ხალხში გავრცელებულ მადის დამთრგუნველ საშულებებზე და კვებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული გვპასუხობს.
როდესაც შედეგს ვაღწევთ, გვიყვარს ამის შელამაზება და არ ვყვებით გვერდით ეფექტებზე, არ ვამბობთ, რამდენ რამეს ვუძლებთ. რაც შეეხება ზემოხსენებულ სითხეებს - კუჭს დაძინებამდე 4 საათით ადრე სჭირდება დასვენება. 4 საათის განმავლობაში კუჭს შეუძლია იყოს ცარიელი. თუ ჩვენ მჟავე სითხეს ვიღებთ უზმოდ, ცარიელ კუჭში, რომელიც იდეალურ მდგომარეობაში არც ერთ ადამიანს არ გვაქვს, ჩვენ მას ვაზიანებთ და ვიწვევთ გასტრიტის ან წყლულის პროვოცირებას. ეს შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ მასზე ვიყოთ დამოკიდებული.
- რას გვეტყვით წიწიბურაზე და შვრიის ფანტელზე, როგორც გასახდომ საშუალებებზე?
- წიწიბურას რაც შეეხება, მისი დიეტური სახელწოდება მოდის იქიდან, რომ კუჭ-ნაწლავისთვის საჭირო კვების პროდუქტებში შედის. ის არის ბურღულეული, რომელიც შედარებით ნაკლებად შეიცავს სახამებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახდუნებს. დიეტური ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ გვახდუნებს. იგივე შემიძლია ვთქვა შვრიაზეც, რომელიც შეიძლება, მასობრივად გამოიყენოს ადამიანმა, ან დღეში რამდენჯერმე მიირთვას. ის არის დიეტური, თუმცა, მას აქვს თავისი მიმართულება და დანიშნულება, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ახდუნებს.
- სამსახურის გრაფიკის თუ სხვა მიზეზების გამო, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს შესაბამის დროს იკვებოს და სვამს დიდი რაოდენობით ყავას. ამბობენ, რომ ყავა ახდუნებს და იმ კონკრეტულ შემთხვევაში შიმშილის გრძნობას აქრობს... რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღის განმავლობაში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?
- ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის, რადგან მასში სხვადასხვა ფხვნილებია კომბინირებული. მე ვთხოვ პაციენტებს, რომ არ მიირთვან ხსნადი - კომბინირებულად დაფასოებული ფხვნილის ყავა. სასურველია, ავიღოთ ცალკე რძე და ცალკე ყავა, ნაღები და ყავა და ამ ფორმით შერეული მიირთვათ. და სულაც უმჯობესია ყავის მეორე ვარიანტი - დაფქვილი ყავის მარცვლებისგან მომზადებული. ზოგადი რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ორი ჭიქა ყავის დალევა დღეში საკმარისია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავუშვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება, მაშინ არ იქნება ყავის დიდი რაოდენობით დალევა სასურველი. რადგან შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, ყავის მოყვარული ადამიანები წყალს ივიწყებენ ხოლმე და ფიქრობენ, რომ მათ მიიღეს წყალი ყავის სახით, რაც არ არის სწორი. რაც შეეხება კოფეინს, მასზე ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არ არსებობს. მეცნიერების აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენად მოქმედებს ის ჩვენს ნახშირწყლოვან ცვლაზე და რამდენად გვიქვეითებს მადას, მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ნაწილია.
- თურქულ ყავას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
- გააჩნია, რამდენჯერ მივირთმევთ. დაფქულ თურქულ ყავას აქვს ძალიან კარგი მატონიზებელი ეფექტი, ხსნად ყავას კი - ნაკლებად. ცუდი ჩვევაა, როცა ყავას უზმოზე იღებენ. უზმოზე ყავის მირთმევა არ არის სასურველი. უზმოზე აუცილებლად უნდა მივირთვათ საკვები. ჩვენ თუ ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს თავის დროზე ყველაფერს, ყავით თავის მოტყუება არ დაგვჭირდება იმ დროს, როცა მართლა შეგვიძლია ჭამა. განაგრძეთ კითხვა: