13 სექტემბერი, 2017
აი, რატომ ვიმატებთ წონაში
სიმსუქნის მიზეზს ბევრი, უპირველეს ყოვლისა, საკვების რაოდენობაში ეძებს, არადა, ზედმეტი წონის მიზეზი შეიძლება სულ სხვაგან იმალებოდეს. ამიტომაც, თუ დიეტებისა და ფიზიკური ვარჯიშის მიუხედავად წონაში დაკლება გიჭირთ, გაითვალისწინეთ შემდეგი მიზეზები:

არასაკმარისი ძილი

თუ თქვენი სამუშაო დღის ხანგრძლივობა 10-12 საათია და დღე-ღამეში სულ რამდენიმე საათი გძინავთ, დიდი რისკია, რომ ჩვეულებრივზე 1-2 ულუფით მეტი საკვები მიიღოთ. გარდა ამისა, არასაკმარისი ძილის დროს ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც აძლიერებს შიმშილის გრძნობას. ასევე ხელს უწყობს ქსოვილში ცხიმების წარმოქმნას.

სტრესი
ცნობილია, რომ
მუდმივი შფოთვა და სტრესი აიძულებს თირკმელზედა ჯირკვალს, ჭარბი რაოდენობით გამოიმუშაოს ჰორმონი, რომელიც ასევე ხელს უწყობს, ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას. გარდა ამისა, იცვლება გემოვნური მოთხოვნილებები. ამ დროს ადამიანს უფრო კალორიული და ცხიმიანი საკვები უნდება.

ანტიდეპრესანტები
ზედმეტი წონა ზოგჯერ შეიძლება ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენის შედეგი იყოს, თუმცა ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომ პრეპარატი შეგიცვალოთ.

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, შეიძლება, ზედმეტი წონის ფარული მიზეზი იყოს. ჰიპოთირეოზის სიმპტომია, აგრეთვე, ჩვეულებრივზე შენელებულული რეაქცია, დაღლილობა, ძილიანობა, მახსოვრობის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, აპათია. ამ პრობლემის მოგვარება ენდოკრინოლოგთან ვიზიტით შეიძლება.

კლიმაქსი

კლიმაქსის დროს ქალებში იცვლება ჰორმონების გამომუშავების პროცესი, იცვლება საერთოდ ორგანიზმის მუშაობა. თუმცა, ჰორმონალური დისბალანსი მოქმედებს არა იმდენად ცხიმების დაგროვებაზე, რამდენადაც მათ გადანაწილებაზე. კლიმაქსის დროს ცხიმი წელის არეში იყრის თავს, სიმსუქნის მიზეზი კი უმოძრაობა ხდება.

მოწევაზე უარის თქმა

ადამიანებმა, რომლებიც სიგარეტზე უარის თქმას აპირებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ პირველ პერიოდში წონა იმატებს. საქმე ის არის, რომ ყოფილი მწეველი ადრინდელზე უკეთ გრძნობს გემოს და შესაბამისად, უძლიერდება მადა. თუმცა, საბედნიეროდ, ორიოდე თვის შემდეგ ეს სიმპტომები ქრება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS