13 აპრილი, 2018
რა გართულებები იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტის დროს და როგორ ავიცილოთ ისინი - ენდოკრინოლოგის რჩევები
შაქრიანი დიაბეტის გართულებების შესახებ გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნინო ესაკია.

- შაქრიანი დიაბეტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა - ის აქვს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ს და რაც დრო გადის, დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ტიპს: შაქრიანი დიაბეტი ტიპი-1 და ტიპი-2. გარდა ამისა, არსებობს ორსულთა დიაბეტი და დიაბეტის სხვა ტიპებიც, რომლებიც შედარებით იშვიათია. გართულებები შეიძლება განვითარდეს როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დროს.

მწვავე გართულებაა კომა, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია და
აქტიურ ჩარევას და რეანიმაციულ ღონისძიებებს მოითხოვს. არსებობს გვიანი გართულებები, რომლებსაც ქრონიკულთა რიცხვს მიაკუთვნებენ. რა თქმა უნდა, ეს გართულებები აგრესიულად და სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ სათანადო მკურნალობა თუ არ ჩატარდა, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს. ძირითადად ხუთი ტიპის გართულებასთან გვაქვს საქმე (ეს გართულებები ორივე ტიპის დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ სხვადასხვა პროცენტული სიხშირით).

ესენი გახლავთ:
მაკროანგიოპათია, რომელიც სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარეობს, ნეფროპათია - თირკმლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე გართულება, რეტინოპათია, რომელიც თვალის ბადურას სისხლძარღვების ცვლილებებით მიმდინარეობს, ნეიროპათია - ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე გართულება და დიაბეტური ტერფის სინდრომი. ყველაზე ხშირია მაკროანგიოპათია, რომელიც უფრო თვალშისაცემია და მის გამო უფრო ხშირადაც მიმართავენ ექიმს. ამ დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, შედეგად ინსულტი და სხვა. ასეთი გართულებით პაციენტები უფრო ხშირად ხვდებიან ექიმთან, ვიდრე რეტინოპათიით ან ნეფროპათიით.

ქრონიკული გართულების ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. ტკივილები პაციენტებს იშვიათად აწუხებთ, შესაძლოა, მხედველობა დაუქვეითდეთ ოდნავ, მაგრამ, როგორც წესი, ამ დროს ექიმთან ვიზიტს გაურკვეველი ხნით გადადებენ ხოლმე და ბოლოს შორსწასული ფორმებით მოდიან. როდესაც რეტინოპათია ცალმხრივად მიმდინარეობს, მხედველობა ცალ თვალში ქვეითდება, მეორეში კი 50-60% ან უფრო მეტია. პაციენტი უმეტესად არც ამ დროს მიდის ექიმთან. თუმცა, მედიცინაში ისეთი შემთხვევებიც არის აღწერილი, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს. არაფერს უჩივის, არასოდეს უმკურნალია, არც გლუკოზის ანალიზი გაუკეთებია და პირდაპირ ოფთალმოლოგს მიმართავს მხედველობის დაქვეითების გამო. მიმართავს სათვალის დასანიშნად, რადგან ჰგონია, რომ ეს ასაკობრივი პრობლემაა. გამოცდილი ოფთალმოლოგი თვალის სისხლძარღვოვანი სურათის ნახვისთანავე პაციენტს სისხლში გლუკოზის ანალიზის ჩასაბარებლად გზავნის. შაქრიანი დიაბეტის გართულებები ერთდროულად არ ყალიბდება. თითოეული გართულების ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, დიაბეტის ხანგრძლივობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, მაგალითად, დისლიპიდემიაზე - სისხლში ცხიმოვანი ცვლის დარღვევაზე, ქოლესტერინის მომატებაზე, არტერიული წნევის მომატებაზე. ზოგს უფრო მეტად თირკმლის დარღვევები უვითარდება, ზოგს - მხედველობისა და ასე შემდეგ. თუ ადამიანს აქვს დიაბეტური ტერფი, არ არის აუცილებელი, მხედველობის დარღვევებიც ჰქონდეს.

მაკროანგიოპათია

ამ დროს კლინიკურად გამოვლინდება გულის იშემიური დაავადებები, თავის ტვინის, ქვედა კიდურების, შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და სხვა. გულის დაავადებებით სიკვდილიანობა, როგორც ჩვენში, ასევე მთელ მსოფლიოში საკმაოდ მაღალია. ლიტერატურაში აღწერილია, რომ დიაბეტიან პაციენტებს 6-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ გულისმხრივი გართულებები. თუმცა, არის სხვა ფაქტორებიც, რომელთა არსებობა ზრდის ამ დაავადების განვითარების ალბათობას, მათ შორის - თამბაქოს მოხმარება, გენეტიკური ფონი, დისლიპიდემია, სისხლის კოაგულაციური პარამეტრების ცვლილებები. ტიპი-1 დიაბეტიან პაციენტებში გულისა და თავის ტვინისმხრივი გართულებები ასიდან დაახლოებით ოცდახუთ შემთხვევაში ვითარდება, მეორე ტიპის დიაბეტის დროს კი 75-ში. ეს ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული. პირველი ტიპის დიაბეტით ავადდება ახალგაზრდა თაობა - ბავშვები, მოზარდები გარდატეხის პერიოდში და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. 30 წლის შემდეგაც ვითარდება ტიპი-1 დიაბეტი, მაგრამ ასეთი რამ შედარებით იშვიათია. ტიპი-2 დიაბეტი კი უფრო მოზრდილი თაობის დაავადებაა და უმეტესად 40 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებს ემართებათ. მაკროანგიოპათიის დროს პაციენტი შესაძლოა ინფარქტით, გულის მწვავე იშემიური დაავადებით, თავის ტვინის ინსულტით მოხვდეს ამა თუ იმ ტიპის დაწესებულებაში, სადაც მას პირველად გადაუდებელ დახმარებას გაუწევენ, მერე კი ენდოკრინოლოგთან გაგზავნიან... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS