გამომშრალი კანი მზეზე ადვილად იწვება და ღიზიანდება, მიდრეკილია ჰიპერპიგმენტაციისკენ და რაც მთავარია, ნაადრევად იწყებს დაბერებას.
როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ სილამაზე?
დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებმა იციან, რომ დღეში 2 ლიტრი ან 8 ჭიქა წყალი უნდა დალიონ. ეს საერთო წესია, თუმცა რაოდენობის კორექტირება ინდივიდუალურადაც შეიძლება. მეცნიერების გამოანგარიშებით, დღეში იმდენი წყალი უნდა დალიოთ, რომ სხეული წონის თითო კილოგრამზე 30 მილილიტრი მოდიოდეს.
აუცილებლად ისარგებლეთ საზაფხულო კოსმეტიკით, მასში შემავალი კომპონენტები სპეციალურად ცხელი სეზონისთვისაა გათვლილი და კანს საჭირო საკვებსა და ტენს აწვდიან.
უარი თქვით მკაცრ დიეტაზე
დიეტების უმეტესობის მზაკვრობა სწორედ ის გახლავთ, რომ პირველი კილოგრამები, რომლებსაც სიხარულით იშორებთ, ცხიმის კი არა, სწორედ სითხისა კუნთების ხარჯზე მოდის. გაუწყლოებისას კი უარესდება არა მარტო ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, არამედ კანის გარეგნული სახეც. კანი დუნდება, ჩნდება ნაოჭები, უფრო მეტიც, მიმიკური ნაოჭებიც კი უფრო შესამჩნევი ხდება. ასე რომ, პლაჟისთვის მომზადება მკაცრი დიეტით კი არ დაიწყო, არამედ აქტიური ფიზიკური ვარჯიშითა და რაციონალური კვებით.
თქვენი საზაფხულო მენიუ მდიდარი უნდა იყოს ხილ-ბოსტნეულით, მწვანილით, რძემჟავა პროდუქტებით. ჯანსარი კვებით მტანჯველი დიეტების გარეშეც შეძლებთ ზედმეტ კილოგრამებთან გამოთხოვებას.
მიიღეთ გრილი შხაპი
ცხელი წყალი ხელს უწყობს კანის გამოშრობას, ამიტომ კარგი იქნება, თუ გრილი წყლით დაბანს მიეჩვევით. ამისთვის საუკეთესო დრო სწორედ ზაფხულია.
გრილი წყალი ტონუსს მატებს ორგანიზმს, კანი კი უფრო გლუვი და მკვრივი ხდება.
შეგიძლიათ სახესა და ყელზე ყინულის კუბიკებით მასაჟიც გაიკეთოთ. ყინულის კუბიკების სხვადასხვა საასრგებლო ბალახის ნაყენით დაამზადეთ.
ჩაიცვით ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი
მჭიდრო და სინთეტიკური ქსოვილის ტანსაცმელი ხელს უწყობს ჭარბი რაოდენობით ოფლის გამოყოფას და სხეულის გადახურებას, რამაც შეიძლება ორგანიზმის გაუწყლოებაც გამოიწვიოს. ასე რომ, შეეცადეთ თქვენი საზაფხულო გარდერობი სელის, ბამბის, აბრეშუმის ტანსაცმლით შეავსოთ. სასურველია, სამოსი თავისუფალი იყოს და ტანზე მჭიდროდ არ იყოს მომდგარი.