30 მარტი, 2018
რატომ არ უნდა თქვათ უარი ხორცზე - რა საფრთხეებს შეიცავს ვეგეტარიანული დიეტა
იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ცხოველთა დაცვის მიზნით უარს ამბობენ ხორცზე, ყოველწლიურად იზრდება. გავრცელებულია აზრი, რომ ვეგეტარიანული დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი დიეტაა. თუმცა, ის შეიძლება, ყველასთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს. ასე რომ, თუ ვეგეტარიანელობა გადაწყვიტეთ, შესაძლო საფრთხეებიც უნდა გაითვალისწინოთ.

B12 ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი

B12 ჯგუფის ვიტამინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესის დაძლევისა და ტვინის ნორმალური მუშაობისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად B12 ვიტამინს, მას ცხოველური ცხიმი შეიცავს, ამიტომ რისკის ზონაში სწორედ ვეგეტარიანელები ხვდებიან. მათ შორის ისინიც, ვინც არა მარტო ხორცზე, არამედ
რძესა და კვერცხზეც კი უარს ამბობს.

B12 ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა მუდმივი დაღლილობის გრძნობასა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას იწვევს. ადამიანი დეპრესიული ხდება და კონცენტრაციის უნარს კარგავს. უფრო რთულ შემთხვევაში შეიძლება ჰალუცინაციისა და პარანოიის სიმპტომებმა იჩინოს თავი.

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია B12 ვიტამინის სინთეზირება. ცნობილია, რომ ამ ვიტამინს შეიცავს ზოგიერთი წყალმცენარე და საფუარი, მაგრამ შეუძლია თუ არა მას „ცხოველური“ წარმოშობის იმავე ვიტამინის შეცვლა, ჯერჯერობით ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. ამიტომაც ვეგეტარიანელებმა ვიტამინი B12 ცალკე უნდა მიიღონ.

დეპრესია

გამოკვლევები აჩვენებს, რომ ვეგეტარიანელებს უკეთესი ფიზიკური მდგომარეობა აქვთ, ვიდრე „ხორციჭამიებს“. მას, ვინც უარს ამბობს ხორცზე, როგორც წესი, ნაკლებად აწუხებს ზედმეტი წონა, უფრო ენერგიულია და იშვიათად მოიხმარს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. მიუხედავად ამისა, ისინი სხვებზე ხშირად განიცდიან დეპრესიასა და შფოთს. ომეგა 3-ის ტიპის ამინმჟავას ბრალია, რომელიც მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტში მოიძებნება.

ვეგეტარიანელები უფრო ხშირად მიმართავენ ექიმებს და მკურნალობენ ქრონიკულ დაავადებებს. ასე რომ არ მოხდეს, ამასთან, თავიდან რომ აიცილოთ დეპრესია და შფოთი, უფრო გულმოდგინედ და დაკვირვებით მიუდექით საკუთარ რაციონს და არ დაივიწყოთ პოლივიტამინების კომპლექსი.

წონის მკვეთრი მატება

ახალბედა ვეგეტარიანელები ხშირად სწრაფად იმატებენ წონაში და სამწუხაროდ, არა კუნთების ხარჯზე. წონის მკვეთრი მატება აღინიშნება, როცა ადამიანი რაციონიდან გამორიცხავს ხორცს, დანარჩენი საკვების მიღებას კი ჩვეულებრივ აგრძელებს. შედეგად, ჩვეულებრივზე მეტი ნახშირწყლებისა და ცხიმის მიღება უწევს, რადგან აღარ მიეწოდება ხორცი - ცილის ძირითადი წყარო.
ცილა ჩვენი სხეულის ძირითადი სამშენებლო ელემენტია და ის აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის. მის გარეშე დაემშვიდობეთ მკვრივ კუნთებს, ენერგიულობას და ძლიერ იმუნიტეტს. გარდა ამისა, ცილის ნაკლებობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ტვინის გამართულ მუშაობას. პროტეინების ნაკლებობა ანელებს ნივთიერებათა ცვლას, რაც წონის მატების ძირითადი მიზეზი ხდება. ამიტომაც, როცა ხორცზე უარს ამბობთ, რაციონში რაც შეიძლება ხშირად ჩართეთ პარკოსნები, თხილეული, სოკო, კვერცხი, რძის პროდუქტები.

დაბალი ქოლესტერინი

ბევრი გაიფიქრებს: „დაბალი ქოლესტერინი ხომ კარგია?“ დიახ, ასეც არის, როცა საქმე, როგორც მას ხალხში უწოდებენ, „ცუდ ქოლესტერინს“ ეხება. მაღალი დონის ცუდი ქოლესტერინი არტერიების დაცობისა და გულის დაავადებების წარმოქმნის საფრთხეს ქმნის. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ანუ ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინი კი, პირიქით, იცავს გულის პრობლემებისგან, მონაწილეობს ძირითადი სტეროიდული ჰორმენების ფორმირებაში, რაც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესისთვის. კარგი ქოლესტერინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინული სისტემის დაავადებები და შეაფერხოს მთელი ორგანიზმის გამართული მუშაობა.

მყიფე ძვლები

ოსტეოპოროზი ძირითადად ასაკოვანი ადამიანების დაავადებაა. დროთა განმავლობაში ძვლები ილევა და მყიფე ხდება, თუმცა, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაკარგვა შეიძლება სხვადასხვა დიეტასა და ზოგადად, ცხოვრების წესთან იყოს დაკავშირებული.
ბოლო მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ვეგეტარიანელებს უფრო მყიფე ძვლები აქვთ და უფრო მეტს აწუხებს ოსტეოპოროზი. ამიტომ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია კალციუმის მისაღებად. ასევე მნიშვნელოვანია D ვიტამინი. სამხრეთ ქვეყნებში მცხოვრებმა ვეგეტარიანელებმა შეიძლება დანაკლისი მზის აბაზანებით აინაზღაურონ, თუმცა, ამ გზით მიღებული D ვიტამინი ორგანიზმში დიდხანს არ ჩერდება, ამიტომ მისი ხელოვნურად შევსება ნებისმიერ ვეგეტარიანელს დასჭირდება.

ნაწლავების კიბო
საერთოდ, ვეგეტარიანელებში კიბოს დაავადებათა განვითარების რისკი გაცილებით დაბალია. გამონაკლისია მხოლოდ კოლორექტალური კიბო (მსხვილნაწლავის კიბო) - ეს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნაა, რომელიც 63 ათასი პაციენტის გამოკვლევის შედეგად მიიღეს, თუმცა, მიზეზი ვერ დაადგინეს.

ქიმია რაციონში

პარადოქსია, მაგრამ ვეგეტარიანული დიეტა შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ჯანმრთელი. მით უმეტეს, თუ საქმე მოყვარულ კულინარებთან გვექნება.

ბევრი პროდუქტის, მათ შორის რაფინირებული შაქრის მისაღებადაც კი ცხოველური წარმოშობის კომპონენტებია საჭირო, თუმცა, თანამედროვე მწარმოებლები გამოსავალს სხვადასხვა ქიმიურ დანამატებში ხედავენ, მით უმეტეს, რომ ამ გზით წარმოებულ პროდუქტს ვეგეტარიანელებიც მიირთმევენ. ამდენად, ბევრი პროდუქტი, განსაკუთრებით ნახევარფაბრიკატები ქიმიური საკვები დანამატებით არის გამდიდრებული. მათ რიცხვს მიეკუთვნება სოიოს ნაწარმიც. ასე რომ, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.
რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ ვეგეტარიანელობაზე, მაგრამ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით და აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS