04 ოქტომბერი, 2015
"მერჩივნა, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ქუჩის კახპა ყოფილიყო, ვიდრე ჩემი ყოფილი მეუღლის ცოლი..."
როცა ქალი განათხოვარია, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ახალი ოჯახის შექმნას, რადგან პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილის მიმართ მისი პასუხისმგებლობა ორმაგდება.
ქალბატონი ქეთინო მეორედ ორმოცი წლის ასაკში გათხოვდა, მის წინაშე ტრადიციული პრობლემა, მამინაცვალსა და გერს შორის დაძაბული ურთიერთობა, არ მდგარა. ქეთინო ბედნიერი იყო და ყურადღება მოადუნა. სწორედ ეს გახდა მისი საბედისწერო შეცდომა.

- ჩემი პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა. დედისერთა ვიყავი, მეუღლე მრავალშვილიანი, გაჭირვებული ოჯახიდან იყო. გიას ექვსი ძმა ჰყავ
და, შესაბამისად, ისეთ ქალს ეძებდა, ზესიძედ რომ შეაფარებდა თავს და სიდედრ-სიმამრის დანატოვარი ქონების ბატონ-პატრონი გახდებოდა. მე კი ის უანგაროდ მიყვარდა. ვცდილობდი, ახალი ოჯახის სრულუფლებიან წევრად ეგრძნო თავი. ხშირად ზედმეტიც მომდიოდა, მშობლების ხარჯზე მის განებივრებას ვცდილობდი. დედა მაფრთხილებდა, შენს მზრუნველობას არავინ დააფასებს, ბოლოს შეურაცხყოფილი და გულნატკენი დარჩებიო, მაგრამ როცა შეყვარებული ხარ, გონივრული განსჯის უნარი გეკარგება. გიამ ნელ-ნელა ჩვენს ოჯახში მყარად მოიკიდა ფეხი, ტონს აუწია, პრეტენზიული და უხეში გახდა.

- ოჯახი ამის გამო დაანგრიეთ?
- ეს დასაწყისი იყო, თუმცა გიას გარეშე ცხოვრება მაინც ვერ წარმომედგინა, მისი უხასიათობის მიზეზს ისევ საკუთარ თავში ვეძებდი. ყურადღება გავაათმაგე, ხშირად ეს ჩემი თავმოყვარეობის შელახვის მიზეზი ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სიყვარულის გადასარჩენად ყველანაირი მეთოდით უნდა მებრძოლა... მალე გიას ახალი გატაცება გაუჩნდა, მას მაიკო ერქვა და საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა. ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ვახერხებდი, ჩემი ქმრისა და მისი საყვარლის ფარულ შეხვედრებზე თვალი დამეხუჭა. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა ცოლი ქმრის ღალატს არ იმჩნევს, მეუღლის მიმართ ჩვეულ სითბოსა და მზრუნველობას ინარჩუნებს და ქმარიც ნელ-ნელა ხვდება, რომ ოჯახის დანგრევა ფლირტისა და ვნების გამო არ ღირს.

- თუ ამდენს ითმენდით, გიამ სახლიდან გაქცევა როგორ მოახერხა?
- როცა საყვარელი გყავს, მისი ეკონომიკური უზრუნველყოფაც შენი მოვალეობაა. ყოველ შემთხვევაში, გია ასე ფიქრობდა. რადგან თვითონ უმუშევარი იყო და ჩემი მშობლები საყვარლის შესანახ ფულს არ მისცემდნენ, ფულის შოვნის გზა გამონახა, ტოტალიზატორს მიაკითხა და რამდენჯერმე გაუმართლა კიდეც. ბოლოს აზარტმა ისე დააკარგვინა თავი, ცოლიც დაავიწყდა და მაიკოც, ტოტალიზატორის მეტი აღარაფერი ახსოვდა, ორჯერ ლოგინში მძინარეს თავზე წამომადგა და ყელში წამიჭირა ხელები, ფული მჭირდება და მომეციო. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა და მამაჩემს ვუთხარი, ვიცი, გიას ჩემ გამო უთმენთ, ახლა მეც მივხვდი, რომ მასთან ცხოვრება შეუძლებელია-მეთქი... იმ დღეს გია, როგორც წესი, შინ შუაღამისას ნამთვრალევი დაბრუნდა, კართან მამაჩემი დახვდა, თავისი ნივთებით სავსე ჩემოდანი ხელში მიაჩეჩა და უთხრა, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო. გია ბრაზისგან აენთო და სიმამრზე დასარტყმელად გაიწია. მამა ყოფილი მოკრივე იყო, ჩემი ქმარი როგორ მოერეოდა, ერთი-ორი ისეთი უთავაზა, გია მაშინვე მიხვდა, საქმე ცუდად არისო და გაიქცა.

- უკან დაბრუნება აღარ უთხოვია?
- სიმართლე გითხრათ, როცა ის გავაგდეთ, ჩემი ქალიშვილის მიმართ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. რაც უნდა ნაძირალა იყოს, შვილს მამა მაინც უყვარს. მაშინ თეონას უკვე რვა წელი უსრულდებოდა და მამასთან განშორება მტკივნეულად განიცადა. მაგრამ გია ბოლომდე ნაძირალა აღმოჩნდა, რადგან მე შერიგებაზე უარი ვუთხარი, შვილთან ურთიერთობაც გაწყვიტა. ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ დაიკარგა...
მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა. მამა გარდაიცვალა, თეონაზე მზრუნველობა მე და დედამ გადმოვიბარეთ და ჩვენი ერთადერთი საფიქრალი მისი მომავალი გახდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც მოსვენება დამაკარგვინა. მასაც გია ერქვა და ჩემზე რვა წლით უმცროსი იყო. ის ზესტაფონიდან იყო ჩამოსული, თბილისში გაუთხოვარ მამიდასთან ცხოვრობდა და რუსთავში დიდი სასურსათო მაღაზია ჰქონდა გახსნილი. ქალს ყოველთვის ახალისებს თაყვანისმცემელი, მარტოობა ძნელი ასატანია, მაგრამ რვა წლით უმცროს მამაკაცზე გათხოვება ვერ წარმომედგინა. ის კი დაჟინებით ითხოვდა შეუღლებას.

- თეონა როგორ შეხვდა ამ სიახლეს?
- როცა გია საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა, თეონა ნერვიული და აგრესიული გახდა, მაგრამ მათ შორის ყინული ისე სწრაფად გალღვა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. მალე თეონა უკვე განიცდიდა, როცა მამობილი შინ არ იყო, მის მოსვლას ელოდებოდა, სასწავლებელში მომხდარ ამბებს უყვებოდა, ხშირად დილით ადრე დგებოდა, რომ საუზმე თავისი ხელით მოემზადებინა. თეონას აღტაცების პარალელურად გიას დაძაბულობას ვამჩნევდი, დაბნეული იყო და ცდილობდა, საქმე მოემიზეზებინა, რომ თავის ოთახში განმარტოებულიყო. ერთ დღეს კი მითხრა, მამიდაჩემთან ხომ არ გადავიდეთ საცხოვრებლად, თეონა დიდი გოგოა და ბებიასთან ერთად დავტოვოთ, არაფერი გაუჭირდებაო. მეწყინა, ვიფიქრე, რომ ჩემს შვილზე მზრუნველობა მოსწყინდა და გავიბუტე. რა ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ მაშინ დავუშვი, როცა გიას ცალკე გადასვლის უფლება არ მივეცი.

- რას გულისხმობთ?
- თეონამ სწავლაზე საბოლოოდ აიცრუა გული, ბოლმდე გიას მიეჯაჭვა, როცა ის სახლში არ იყო, თეონა თავის ოთახში შეიკეტებოდა და სადღაც მესიჯებს აგზავნიდა. უკვე რაღაც ეჭვები გამიჩნდა, მაგრამ ეს ისეთი ეჭვები იყო, საკუთარ თავთან გამხელისაც რომ მეშინოდა. თეონასთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა მეთქვა. ისევ გიას გადავუკარი რამდენჯერმე სიტყვა, მაგრამ ჩემმა ქმარმა ისე დაიჭირა თავი, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა. საშინელმა წინათგრძნობამ შემიპყრო, უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, სიმართლე გამერკვია, მაგრამ დავაგვიანე... ერთ დღეს, დეკემბრის ბოლო იყო, სახლში დაბრუნებულს თეონა შინ არ დამხვდა. დედაჩემი თავის დასთან სტუმრად იყო წასული და მისგანაც ვერაფერი გავიგე. როცა ჩემმა ქალიშვილმა ძალიან დააგვიანა, მის ოთახში შევედი, შევნიშნე, რომ თეონას გარდერობი ცარიელი იყო, მას ყველა ნივთი წაეღო და წასულიყო. ქალიშვილმა მხოლოდ გვიან ღამით დამირეკა და მითხრა, - დედა მაპატიე, გიას გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მასთან ერთად გავიპარეო. - მეტი არაფერი მახსოვს, იატაკზე უგონოდ დავეცი. იმ ღამეს ნერვული შოკით საავადმყოფოში გადამიყვანეს და რამდენიმე კვირა დამჭირდა მკურნალობა. როცა გამოვკეთდი, შევეცადე გია და თეონა მომეძებნა, მაგრამ მათ გზა-კვალს ვერ მივაგენი.

- თქვენი აზრით, ამ რომანის წამოწყება ვისი ინიციატივა იყო?
- მისი საქციელიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ თეონამ იაქტიურა, მაგრამ გია მაინც საშინლად მოიქცა... გარეთ ვეღარ გავდივარ, ხალხის დანახვის მეშინია, რამე რომ მკითხონ, რა უნდა ვუპასუხო. მერჩივნა, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ქუჩის კახპა ყოფილიყო, ვიდრე ჩემი ყოფილი მეუღლის ცოლი.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ვუდი ალენი....
ვუდი ალენის თავგადასავალი.... ცოლად ყოფილი გერი ჰყავს....
11:10 / 12-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ვანო
ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, ანალოგიორი სიტუაციიდან ალბაშ 70% ასეთივე შედეგით მთავრდება
10:39 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
ამიტომ, სულელო ქალებო, ვისაც შვილი გყავთ გოგო, სანამ გათხოვდებით მეორედ და მესამედ უნდა იფიქროთ, რომ ის თქვენი "სიყვარული" თქვენს შვილს ყოველთვის შეხედავს, როგორც ქალს და ასეთი დასასრულისთვის მზად უნდა იყოთ.
13:28 / 05-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
როგორ შემეცოდა ეს ქალი. შვილი რომ ესე გაწირავს სხვისგან რას უნდა ელოდოს? ის ქმარიც კარგი უნამუსო და უცირცხვილო ყოლია.
17:01 / 04-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS