ნიკა: ერთი კვირის წინ შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. აღმოჩნდა, რომ 19 წელი სიცრუეში გავატარე. ვიცოდი, რომ დედაჩემს და მაჩემს ქორწინებიდან მეექვსე წელს გავუჩნდი. დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დასაფეხმძიმებლად მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდა.
ბოლო სამი თვე ბაბუა ავადმყოფობდა და ლოგინადაც ჩავარდა. ერთ საღამოს
- ლამარა, შენ ნუ გამიჯავრდები და... - მიმართა ბებიაჩემს. ბებია ცრემლმორეული იჯდა და შიგადაშიგ ცხვირს იხოცავდა. - ჩემი მდივანი გახსოვს? ისეთი ლამაზი ქალი იყო. კალმით ნახატი! 7 წლით ვიყავი მასზე უფროსი. მოკლედ... დიდხანს მყავდა საყვარლად. ერთ დღეს გამომიცხადა ორსულად ვარო. გვიანი იყო მუცლის მოშლა. თუმცა საშუალება რომც ყოფილიყო აბორტს არ გავაკეთებინებდი. ბავშვმა რა დააშავა მე თუ ვიცუღლუტე?! (ჩაიცინა)
მუცელი როგორც კი დაეტყო სამსახურიდან გავუშვი. მშობიარობისას დერეფანში ვიჯექი. ისეთი განწირული კივილი ისმოდა ერთი კი ვიფიქრე უკანმოუხედავად გავიქცევი-მეთქი, მაგრამ დავრჩი. გაჩნდა უსაყვარლესი ბიჭი. მე თუ მკითხავ, ჩემი ბავშვობის ალიკვალი. - უეცრად ჩაურთო - ეს ის პერიოდია დედაშენს და მამაშენს შვილი, რომ არ უჩნდებოდათ. - წამიერი პაუზის შემდეგ კი საყვარლის თემას დაუბრუნდა. ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ეს გადახვევა.
- ძალიან დაასუსტა მშობიარობამ. შევთავაზე თუ გინდა საზღვარგარეთ გაგიშვებ, ბავშვს დავიტოვებ და მე მოვუვლი-მეთქი. დიდხანს არ უფიქრია, ისე დამთანხმდა. ალბათ თვითონაც შეეშინდა შვილის უქმროდ გაზრდა. ქართველების ამბავი ხომ იცი, ყველა ენასაა გამობმული. მოვიყვანე ეს ბავშვი ოჯახში. დედაშენი და მამაშენი მოვატყუე თითქოს თავშესაფრიდან წამოგიყვანე... სიხარულით მიგიღეს და შეგიყვარეს. გადავწყვიტეთ შენთვის არასდროს გვეთქვა რომ აყვანილი ხარ.
ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ბაბუაჩემი რაღაც ზღაპარს მიყვებოდა. მშობლებს გავხედე, სახეზე ფერი არ ედოთ.
- შენ გგონია გავგიჟდი? - არა შვილო...
როგორი დასაჯერებელია, რომ კაცი, რომელიც ბაბუაშენი გეგონა შენი მამა აღმოჩნდა, მამა კი - ძმა. დიდხანს არ გავნძრეულვარ. ბაბუა (თუ მამა?!) განაგრძობდა ბუტბუტს. აღარაფერი მესმოდა. მერე ავდექი, სახლის კარი გავიჯახუნე და თბილისის ზღვაზე ავედი. ცუდ ხასიათზე ყოფნისას სულ ბუნებასთან სიახლოვე მირჩევნია. ბუნებამაც ვერ მიშველა! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი დგას.
ბაბუაჩემი მეორე დღეს მართლაც გარდაიცვალა.
არ ვიცი როგორ მოვიქცე... ჩემი ნამდვილი დედის ძიება დავიწყო? არაბიოლოგიურ დედას რძალი დავუძახო? სრული არეულობაა თავში. რამე მირჩიეთ, გთხოვთ.
რადა მახარაძე