯანსაღი კვების პრინციპი უნდა დავიცვათ. აუცილებლად ჩავრთოთ ბავშვის რაციონში ბევრი ხილი და ბოსტნეული. რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს, გარკვეულ ასაკამდე აუცილებელია. შემდეგ, ადამიანს უკვე შეუძლია აირჩიოს ვეგეტარიანელი იქნება თუ არა. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არ მოიპოვება ის პროდუქტები, რომელიც ცილოვანს ანაცვლებს, მაგალითად ავოკადო. ბავშვს უნდა ჰქონდეს დაბალანსებული კვება. კვებებს შორის შუალედი 2-3 საათი უნდა იყოს. ამ შუალედში არაა რეკომენდებული თუნდაც პატარა ლუკმა. ბავშვს მადა ეკარგება და შემდგომ მშობლები წუწუნებენ, რომ აღარაფერს ეკარება.

Rating

- რამდენად მიესალმებით კვების თავისუფალ რეჟიმს?
- სასურველია, თუ ბავშვს დღის რეჟიმი მოწესრიგებული ექნება. ძალიან თავისუფალი მიდგომა, ეს ეხება როგორც კვებას, ისე ძილის ფაზებს, ბავშვში შფოთვას იწვევს. ბავშვი არ არის რაციონალური გადაწყვეტილებებისთვის მზად. ანუ სრული თავისუფლებისა და არჩევანის უფლების მიცემა მისთვის დიდი ტვირთია. და სულაც არ უკავშირდება ბავშვის მიმართ ჰუმანიზმს. გარემო, სადაც წესრიგია, მას სიმშვიდის განცდას ანიჭებს. მან იცის, როდის რას უნდა ელოდოს.

- და გარდატეხის ასაკი... ჰორმონალური ცვლილებებითა და ინდივიდუალურობისკენ სწრაფვით...

- გარდატეხის ასაკში მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც მოზარდი იმყოფება, ანუ რას სთავაზობს მას გარემო... ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, გარდატეხის ასაკი კრიტიკული პერიოდია. გარდატეხის ასაკში ყალიბდება პიროვნება, მისი ღირებულებათა სისტემა. ასევე, მისი პიროვნული ნიშან-თვისებები. ამ ასაკში მთავარ როლს ასრულებს ჰორმონები. მწიფდება რეპროდუქციული სისტემა. ჰორმონები გამოიყოფა არარეგულარულად და დიდი რაოდენობით, რაც თავის ტვინის ქერქის გაღიზიანებას იწვევს.

რა უნდა ვიცოდეთ უფროსებმა? რომ ის არც ბავშვია, არც ზრდასრული პიროვნება. მას სრული თავისუფლება სურს, მაგრამ ამისთვის არ არის მზად. შეიძლება ითხოვს, თუმცა, ამავდროულად ეშინია კიდეც. ამიტომ გონივრული ზომიერი მიდგომებია საჭირო. რაც კომპრომისსაც გულისხმობს. არის სფეროები, სადაც შეგვიძლია დათმობა, მაგრამ არის საკითხები, სადაც მან უნდა დაგვითმოს. არ არის აუცილებელი მის გარეგნულ გამოხატულობებზე, ჩაცმის თუ მაკიაჟის კულტურაზე მკვეთრი რეაგირება. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ვაჟები მუსიკალურ ჯგუფებს ქმნიან და ვიზუალური თვითგამოხატვის რადიკალურ ფორმებსაც ირჩევენ. ყველაფერი, რაც უსაფრთხოა, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, ჯობია, დავუთმოთ. თუმცა, რაც სწავლის და სკოლაში სიარულის რეჟიმს ეხება, აუცილებლად უნდა დავაცვევინოთ. ეს მათ განუვითარებს პასუხისმგებლობის უნარს.

Rating

- ბოლო პერიოდში საუბარია სკოლაში სექსუალური განათლების მიღების აუცილებლობაზე. თქვენი დამოკიდებულება გვაინტერესებს ამ საკითხის მიმართ...

- ჩვენი ორგანიზაცია ამ პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს... სწორი მიდგომა იქნება ასეთი: მოზარდს ასაკის შესაფერისი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. რაც მას გაცნობიერებული, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ეს უნდა გააკეთონ არა შემთხვევითმა ადამიანებმა, არამედ პროფესიონალმა ექიმებმა და ფსიქოლოგებმა. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული რეგიონი და ამ რეგიონის სპეციფიური დამოკიდებულება და კულტურული კონტექსტი ამ თემის მიმართ. არ იქნება მართებული, თუ პირდაპირ ვთარგმნით და დავნერგავთ სხვა რეგიონისთვის თუ სრულიად სხვა კულტურული კონტექსტისთვის განკუთვნილ პროგრამას. ბავშვისთვის ან მისი მშობლისთვის უხერხული ფორმით არ უნდა იყოს მიწოდებული. მნიშვნელობა აქვს იმ ლექსიკას, რაც გამოყენებული იქნება, ასაკს, თუ რომელი ასაკის მოზარდისთვის იქნება განკუთვნილი. უკვე არსებობს პროფესიონალების მიერ შედგენილი პროგრამა. მცირე დოზით სასკოლო პროგრამაშიცაა შეტანილი ეს საკითხები. სექსუალური განათლება სასურველია უფროსი ასაკის, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებითვის იყოს განკუთვნილი. ეს იქნება საკითხები: ოჯახის დაგეგმვის შესახებ; კონტრაცეფციის შესახებ; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა; აბორტის მავნეობა; რომელი სპეციალისტები მუშაობენ ამ მიმართულებით და ვის უნდა მიმართონ;

- ჰორმონები და სწორი კვება... რას ურჩევთ მოზარდებს, რომლებიც დიეტაზე ფიქრობენ?
- გოგონებს ამ ასაკში განსაკუთრებით აშფოთებთ სხეულის სილამაზე. ჰორმონების გავლენით მათ შეიძლება შეშუპებაც აღენიშნებათ. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზი ჰორმონებს უკავშირდება და დროებითია. რომ ამ დროს სხეულის ნაწილებიც ასიმეტრიულად იზრდება. მესმის, რომ გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის გარემოს აზრი. ამ დროს ეღვიძებათ საპირისპირო სქესისადმი ინტერესი. მასობრივი კულტურა კი სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს სთავაზობს.

ეს იმიჯები არაჯანსაღია და დამაზიანებლად მოქმედებს მოზარდზე. მოდის სფეროში ზოგიერთ მოდელში ანორექსიაც კი გამოიწვია. რადიკალური დიეტა საშიშია როგორც მოზარდის, ისე ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისთვის. ამ ასაკში სასურველია ფიზიკური აქტივობა, სპორტი. აუცილებლად უნდა დაიცვან ჯანსაღი კვების პრინციპი. რაც სხეულის სასურველი ფორმის შენარჩუინებაში დაეხმარებათ. მაგრამ ამ ასაკში, სამწუხაროდ, დღევანდელი დღით საზღვრავენ. სწაფ შედეგზე ფიქრობენ. მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომის უნარი ნაკლებად ახასიათებთ. ინტერნეტიც ათას სულელურ რჩევას სთავაზობს, მაგალითად, როგორ დაიკლონ ერთ დღეში რამდენიმე კილოგრამი. ეს შეუძლებელია და თუ შესაძლებელია, ისეთი სტრესი აქვს ორგანიზმს ადამიანის ჯანმრთელობაზე აუცილებლად აისახება. ჯანსაღი კლება თვეში 2-3- კილოგრამია. დიეტა შიმშილზე დაფუძნებული არ უნდა იყოს. მშობელმა შვილს უნდა შესთავაზოს სწორი ვარიანტები და დაარწმუნოს მისი დაცვის აუცილებლობაში. კულინარიაში იმხელა შესაძლებლობებია, სულაც არაა სწორი კვება უგემურ საკვებთან დაკავშირებული.

ქეთი თავაძე




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაკო
კომენტარი დავწერე და რატომ არ აქვეყნებთ?????
17:29 / 03-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ნაია
შესანიშნავი სტატიაა, ამომწურავი პასუხებით აქტუალურ კითხვებზე.. მადლობა ქალბატონ ქეთის !
17:49 / 01-04-2019
გამოხმაურება / 0 /
მაკო
და თუ პირიქით არის?ბავშვი ძიძისგან უფრო მეტ ყურადღებას იღებს,ასწავლის ლექსებს,უკითხავს ზღაპრებს,ცეკვავს მასთან ერთად,თამაშობს და ეფერბა.სამსახურიდან დაბრუნებული დედა კი...აჩეჩებს ხელში მობილურს და ასეთ მდგომატეობაში იტოვებს შვილს მაშინ..რასთან გვაქვს საქმე?დედები უფრო აფუჭებენ საკუთარ შვილებს.აი ეს არის რეალობაა.ასე,რომ ძიძები თავის საქმეს 5 ასრულებენ,მაგრამ დაფასება აქვთ ნულიი.
17:35 / 01-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS