ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას, გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ვრცლად ისაუბრა ხველის მიზეზებზე. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებზე, როდესაც ხველის მოხსნა მედიკამენტებით რთულდება და როდესაც სპაზმური ხველა 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსების პერიოდში, ხველა კვლავ პედიატრთან მიმართვიანობის პირველი მიზეზია, ჩვენ გთავაზოთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
„თუკი ხველა 4 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ის ქრონიკულია, თუმცა, ბევრი გაიდლაინით, ხველა 8 კვირაზე მეტხანს უნდა გრძელდებოდეს, რომ ის ქრონიკული იყოს. თუკი გვაქვს ქრონიკული ხველის შემთხვევა, რა დაავადებებზე უნდა
მიიტანოს ექიმმა ეჭვი? გახანგრძლივებული ხველისას 90%-ში მიზეზი სამ ნოზოლოგიაშია. პირველი ეს არის ბრონქული ასთმა, მეორე – უკანა წვეთის სიმპტომი, ანუ ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, რომლის უკანაც უხშირესად ალერგიული რინიტი ან სინუსიტი დგას. მესამე მიზეზი კი არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, როდესაც კუჭიდან საყლაპის შიგთავსში ქაფისებური მასის ამოსვლა დაუსრულებელ, გახანგრძლივებულ ხველას იწყებს. როგორ, რა მინიშნებებით მივხვდეთ, რომ საქმე გვაქვს ამ უკანასკნელთან? გასტროეზოფაგალური რეფლუქსური ხველა ყველაზე ხშირად მწვავდება მაშინ, როდესაც პაციენტი ჰორიზონტალურ პოზაში გადადის. თუკი ამ დროს ხველის პროვოცირება ვითარდება, იცოდეთ, რომ ძალიან ხშირად, ხველის უკან გასტროეზოფაგალური რეფლუქსი იქნება და ამას ექიმის დიფერენციალური დიაგნოსტიკა სჭირდება. რაც შეეხება ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომს – ეს არის ე.წ. წიაღების ანთება. თუკი პაციენტს აქვს ჰაიმორიტი, სინუსიტი და ა.შ. ამ დროს მთელი ღამის განმავლობაში ბრონქებში ჩაედინება ნახველი, პაციენტი ან ნერწყვს ყლაპავს, ან მსუბუქ ხველას ავითარებს და როდესაც დილას წამოდგება, მშობელი ამჩნევს, რომ სველი, პროდუქტიული ხველა აქვს. შუა დღის 2-3 საათის შემდეგ კი თითქოს მშრალი ხველა იწყება. მშობელი ამ დროს დაბნეულია, რადგან ხველა არის სველიც და მშრალიც და ექიმი ნიშნავს მშრალი ხველისთვის განკუთვნილ წამალსაც და სველი ხველისთვის საჭირო წამალსაც, სჯობს, ეს ვაღიაროთ. ენის უკანა ძირზე შპადელის ღრმა დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. თუ ხველა არის გარდამავალი და გახანგრძლივებული, საკმარისია სინუსიტების სწორი მკურნალობა, 2-3 დღეში ხველა სრულიად ქრება. და მესამე მიზეზი – ასთმური ხველა, ეს განსაკუთრებით 6 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებს ახასიათებთ და სხვა სიმპტომი არ არის. როდის უნდა მიიტანოს ეჭვი ექიმმა ასთმაზე? თუ შეატყობთ, რომ გახანგრძლივებული ხველა, ასთმისათვის განკუთვნილი საინჰალაციო საშუალებებით წყნარდება, მაშინვე მიმართეთ სპეციალისტს. ეს არ არის 100%-იანი დიაგნოზი, მაგრამ მნიშვნელოვანი მინიშნებაა. ყველა ბავშვს, რომელსაც აქვს მსტვინავი ხასიათის ხველა, რა თქმა უნდა, ყველას ასთმა არ დაემართება. თუკი მსტვინავი ხმოვანებაა, დადგენილია, რომ ვისაც ასეთი ტიპის სუნთქვა ერთხელ ჰქონდა, 100%-დან 52% ისე იზრდება, რომ ხიხინი არასდროს აღარ აქვს, მეორე ნახევარს კი შესაძლოა გაუმეორდეს. ამ ბავშვების 80%-ს, სკოლის ასაკამდე 60%-ს, ხოლო დარჩენილ 20%-ს გარდატეხის ასაკამდე ასთმისთვის დამახასიათებელი მთავარი სუნთქვითი ნიშანი ყოველგვარი ჩარევის გარეშე ულაგდება. მხოლოდ 20%-ია რისკის მატარებელი, რომ მას ასთმა ჩამოუყალიბდეს. ანუ, 10-დან 8 ბავშვი იკურნება თავისით, რა თქმა უნდა, ექიმის დახმარებით“.
გადაცემა სრულად იხილეთ ბმულზე