ნინო: 15 წლის ვიყავი როცა დედა გარდამეცვალა. სიკვდილის წინ მითხრა: ''თუ გინდა ბედნიერი იყო შეიყვარე ადამიანები და მათზე იზრუნე." დედაჩემის რჩევით 10 წელი ვიხემძღვანელე, 25 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ძალიან შევცდი.
გიორგი უნივერსიტეტში გავიცანი. ჩვენს კურსზე ყველაზე ლამაზი ბიჭი იყო. ჩემზე ორი თავით მაღალი, მხარ-ბეჭიანი, ახოვანი, მწვანე თვალები და ხვეული წაბლისფერი თმა ჰქონდა. ჩემზე შეუხედავიაო არ ითქმის,
შეყვარებულობიდან ექვს თვეში გიორგი სასიკვდილოდ სცემეს, გავიგე რომ 18 000 ვალი ჰქონია. მამაჩემს ჩავაკითხე სოფელში და ბინა ჩემზე გადმოვაფორმებინე. დაუფიქრებლად გავყიდე და გიორგის ვალი დავფარე. დავრჩი უსახლკაროდ. გიორგისთან ერთად ნაქირავებში უნდა მეცხოვრა, სხვა გზა არ მქონდა. გიოს დაოჯახებაზე ხმა არ ამოუღია, ამიტომ მეზობლები გამუდმებით ჩემზე ჭორაობდნენ. უნივერსიტეტი დავამთავრეთ, მაგრამ მაგისტრატურაზე არც ერთს არ ჩაგვიბარებია. მე სამსახური ადვილად ვიშოვე, გიორგის - გაუჭირდა. თავიდან ბინის ქირა, კომუნალურები და საჭმელი ჩემს კისერზე იყო, მერე გიორგიც შემომეშველა...
2015 წლის დეკემბრის დასაწყისში გიო თაღლითობისთვის დაიჭირეს. სასამართლო გაიმართა და გირაო დააკისრეს. ბანკიდან სესხი გამოვიტანე, მეგობრებისგანაც ვისესხე ფული, დედაჩემის დანატოვარი ოქროულობა გავყიდე და საჭირო თანხა შევაგროვე.
გიორგი ციხიდან დავიხსენი, საახალწლოდ მოკრძალებული სუფრა გავაწყვე, ის კი ღამე სახლში საერთოდ არ მოვიდა. არც პირველ იანვარს გამოჩენილა. ძალიან მეტკინა გული. ორ იანვარს შინ დაბრუნებულმა პირდაპირ საძინებლისკენ აიღო გეზი, უსიტყვოდ დაძინებას აპირებდა. შენი ნერვები არ მაქვსო მზერით მანიშნა. თავი ვერ შევიკავე. ძალიან ვიჩხუბეთ. გიორგიმ ცხოვრებაში პირველად ხელი დამარტყა. შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული ვიყავი. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ყველა სიკეთის შემდეგ გიორგიმ მადლობა ასე გადამიხადა. ბედობა დღე ტირილში გავატარე. სამ იანვარს საუკეთესო მეგობარმა ეკამ თავისთან დამპატიჟა. ეკა სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობს. სათქმელს შორიდან მოუარა, მაგრამ საბოლოოდ მითხრა:
- ჩემი სამსახურის წინ გიორგის ხშირად ვხედავ ვიღაც გოგოსთან ერთად. ალბათ ახლოს ცხოვრობს. ვიფიქრე ნათესავია-მეთქი, მაგრამ გუშინ საღამოს ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს. ვიცი გული გატკინა ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ მირჩევნია იცოდე რომ გღალატობენ. შეიძლება მალე სახლიდანაც გაგაგდოს.
გიორგი ძალიან მიყვარს. ალბათ ყველა თავმოყვარე ქალი მიატოვებდა მოღალატე და უმადურ მამაკაცს. არ შემიძლია მისგან წავიდე... მეშინია სახლიდან არ გამაგდოს. მირჩიეთ როგორ დავიბრუნო გიორგის სიყვარული და ფინანსური პრობლემებიდან როგორ ამოვძვრე?
რადა მახარაძე