23 ოქტომბერი, 2017
როდის აყენებს მშობელი რისკის ქვეშ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას? - პედიატრ ხატია შუკაკიძის რჩევები
"ბატონები მობრძანდნენ, "ბატონებს ეწყინებათ", "ბატონები გაგვიბრაზდებიან" - ამ ფრაზებს დღეს ნებისმიერ ოჯახში მოისმენთ, სადაც ჩუტყვავილით, წითურით თუ ყბაყურით დაავადებული ბავშვია. რას გულისხმობს სინამდვილეში ხალხში გავრცელებული ტერმინი "ბატონები", რატომ ფიქრობენ, რომ მას განსაკუთრებული მოფრთხილება და ყველა სურვილის ასრულება სჭირდება? რამდენად იცავს ბავშვს აცრა ამ დაავადებებისგან? ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ხატია შუკაკიძე გვესაუბრება:

- ე.წ. ბატონები სხვადასხვა სახელწოდების, სხვადასხვა სიმპტომებით გამოხატული ინფექციური დავადებებია და მას ხალხურ ცრურწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ამ "ცრურწმენების" გარკვეული
ასპექტების ახსნა სამედიცინო ენაზე შესაძლებელია: მაგალითად, გავრცელებული მითის თანახმად, ავადმყოფის ყველა ჭირვეულობის შესრულება სავალდებულოა, - ამას ბატონები ითხოვენო. რეალურად, ნებისმიერი გამღიზიანებლის ზემოქმედება ორგანიზმზე სტრესის დონეს მაღლა სწევს, ავადმყოფის გაღიზიანების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმება მართლა შესაძლებელია, მაგრამ არა "გაბრაზებული" ბატონების გამო, არამედ დაავადების მიმდინარეობისას გამოხატული ძლიერი ზოგადი ინტოქსიკაციიდან გამომდინარე. ინფექციური დაავადებების გავრცელების რამდენიმე გზა არსებობს: კონტაქტური, საყოფაცხოვრებო, ვერტიკალურად, ანუ დედიდან შვილზე და ა.შ, თუმცა ყველაზე ფართოდ გავრცელებული, რაც პანდემიებს და ეპიდემიებს იწვევს, ჰაერწვეთოვანი გზაა.

- რა და რა სახის "ბატონები" არსებობს?
- "ბატონების" სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე სახელწოდების ინფექციური დაავადება. წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა - ვირუსული ინფექციებია, ხოლო ქუნთრუშა კი ბატონების განსაკუთრებული წარმომადგენელია, რომელსაც ბაქტერია იწვევს. დღეისათვის უცნობია თუ რატომ მოახდინეს ჩვენმა წინაპრებმა ამ ინფექციური პათოლოგიების ერთი სახელწოდების ქვეშ გაერთიანება;

- რამდენად იცავს ბავშვს ვაქცინაცია ამ დაავადებისგან?
- საბედნიეროდ, ვაქცინაცია საკმაოდ საიმედო მეგობრად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბავშვთა ინფექციური დაავადებების პრევენციის კუთხით. ვაქცინების აღმოჩენამ ბატონების ბატონობას წერტილი დაუსვა — ისინი უფრო და უფრო გაიშვიათდა, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მათ გაქრობაზეც კი ფიქრობს, მაგრამ არსებობს "ბატონები", რომლებსაც იმუნიზაციის განვითარებამ ვერაფერი დააკლო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. იმუნიზაციის მიზანია ცალკეული ადამიანების ან მთელი მოსახლეობის დაცვა "მართვადი" ინფექციებისაგან. ბავშვს დაბადებისას, ჩვეულებრივ, აქვს იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციისადმი, რასაც განაპირობებს პლაცენტის გზით გადაცემული ანტისხეულები. ძუძუთი კვებისას ახალშობილი დედის რძის მეშვეობით დამატებით იღებს ანტისხეულების ახალ ულუფას. ასეთი პასიური იმუნიტეტი დროებითია და ცხოვრების პირველი წლის ბოლოსათვის კლებულობს. ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით.

- იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი უარს იტყვის ბავშვის აცრაზე, რამდენად გართულდება დაავადების მიმდინარეობა?
- ვაქცინაციაზე უარის თქმით მშობელი დიდი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. იმუნიზაცია იცავს არა მარტო თქვენს ბავშვს, იგი იცავს თქვენს ოჯახს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა მძიმე მიზეზის გამო ვერ აიცრნენ.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS