11 დეკემბერი, 2017
10 რჩევა, რომელიც დაღლილობას მოგიხსნით

 

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი დიდ ენერგიას მოითხოვს, ხშირად დასვენებას ვერც ვასწრებთ, მთელი დღის განმავლობაში თავს მოთენთილად ვგრძნობთ, დაღლილობის გრძნობა არ გვტოვებს და სრულყოფილად ვერც მუშაობას და ვერც დასვენებას ვახერხებთ.
კარგი იქნება, თუ ცოტა შეისვენებთ, საკუთარ ორგანიზმს მიაყურადებთ. შემოთავაზებული რჩევები კი მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ დაღლილობის გრძნობას.

სწორად გაიღვიძეთ
დილით, როცა ფიქრობთ, რომ ხუთი წუთით კიდევ დაიძინებთ, სინამდვილეში თქვენი ორგანიზმი აქედან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. საქმე ის არის, რომ ტვინი ვერ ასწრებს ღრმა ძილში ჩაძირვას და დასვენებას. სჯობს, გაღვიძების
შემდეგ კარგად გაიზმოროთ და სასიამოვნო რამეებზე იფიქროთ.

არ გააკეთოთ რამდენიმე საქმე ერთდროულად

ფიქრობთ, რომ თუ რამდენიმე საქმეს ერთად გააკეთებთ, დროს დაზოგავთ, მაგრამ სინამდვილეში ძირითად საქმეს სათანადო დროს ვერ დაუთმობთ და ენერგიის მთელ რესურსსაც დახარჯავთ. და რაც მთავარია, დროს მაინც ვერ დაზოგავთ.

ყოველ ერთ საათში შეისვენეთ
თავდაუზოგავი მუშაობით დღის ბოლოს ენერგია საერთოდ არ დაგრჩებათ. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, როგორ იღლება სხეული მთელი დღე ერთ პოზაში ჯდომით. შეეცადეთ, ყოველ ერთ საათში 5-10 წუთით შეისვენოთ და სხეულისა და თვალების რაიმე მარტივი სავარჯიშო შეასრულოთ. შეგიძლიათ, უბრალოდ, ადგეთ და დერეფანში გაისეირნოთ.

გაანიავეთ ოთახი
თუ სამუშაო ოთახს პერიოდულად არ გაანიავებთ, ოთახში ნახშირორჟანგი დაგროვდება, რაც ხელს უშლის გონების კონცენტრაციას და აქვეითებს შრომისუნარიანობას. სუფთა ჰაერის ნაკადი მოთენთილი ორგანიზმის გამოცოცხლებაში დაგეხმარებათ.
თუ გინდათ უკეთ დაგეძინოთ, ოთახი ძილის წინ გაანიავეთ.

შეიცვალეთ გარემო
არაფერი გვთრგუნავს ისე, როგორც ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვნება. თუ ფიქრობთ, რომ გარემოს შეცვლა დროებით შედეგს მაინც გამოიღებს, მოიფიქრეთ რაიმე საინტერესო უქმე დღეებისთვის, შეგიძლიათ, შინ ავეჯი გადააადგილოთ, გამონახეთ ახალი ჰობი, ისრგებლეთ ახალი მარშრუტით, გასინჯეთ ჩაის ახალი სახეობა. ახალი შთაბეჭდილებები ხელს უწყობს ტვინში დოფამინის გამოსროლას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

სადილად ცხიმიან საკვებს ნუ მიირთმევთ
ცხიმიანი საკვები მძიმეა, მის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება და ორგანიზმის პასიურობას იწვევს. ბალანსირებული საკვები საჭირო ენერგიით მოგამარაგებთ ისე, რომ დღის განმავლობაში სიმძიმეს ვერ იგრძნობთ.

უარი თქვით ენერგეტიკულ სასმელებზე
ასეთ სასმელებს დიდი ხნის ეფექტი არა აქვთ და როცა მათი მოქმედება სრულდება, თავს უფრო დაღლილად გრძნობთ. გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელი დიდი დატვირთვით მოქმედებს გულზე და თუ ბევრი სამუშაო გაქვთ, ეს სასიკეთოდ ნამდვილად არ წაგადგებათ.
ენერგეტიკული სასმელების ნაცვლად, უმჯობესია. წყალი დალიოთ და ორგანიზმში წყლის ბალანსი დაიცვათ.

აბანო ან საუნა
უქმე დღეებს ამაოდ ნუ დახარჯავთ. სასარგებლო დასვენების საინტერესო ვარიანტია აბანო ან საუნა. საბანაო პროცედურები იოლად ხსნის სტრესსა და დაღლილობას და ახალი ენერგიით ავსებს ორგანიზმს.

ისეირნეთ ძილის წინ
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ტელევიზორის წინ ან კომპიუტერთან პასიური დასვენება სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. სუფთა ჰაერი და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა კი იოლად მოგიხსნით დაღლილობას. საუკეთესო ვარიანტია ფეხით გასეირნება.

არავითარი გაჯეტი ძილის წინ

ნათება და მოციმციმე სურათები ხელს უშლის მშვიდ ძილს. კარგად რომ დაიძინოთ, რამე წაიკითხეთ, სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ ან აბაზანა მიიღეთ. თუ გაჯეტის გარეშე არ შეგიძლიათ, მაშინ ღამის რეჟიმი ჩართეთ.

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS