- ქალბატონო ნინო, თქვენ სტომატოლოგების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი ხართ, ალბათ ამან განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- მამა ცნობილი სტომატოლოგი არჩილ თამასიძე გახლავთ. დედაც სტომატოლოგიაში საქმიანობს. ამდენად ბუნებრივი იყო ჩემი პროფესიული არჩევანი. კლინიკაში, სადაც ახლა ბრძანდებით, მთელი ჩვენი სანათეოსაოა დასაქმებული,
- რა გამოცდილება გაგიზიარეს უფროსებმა. რა არის მნიშვნელოვანი სტომატოლოგიაში?
- უფროსებმა მასწავლეს, რომ სტომატოლოგიაში მთავარი ფიგურა პაციენტია. მას განსაკუთრებული პატივი უნდა ვცეთ და ნდობა უნდა მოვიპოვოთ. კლინიკაში შემოსულმა ადამიანმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. მან ექიმი ახლობელ ადამიანად უნდა მიიღოს, რომ პრობლემასთან გამკლავება შეძლოს.
- როგორე უნდა მოვუაროთ პირის ღრუს, რომ რაც შეიძლება ხანგრძლივად შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები?
- სასურველია, თუ პირის ღრუს მოვლას სამი წლის ასაკიდან დავაწყებინებთ ბავშვს. ეს უნარ-ჩვევა ბავშვობიდან უნდა ჩამოყალიბდეს. პატარას რომ არ გაუჭირდეს ეს პროცესი, თამაშის სახით უნდა შევთავაზოთ, რომ მისთვის სახალისო გახდეს. ზოგადად, ჰიგიენის დაცვა გადამწყვეტია ჯანმრთელი პირის ღრუს შენარჩუნებაში. კბილების გახეხვა დილა-საღამოს არის აუცილებელი. კბილების ხშირი გახეხვაც არაა მართებული. დღეში რამდენჯერმე კბილზე ჯაგრისის მიკარება ემალს დააზიანებს. ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს ე.წ. ცვლათაკბილვა, რომელიც 7 წლის ასაკიდან იწყება და 13 წლამდე სრულდება. ამ დროს ბავშვის თანკბილვა ცვალებადია. ის კარგავს სარძევე კბილებს და მუდმივს იძენს. ამიტომ არის ადრეული ასაკიდან სასურველი პირის ღრუს მოვლა, რომ მუდმივი კბილები ჯანმრთელი იყოს.
- ჯანმრთელი კბილების ხანგრძლივობაში რამდენად დიდ როლს ასრულებს გენეტიკური ფონი?
- გენეტიკური ფონი შეიძლება მძიმე იყოს, მაგრამ ორსულობის პერიოდში, დედამ მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს უნდა მიაწოდოს ყველა ის ელემენტი, რაც მისი ძვლების ფორმირებისთვის იქნება აუცილებელი. დედა უნდა იკვებოს სრულფასოვნად. უნდა მიიღოს რძის პროდუქტები და ვიტამინებით გაჯერებული საკვები. შედეგად, გენეტიკური ფონიც შეიცვლება უკეთესობისკენ. გინეკოლოგები ორსულ ქალს ყოველთვის აძლევენ მსგავს რეკომენდაციას. კარგი იქნება თუ ქალბატონები გაითვალისწინებენ მათ რჩევას. თუ ორსულობის პერიოდში ქალი ვერ მოახერხებს ბავშვის საჭირო ელემენტებით მომარაგებას, მისი გაჩენის შემდეგ შეუძლია, შეუვსოს ეს დანაკლისი. შეიძლება მედიკამენტის სახით კალცისა და ვიტამინების მიწოდება. ან რძის პროდუქტებით მენიუს შევსება. ამით იმის თქმა მსურს, რომ ჯანსაღი კბილი მთელ რიგ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომელიც ადამიანის მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება.
- თქვენი პირდაპირი პროფილი თანკბილვის გამოსწორებას, ანუ ბრეკეტების სისტემას უკავშირდება. რა იწვევს თანკბილვის დარღვევას?
- სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ადრეულ ასაკში დამოკიდებულია საწოვარას სწორად შერჩევასა და საწოვარას ნახვრეტის ზომაზე. რამდენად აქტიურად იყენებდა ბავშვი საწოვარას, კუნთების ზედმეტ დატვირთვასა და პირიქით, ნაკლებ ინტენსივობაზე. ბავშვს დაბადების პირველ პერიოდში ხრტილოვანი სტუქტურა აქვს, რომელიც კუნთების ხარჯზე ვითარდება. მოგვიანებით, ხრტილოვანი ძვლოვან სტრუქტურაზე გადადის. ძილის პერიოდსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება - თავის პოზიციას - ბავშვს თავი ზედმეტად გადაწეული არ უნდა ჰქონდეს, არც ზედმეტად დახრილი. სკოლის პერიოდში, ბავშვებს ნიკაპით ხელზე დაყრდნობა უყვართ. ეს პოზიცია ნიკაპის არასწორად განვითარებას უწყობს ხელს. ბევრი მავნე ჩვევაა, რაც არასწორად აყალიბებს თანკბილვას. როგორც კი ბავშვს კბილების ცვლა დაეწყება, 6 წლის ასაკიდან, აუცილებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც პროცესს დააკვირდება და თანკბილვის დარღვევის ასაცილებლად შესაბამის ზომებს მიიღებს. კბილების ცვლა არც დაგვიანებული უნდა იყოს, არც ნაადრევად უნდა დაიწყოს. გვყავს პატარა პაციენტები, რომლებსაც დაშლილი კბილის გამო, ნაადრევად კბილის ამოღება დასჭირდათ. რადგან კბილებს გადანაცვლების უნარი აქვს, მისი ადგილი სხვა კბილმა დაიკავა და შედეგად, დაირღვა თანკბილვა. თანკბილვის დარღვევა სახის ნაკვთებს ცვლის. ამდენად, აუცილებელია ამ პროცესებისთვის ყურადღების მიქცევა და დარღვევების თავიდან აცილება.
- როგორ შევარჩიოთ ბრეკეტი?
- არსებობს როგორც ამერიკული, ან გერმანული, ისე კერამიკული ბრეკეტები. არსებობს ასევე ე.წ. ელაინერები, ანუ კაპების სისტემა. ეს სისტემა მათთვისაა მორგებული, ვისაც სურს, რომ მკურნალობის პროცესი შედარებით უხილავი იყოს. მაგალითად, საქმიანი ქალბატონებისთვის, ვინც მუშაობს და საქმიან შეხვედრებზე კლასიკური ბრეკეტებით ვერ გამოცხადდება. ზოგადად, ასე რჩევა რთულია. ბრეკეტების შერჩევა პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შერჩევა ინდივიდუალურად ხდება, პაციენტის თანკბილვის გათვალისწინებით. ბრეკეტსისტემით მკურნალობის დროს პაციენტი უნდა დაჰყვეს ექიმის რჩევებს და ზედმიწევნით დაიცვას. ეს იქნება ჩემი მთავარი რჩევა.
- ხშირად პაციენტი უკმაყოფილოა შედეგით. რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, ან როგორ უნდა მიხვდეს, თუ ექიმის შეცდომასთან აქვს საქმე?
- შედეგი მხოლოდ ექიმის სწორ მიდგომაზე არ არის დამოკიდებული. დიდ როლს თავად პაციენტის ძვლოვანი სისტემა თამაშობს. ხშირად არის შემთხვევები, როცა პაციენტის ორგანიზმი არ მოგყვება და სასურველი შედეგი დროში ხანგრძლივდება. ორ წელზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, აქვე ავღნიშნავ, რომ შეიძლება ექიმის შეცდომაც შეგვხვდეს... ამიტომ, ეს კბილებს შეეხება თუ სხვა ორგანოებს, სასურველია, თუ კვალიფიციურ, საუკეთესო სპეციალისტებს მიმართავთ. რაც შეეხება წესების გათვალისწინებას... ბრეკეტსისტემა კბილებზეა ფიქსირებული, რომელსაც პაციენტი ვერ მოიხსნის. ამდენად აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა, რომ ბრეკეტსისტემაში არსებული ბაქტერიები შემდგომ ღრძილების ანთების მაპროვოცირებელი არ აღმოჩნდეს.
ასეთ დროს ექიმი იძულებული გახდება, რომ პაციენტს ჯერ ღრძილებზე უმკურნალოს და შემდეგ დაუბრუნდეს ბრეკეტებს. ბრეკეტსისტემით მკურნალობა, ისედაც ორგანიზმისთვის დიდი სტრესია. ექიმი გარედან, ძალდატანებით ცდილობს თანკბილვის გამოსწორებას, შესაბამისად, პაციენტის ღრძილები ისედაც რეაგირებს ამ პროცესზე. აუცილებელია, პაციენტმა საკვები ყოველთვის დანა-ჩანგლით დაანაწევროს. ჩაკბეჩა, თუნდაც ვაშლის, არ არის მიზანშეწონილი.
- რა ასაკიდან შეიძლება ბრეკეტსისტემით მკურნალობა?
- ბრეკეტსისტემა ყენდება 12 წლიდან. პირველი თაობის ფირფიტებით მკურნალობა 3 წლის ასაკიდანაც გახლდათ შესაძლებელი, თუ პატარა პაციენტი წამოგვყვებოდა. თუ არადა, 6 წლიდან, როდესაც კბილების ცვლა იწყება, მაშინ შეიძლება მკურნალობის დაწყება და 12 წლიდან ბრეკეტსისტემაზე გადასვლა. რაც შეეხება უფროსი ასაკის ადამიანებს, სანამ პირის ღრუში საკუთარი კბილები აქვთ, ბრეკეტსისტემით მკურნალობა შესაძლებელია. ასაკი არ იზღუდება. თუმცა, უფროსი ასაკის პაციენტებს, გაცილებით მყარი ძვლოვანი სისტემის გამო, მკურნალობა დროში უხანგრძლივდებათ.
- რაც შეეხება ყველაზე მოდურ „ჰოლივუდის ღიმილს“...
- „ჰოლივუდის ღიმილს“ უწოდებენ ულამაზესად ჩაწყობილ, თეთრ, ქათქათა კბილებს. თუ კბილების ფორმა არ გიწყობთ ხელს, ბრეკეტსისტემით მისი გასწორება შესაძლებელია. არსებობს უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც კბილების გათეთრებაში გვეხმარება. ამდენად „ჰოლივუდის ღიმილს“ საკმაოდ ადვილად, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისა და კბილების გადანერგვის გარეშე შეიძლება მიაღწიოთ. იდეალური თანკბილვის პირობებში კეთდება ე.წ. ფასადი, რომელიც გადაეკვრება წინა კბილებს. ამ დროსაც პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ჰიგიენური ნორმების დაცვას. ასევე უნდა იკვებოს მხოლოდ დანა-ჩანგლით დანაწევრებული საკვებით. ფასადის გაკეთების დროსაც მიზანშეწონილი არაა საკვების ჩაკბეჩა.
- რა აზიანებს კბილებს და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები?
- ჯანმრთელი კბილები რომ შევინარჩუნოთ აუცილებელია ე.წ. „თეთრი დიეტა“. ჩვენ, სტომატოლოგებს, ძალიან გვიყვარს ეს ფრაზა. რაც ნიშნავს:
- ჰიგიენური ნორმების დაცვას;
- ნაკლებ ყავას, ჩაის, კოკა კოლას და წითელ ღვინოს.. ან ე.წ. საწრუპის გამოყენებით მირთმევას.
- ორგანიზმისთვის რძის პროდუქტების მიწოდებას;
- სასურველია აფთიაქში შეძენილი სავლებების გამოყენება, რომელიც ღრძილების სიჯანსაღეში დაგეხმარებათ;
- კბილის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევას;
ქეთი თავაძე