18 იანვარი, 2019
"მომავალ წელს შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება" - ინფექციონისტ თამარ გეგეშიძის რჩევები გავრცელებულ ვირუსებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე
როცა ქალაქში ინფექციურ ეპიდემიაზე საუბრობენ, ინფექციურ საავადმყოფოში სტუმრობა გარკვეულ ღელვას უკავშირდება. დაძაბულობის ხარისხი მაშინ უფრო მატულობს, როცა საავადმყოფოს ყველა ფანჯარასა და კარზე გაკრულ აბრას აწყდები, წარწერით: „კარანტინი წითელაა“. პალატებიდან ბავშვების ტირილის ხმა დერეფანში აღწევს, გადასხმის აპარატებით მოსიარულე ექიმები და გავსებული პალატები მიგვანიშნებს, რომ საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

არის თუ არა წითელას ეპიდემია ქვეყანაში და საზოგადოების შიში ეპიდემიაზე გადაჭარბებულია თუ არა? ინფექციური დაავადების პრევენციასა და აცრის სანდოობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის პროფესორი თამარ
გეგეშიძე გვესაუბრება.

- ქალბატონო თამარ, საავადმყოფოში არაპირბადიანი მედპერსონალისა და პირბადიანი მოქალაქეების სიმრავლემ მიიქცია ჩემი ყურადღება...

- მედპერსონალი დაცულად ვგრძნობთ თავს ინფექციური დაავადებების თავისებურებებიდან გამომდინარე. წითელა ისეთი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მყარი იმუნიტეტი ვითარდება. მისი განმეორების ალბათობა ძალიან მცირეა. ამასთან, წითელა ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართვადი ინფექციაა. ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.

- ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდემიაა?

- ქვეყანაში რომ პანიკაა, ისევ ჩვენი მოსახლეობის ბრალია. ექიმები უკვე რამდენი წელია მოქალაქეებს პრევენციულ აცრებზე მოუწოდებენ. აუცილებელია პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ბავშვებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებში. 2-3 წლის წინ იყო ასეთივე აფეთქება და მაშინაც მოვუწოდეთ მოსახლეობას. მაშინ რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, ამ სურათს არ მივიღებდით. წითელა გეგმიურ აცრებში შედის. ამ მხრივ ბავშვები გაცილებით დაცულნი არიან. შემდეგ, ყოველ 7 წელიწადში ერთხელ სასურველია განმეორებითი აცრის ჩატარება. ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. უფროსი ასაკის ადამიანებს, ვისაც გადატანილი აქვს წითელა, მას აღარ შეხვდება. ამიტომ, პაციენტების ძირითადი კონტიგენტი 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებია. კარგია თუ ქვეყანაში ვაქცინაციის თემა მოწესრიგდება.

- ვაქცინაციის მიმართ იგრძნობა მოსახლეობის უნდობლობა...
- მესმის საზოგადოების ეჭვების... გახსნილია ინფორმაცია, ადამიანები ლიტერატურას ეცნობიან... მაგალითად, საზოგადოებაში გრიპის ვაქცინაზე იყო უარყოფითი რეაქცია. საუბრობდნენ კვლევებზე, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევდა და საზოგადოებაში შეიქმნა ნეგატიური ფონი. ან B ჰეპატიტი რომ აცრის შემდეგ დაემართა მოქალაქეს... ეს ყველაფერი გასაგებია. მედიცინაში ორჯერ ორი ოთხი ყოველთვის არაა. ყოველთვის არსებობს უკურეაქციის ალბათობა. სამწუხაროდ, ყველაზე ბანალური დაავადების დროსაც ყოველთვის ვიტოვებ იმ უმცირეს პროცენტს, რომ შეიძლება პაციენტი ვერ განიკურნოს. პაციენტს არასდროს ვაიმედებ სრულ განკურნებაზე. შესაბამისად, ყურადღებასაც არასდროს ვადუნებ. ასეა მედიცინაში... წითელას ეპიდემია მთელს მსოფლიოშია. ევროპისა და ამერიკის ქვეყნები იგივე ეპიდემიის წინაშე დგანან. ეს იმიტომ, რომ ვაქცინაციის მიმართ ყურადღება მოდუნდა. ამასთან მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაჩნდა. პედიატრებიც გამოჩნდნენ, რომლებიც აცრას ეწინააღმდეგებიან. ადამიანებო! გონიერებას მოვუხმოთ და არ გავექცეთ აცრებს. ყვავილის ეპიდემია, პოლიმომელითის და დიფტერიის ეპიდემიები აცრამ შეაჩერა. ამდენად კატეგორიული გრიპის შემთხვევაში ვერ ვიქნები, რადგან მომავალ წელს შეიძლება სრულიად სხვა გრიპი შემოვიდეს, რომლის მიმართ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ექნება.

- ვინ უნდა შეიკავოს აცრაზე თავი?

- კარგი იქნებაო თუ ორსულები შეიკავებენ თავს. სხვა შემთხვავეში, არ არსებობს თუნდაც ქრონიკული დაავადებების ფონზე ვაქცინის შემდეგ პაციენტს გაურთულდეს მდგომარეობა. აცრა სწორედ ისეთ ადამიანს სჭირდება, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია. აცრის შემდეგ დაავადების მიმართ ხდება ანტისხეულების გამომუშავება. თავად ოჯახის ყველა წევრი ავცერი.

- როგორ ამოვიცნოთ წითელა და როგორ მოვიქცეთ?

- ყველაზე ცუდი და საყურადღებოა გრიპის ფონი, რომლის პარალელურად წითელას ეპიდემიური აფეთქება მივიღეთ. წითელას დასაწყის ეტაპსა და გრიპს ერთნაირი ნიშნები ახასიათებს. ორივე იწყება სხეულის მომატებული ტემპერატურით, შემცივნებით და სახსრების ტკივილით. ამ ნიშნებით შეშინებული პაციენტი რომ აკითხავს ემერჯენსს, სადაც გრიპით დაავადებული პაციენტებია, ასეთი ადამიანი წითელას ინფექციის წყარო ხდება მათთვის. იდენტური ნიშნები შეიძლება საწყის ეტაპზე ექიმმაც ვერ ამოიცნოს. თუმცა, დაკვირვებული ექიმი ადვილად ამოიცნობს პირის ღრუში მიმდინარე ცვლილებებს, რაც წითელას ახასიათებს. გამონაყარზე ადვილია დაიგნოზის დასმა. გამონაყარი იწყება სახიდან და რამდენიმე დღის განმავლობაში სხეულის ქვედა ნაწილისკენ ვითარდება. როცა მთლიანი სხეული დაიფარება გამონაყრით, მას შემდეგ სხეულის ტემპერატურამ უნდა დაიწიოს. თუ არ დაიწევს, ნიშნავს, რომ ინფექცია გართულდა და აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. წითელა გახლავთ ვირუსული ინფექცია, რომელსაც თავისი ციკლი აქვს. 5 დღის განმავლობაში აღწევს პიკს. ახასიათებს სპაზმური შეტევითი ხველა და მაღალი ტემპერატურა.

- როგორ შეიძლება თავი დავიცვათ, თუ წითელათი ინფიცირებული ოჯახის წევრი გვყავს?
- ახლა თქვენ პირბადით რომ ხართ, დაცული გგონიათ თავი? თუ აცრილი არ ხართ ან ეს ინფექცია არ გაქვთ გადატანილი, ვერაფერი დაგიცავთ. კაბინეტში რომ ვზივარ, არ ნიშნავს, რომ დაცული ვარ. წითელა გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. შეიძლება, დერეფანში გაიაროს პაციენტმა და კაბინეტში მე დავინფიცირდე.

- რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის?
- მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რაც ერთგვარ დეზინფექციას წარმოადგენს. და აუცილებლად აიცერით, თუ ეს ინფექცია გადატანილი არ გაქვთ.

ქეთი თავაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია
ბავშვობაში არ მახსოვს ალბათ მექნება ჩატარებული, მაგრამ განმეორებითი აცრა ხომ შეიძლება?
14:56 / 31-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS